“ქრისტიან-დემოკრატებსა” და “სოციალ-დემოკრატებს” შორის კოალიციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მომდევნო დღეებში დაიწყება. ამის შესახებ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მერცმა აღნიშნა, რომ “ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა” და “სოციალ-დემოკრატიულ პარტიას” შორის კოალიციის შექმნის შესახებ საწყისი საუბრები უკვე შედგა და მათი მიზანია, რომ ახალი მთავრობა აღდგომისთვის (20 აპრილისთვის) ჩამოყალიბდეს.
მერცმა, რომელიც დიდი ალბათობით გერმანიის შემდეგი კანცლერი იქნება, აღნიშნა, რომ მისი მიზანია გერმანიის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, განსაკუთრებით აშშ-სთან გაურკვეველი ურთიერთობებისა და გერმანიის, როგორც ევროპაში უდიდესი ეკონომიკის, სტაგნაციის ფონზე.
