ფრაგმენტი კვლევიდან: ოპოზიციის მხარდამჭერები მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტს ემხრობიან

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, თავისი ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევიდან ერთ ფრაგმენტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ განწყობებს შეეხება.
იაგო კაჭკაჭიშვილის თანახმად კვლევის საველე სამუშაოები 30 ივნისს დასრულდა (უცნობია დაწყების თარიღი) გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, კვლევა დაფინანსებულია “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”-ის მიერ.
გამოქვეყნებული ამონარიდის მიხედვით, პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების უმრავლესობა ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას.
კერძოდ, პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების პოზიციები ასეთია:
· 43,3% — ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ;
· 26,2% — ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღონ, თუ მანამდე ან მასთან ერთად ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო ;
· 20,5% — ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ ოპოზიციურმა პარტიებმა იმის მიუხედავად, ჩატარდება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
საგულისხმოა, რომ საქართველოს მთელ მოსახლეობაში უფრო მეტი – 45.5% ემხრობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას.
38.1% მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს ან საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში მიიღონ მონაწილეობა.
“ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” მხარდამჭერთა 70.4 % კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უპირობოდ უნდა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.
“პრეზენტაციამდე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ გამოკითხვის ერთ-ერთ ყველაზე „ცხელ“ შედეგს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.

საქართველოს მოსახლეობაში უფრო მეტია იმათი წილი (45.5%), ვინც იზიარებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უპირობოდ უნდა მიიღონ.

თუმცა, საქართველოს მოსახლეობაში შედიან თბილისელებიც, არათბილისელებიც, ქალაქელებიც და სოფლელებიც, ოპოზიციური და ქ/ოცნების ამომრჩევლებიც და ა.შ.

ამდენად, ჭრილებია საინტერესო.

დართულ დიაგრამაზე თავად ნახავთ დეტალურ მონაცემებს. თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებში: ა) წამყვანია ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის იდეა (43.3%), ბ) ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ემხრობა 26.2%, ხოლო გ) ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის უპირობო მონაწილეობას მხარს უჭერს 20.5%.
აქვე, საინტერესოა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, ყოველგვარი დათქმის გარეშე, გამორჩეულად უჭერენ მხარს ქ/ოცნების ამომრჩევლები (70.4%)”, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.
რადიო თავისუფლებისთვის უცნობია და გამოკვლევის ავტორებთან ცდილობს იმის გარკვევას, რამდენად წარმომადგენლობითი იყო კვლევა, როგორი იყო გამოპასუხების მაჩვენებელი და ცდომილება (საერთო და რეგიონები), რა ასაკობრივი ჯგუფი გამოიკითხა, როდის დაიწყო საველე სამუშაოები და სხვა.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის მონაცემებით, რომლის ნაწილიც იაგო კაჭკაჭიშვილმა ივნისის შუა რიცხვებში გამოაქვეყნა, გამოკითხული მოსახლეობის 54,5% ემხრობა ოპოზიციის მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში.
კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას განწყობა ასე ნაწილდება:
· დიახ – 54,4 %,
· არა – 22,3%
· არ ვიცი/ უარი პასუხზე – 23,2% .
სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა დამატებით განმარტა, რომ პროევროპულად განწყობილი ამომრჩევლების იმ ნაწილში (55%), ვინც მხარს უჭერს ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, უმრავლესობა (54%) ემხრობა იმას, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.
რვა ოპოზიციურმა პარტიამ, გუშინ 30 ივნისს განაცხადა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილეობასთან დაკავშირებით.
ხელმომწერი პარტიები არიან:
· „თავისუფლების მოედანი“ („ძლიერი საქართველოს“ კოალიციის ყოფილი წევრი)
· „ევროპული საქართველო“
· „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
· „სტრატეგია აღმაშენებელი“
· „ახალი“
· „გირჩი-მეტი თავისუფლება“
· „დროა“
· „ფედერალისტები“
ამ რვა პარტიას შორის არ არიან არც „ლელო“ და არც გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“.
პარტიების ამ შეთანხმების საფუძველზე, პოლიტიკოსებმა, „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. ხოშტარიას თქმით, შიმშილობა შეწყვიტა მათთან ერთად მოშიმშილე სამმა აქტივისტმა: ბაჩო კუციამ, ვასილ ელიავამ და გიორგი სტეპანოვმა.
გორელმა აქტივისტმა ვახტანგ ფიცხელაურმა, – რომელიც შაბათიდან მოყოლებული შიმშილობდა პარლამენტთან, – ასევე შეწყვიტა შიმშილობა.
ფორუმი