გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, აშშ მზად არის იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი. ამის შესახებ მერცმა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ZDF-ის ეთერში ისაუბრა.
“კარგი ამბავი ის არის, რომ ამერიკა მზადაა უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობისთვის და ამას მხოლოდ ევროპელებს არ უტოვებს”. – თქვა მერცმა.
ამასთან, მერცის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს ვაშინგტონში ორშაბათს შეხვდება, რის შემდეგაც უნდა გაიმართოს სამმხრივი შეხვედრა ტრამპს, პუტინსა და ზელენსკის შორის, რაც შეიძლება მალე – სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით.
“თუ ეს გამოვა, ცეცხლის შეწყვეტაზე ბევრად უფრო ღირებული იქნება”. – დაამატა მერცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად ჩანს მოლაპარაკებებისთვის ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე დაყრდნობით და არა იმ უკრაინული რეგიონის საზღვრებზე, რომელზეც ის პრეტენზიას აცხადებს.
“ეს უდიდესი განსხვავებაა, რადგან რუსეთი პრეტენზიას აცხადებს ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც ჯერ არ დაუკავებია”. – აღნიშნა მერცმა.
გარდა ამისა, როგორც მერცმა კიდევ ერთ გერმანულ არხთან n-tv-სთან საუბარში თქვა, რომ ის არ ფიქრობს, რომ ზელენსკი ვაშინგტონში ისეთ სირთულეებს წააწყდება, როგორის წინაშეც თებერვალში ტრამპთან შეხვედრის დროს დადგა. მერცის თქმით, ევროპელი ლიდერები ზელენსკის შეხვედრისთვის მომზადებაში დაეხმარებიან.
“რამდენიმე კარგ რჩევას მივცემთ”. – თქვა მერცმა.