ფოკუსირებულნი ვართ, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს – USAID-ის მაღალჩინოსანი

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორი, ელჩი ერინ ელიზაბეთ მაქიი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ფოკუსირებულია იმაზე, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიის გზაზე.
„კავკასიაში ჩვენ ამჟამად ახალ გამოწვევებს ვუპასუხებთ, მაგრამ ვხედავთ ახალ შესაძლებლობებსაც“, – განაცხადა ელჩმა მაქიიმ 26 ივნისს ვაშინგტონში, კონგრესში, ერთ-ერთ კომიტეტზე 2024-2025 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის განხილვაზე.
„საქართველოში ფოკუსირებულნი ვართ იმაზე, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიულ გზაზე და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამ ოქტომბერში და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ დაიბრუნებს ევროკავშირში ინტეგრაციის იმპულსს“, – განაცხადა მან.
„მმართველი პარტიის მიერ უცხოეთის აგენტების კანონის მიღება და ანტიდასავლური რიტორიკა ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და ხაზს უსვამს USAID-ის დახმარებას იქ დემოკრატიული ძალების მხარდაჭერის საქმეში“, – განაცხადა ელჩმა მაქიიმ.
იმავე მოსმენაზე ჯიმ ო'ბრაიენმა, სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ხელს უშლის ევროინტეგრაციას, რაც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული.
„საქართველოს კონსტიტუციაში, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიღებულ რედაქციაში წერია, რომ ქვეყანას სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. ევროკავშირმა ამ კვირაში და ჩვენც, არაერთხელ, საჯაროდ და პირადად, განვუმარტეთ, რომ ეს ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ, უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, ჩინური კომპანიისათვის პორტის კონტრაქტის ფორმულირება, – ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის გზას ნატოსა და ევროკავშირისკენ, რასაც საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უჭერს მხარს“, – განაცხადა ჯიმ ო'ბრაიენმა.
ელჩმა მაკკიმ ასევე განაცხადა, რომ კავკასიის რეგიონში, საქართველოს გარდა, USAID-ი ფოკუსირებულია სომხეთის დახმარებაზე:
„სომხეთში ვიყენებთ შესაძლებლობას, რომ ხელი შევუწყოთ დემოკრატიულ რეფორმირებას, გავაძლიეროთ ეკონომიკა და გავზარდოთ მდგრადობა საგარეო საფრთხეებისგან დასაცავად“, – თქვა მან.
კავკასიაზე საუბრისას ელჩმა მაკკიმ ასევე განაცხადა, რომ აძლიერებს მუშაობას „შუა დერეფანზე“, რაც, მისი სიტყვებით, არის „მნიშვნელოვანი გზა, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან, რაც ახდენს საქონლისა და სერვისების მიწოდების დივერსიფიკაციას და ამცირებს ს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ირანზე გამავალ გზებზე“.
2024 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.
კანონს ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა.
პროტესტი გრძელდება.
კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ