ფოთის პორტის გაფართოების დამუხრუჭება ანაკლიაში ჩინური ინვესტიციის შემოსვლას ხომ არ უკავშირდება?! – მოსაზრება

სახელმწიფო ს პორტის გაფართოებას, ანაკლიაში ჩინური ინვესტიციის შემოსვლის გამო ხომ არ აფერხებს? – ეს მოსაზრება თელარა გელანტიას გადაცემა “წერტილში” “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა გამოთქვა.
პაატა ცაგარეიშვილი იმ ასპექტებზე საუბრობს, რაც აჩენს ეჭვს, რომ APM Terminals-ის გაფართოება ხელოვნურად მუხრუჭდება.
“2003 წლიდან, მაშინდელი ხელისუფლებიდან არის ფოთის ნავსადგურის ჩრდილოეთ გაფართოებაზე საუბარი. თუმცა, ისიც უნდა აღნიშნოს, რომ პორტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მხრიდან, პირადად მაქვს მოსმენილი, რომ 3-5%-ით საკონტეინერო ტვირთების ზრდის შემთხვევაში, გაფართოების თემა აქტუალური არაა. მოგეხსენებათ, სატრანსპორტო დერეფანი და ინფრასტრუქტურა ცოცხალი ორგანიზმია და ეს რეალობა შეიცვალა. 2023 წელს 593 ათასი ერთეული კონტეინერი გადამუშავდა. 2022 წელს 67%-ით გაიზარდა ნაკადი. ანუ, ეს არის მზარდი მიმართულება. ამიტომ, ნავსადგურის ბიზნესის ორიენტაცია უნდა იყოს, რომ მოერგოს ამ რეალობას. აქედან გამომდინარე, ალბათ დამაფიქრებელი შეკითხვაა – ფოთის პორტის გაფართოების დამუხრუჭება ხომ არ უკავშირდება ჩინური ინვესტიციის შემოსვლას ანაკლიაში?! იმისთვის, რომ გარკვეულწილად მეტი მწვანე მიმართულება მიეცეს ჩინურ ინვესტიციებს და ჩინური ტვირთნაკადის შემოსვლას ანაკლიის ნავსადგურში და გარკვეულწილად დამუხრუჭდეს ფოთის ნავსადგურის გაფართოება. აქ [ფოთში] საუბარია 200-320 მლნ დოლარის ინვესტიციაზე, 13.5 მეტრზე დაღრმავებაზე, რაც თითქმის ღრმაწყლოვანი მიმართულებაა. ასევე, ახალი ამწე დანადგარების და ახალი კედლის შემოსასვლელი არხის მოწყობაზე.
ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ რომ „APM ტერმინალს ფოთის” გვერდით სიმბოლურ ფასად ეძლევა ინვესტორს მიწა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როცა ასეთი მასშტაბის ზრდა გვაქვს საკონტეინერო მიმართულებით და უკვე ზღვარზეა მისული სიმძლავრე, აუცილებლად გადასაწყვეტია ეს საკითხი, რომ ნავსადგურს მიეცეს გაფართოების შესაძლებლობა. ზუსტად ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია, რომ გზა არის გასაკეთებელი, თუ ნატანია ჩამოტანილი, უსაშველოდ არ გაწელოს ეს ამბავი”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა “წერტილში”.
bm.ge