ფრანჩაიზინგის სისტემაზე გადავედით და დღეს ჩვენი ფრანშიზის მიმღები უკვე 13 მაღაზიაა – სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პოპიტო“

„რადიო „კომერსანტი“ არის ის სივრცე, სადაც ბიზნესი ბიზნესს ელაპარაკება“, – ასე მიმართა ლევან კობერიძემ გადაცემაში მისულ სტუმრებს, რომლებმაც მსმენელს წარმატებული ბიზნესის 17 წლიანი გამოცდილება გაუზიარეს.
ლევან კობერიძის საავტორო გადაცემას „ბრენდი საქართველო“ ამჯერად სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „პოპიტოს“ დამფუძნებელი მანანა მაჭარაშვილი და „პოპიტოს“ ბრენდის მმართველი პარტნიორი მარიამ ბაჯაძე სტუმრობდნენ.
მანანა მაჭარაშვილის ინფორმაციით, „პოპიტოს“ პირველი მაღაზია 2008 წლის 1-ელ ივლისს რუსთავში გაიხსნა და საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე სულ რაღაც ერთ თვეში დადგა, როცა საქართველოს თავს დაესხა და ომი დაიწყო. სირთულეების მიუხედავად, საოჯახო ბიზნესმა სწორად განვითარება მოახერხა და 17 წლის შემდეგ, „პოპიტო“ ბაზარზე უკვე 13 მაღაზიით არის წარმოდგენილი.
„თავიდან ეს იყო მხოლოდ საოჯახო ბიზნესი, რომელშიც ჩვენი მცირეწლოვანი შვილებიც კი იყვნენ ჩართულები. ეს იყო მაშინდელი დროისთვის განსხვავებული მაღაზია, სადაც მომხმარებელს შეეძლო, მოსულიყო და აერჩია სასურველი სათამაშო, რამაც საკმაოდ კარგი რეზონანსიც გამოიწვია. სამწუხაროდ, მალევე დაიწყო ომი, რამაც ძალიან შეგვაშფოთა, გარკვეულწილად, დაგვაბრკოლა, თუმცა, ადგილობრივი მომწოდებლები მაინც მოვიძიეთ, რამდენიმე წელიწადში კი შევძელით, საერთაშორისო მომწოდებლებზეც გავსულიყავით“, – ასე იხსენებს ბიზნესის დაწყებას მანანა მაჭარაშვილი.
როგორც ლევან კობერიძე აღნიშნავს, ბიზნესში ადვილი არც ერთი ნაბიჯი არ არის. აქედან გამომდინარე, მით უფრო დასაფასებელია ის, რომ ომის პირობებშიც კი საოჯახო ბიზნესმა არათუ არსებობა გააგრძელა, ბრენდად ჩამოყალიბება შეძლო.
დღეს უკვე „პოპიტო“ ფრანჩაიზინგის სისტემაზე გადავიდა, ახალი ბიზნეს მოდელის დანერგვაზე კი დამფუძნებლის დისშვილი, მარიამ ბაჯაძე ზრუნავს.
„შევქმენით ფრანჩაიზინგის სისტემა, ავაწყვეთ ბიზნეს მოდელი და დღეს „პოპიტოს“ ფრანშიზის მიმღები 13 მაღაზიაა. რაც მთავარია, ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ექნება სურვილი, ბიზნესში შემოგვიერთდეს, შეუძლია ჩვენი ფრანშიზა მიიღოს“, – ამბობს მარიამ ბაჯაძე.
მისივე ინფორმაციით, „პოპიტოს“ პროდუქცია ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და ამ მიმართულებას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. რაც მნიშვნელოვანია, მომხმარებელს „პოპიტო“ იმავე ევროპული სტანდარტის სათამაშოებზე ყველასგან გამორჩეულ და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
„ფასების გარდა, მომხმარებელს ინდივიდუალურ შეთავაზებებსა და სიურპრიზებსაც ვთავაზობთ. უფრო ზუსტად, ყოველი შენაძენი სიურპრიზთან არის დაკავშირებული, რომელიც ბავშვებს დამატებით ემოციებს მოუტანს“, – განმარტავს „პოპიტოს“ ბრენდის მმართველი პარტნიორი.