„ფონდი „ქართუ“მთაწმინდის ფერდის და კუს ტბის მიმდებარედ 400 ჰექტარზე მეტ ტერიტორიის აღდგენას ახორციელებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერიამ ბოლო 4 წლის განმავლობაში, თბილისის მიმდებარედ, 37 ჰექტარზე აღადგინა და გააშენა დეგრადირებულ ტყის ფართობები.
„დიდ ყურადღებას ვუთმობთ ტყის მასივების მოვლას, აღდგენას და გაშენებას. ბევრი პროექტი ახლაც მიმდინარეობს. ფონდი „ქართუ“ მთაწმინდის ფერდის და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის აღდგენას ახორციელებს, საუბარია 400 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე, რომლის აღდგენა მიმდინარეობს. აღნიშნული ფერდი არის უმძიმეს მდგომარეობაში. საქველმოქმედო ფონდის მხრიდან იხარჯება თანხები, რომ მოეწყოს სარწყავი არხეები, დაირგოს ახალი ხე-მცენარეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული ფერდი ქალაქის ფილტვებს წარმოადგენს.
გარდა ამისა, მერიამ ბოლო 4 წლის განმავლობაში, თბილისის მიმდებარედ, 37 ჰექტარზე აღადგინა და გააშენა დეგრადირებულ ტყის ფართობები და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 ჰექტარზე გამწვანების სამუშაოები ჩაატარა“, – განაცხადა კახა კალაძემ.