ტელეკომპანია “ფორმულა” გადაცემების ნაწილს ხურავს. ამის შესახებ ტელეარხმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
კონტრაქტები შეწყდება თანამშრომელთა ნაწილთანაც, საუბარია ათეულობით მათგანზე.
“ჩვენი მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის…
მოცემული რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, 2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებისა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში შედეგის მისაღწევად ტელეკომპანია „ფორმულა“ გადაწყვეტილებას იღებს არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე, რაც, ვფიქრობთ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის”, – წერია არხის გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეარხს დასახური გადაცემების ჩამონათვალი არ გაუვრცელებია. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არხზე აღარ გავა: დილის გადაცემა, ბიზნესი, “მოდი, ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან” და ა.შ. განიხილება რამდენიმე გადაცემის ფორმატის შეცვლაც, მათ შორის “შაბათის ფორმულისა” და “დროების”.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ასევე განიხილება, რომ დღის განმავლობაში პირველი საინფორმაციო გამოშვება არხზე 11:00 საათზე გავიდეს, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება გაუქმდეს დილის სხვა გამოშვებები 8, 9 და 10 საათზე.
“ფორმულის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნანა ინწკირველი უარყოფს, რომ განიხილება, არხზე აღარ გავიდეს დილის საინფორმაციო გამოშვებები.
“თქვენგან მესმის პირველად. იმის გარდა, რაც განცხადებაში წერია, მეტი არაფერი ვიცი…. ჯერ არ გადაწყვეტილა არაფერი, ერთი თვის განმავლობაში ვმუშაობთ იმავე ფორმატით… ჯერ მსგავსი საკითხი არ განხილულა”, – ამბობს ინწკირველი.
რადიო თავისუფლება ცდილობს არხის დირექტორთან, ზუკა გუმბარიძესთან დაკავშირებას. კომენტარი, მიღების შემთხვევაში, მასალაში აისახება.
მასალა განახლდება