ამერიკელი მარკ ფოგელის სანაცვლოდ რუსეთში აშშ-იდან დაბრუნდება იქ პატიმრობაში მყოფი რუსეთის მოქალაქე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დაბრუნება მოხდება “რამდენიმე დღეში”, ხოლო გათავისუფლებული მამაკაცის სახელი ცნობილი გახდება, როდესაც ის უკვე რუსეთში იქნება. აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში იმ სპეკულაციების პასუხად, რომ სავარაუდოდ საუბარია ალექსანდრ ვინნიკის გათავისუფლებაზე.
ვინნიკი არის კრიპტოვალუტის ბირჟის BTC-e-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ის 2017 წელს დააკავეს გამოძალვის, პირადი მონაცემების ქურდობისა და ნარკოტრაფიკის ხელშეწყობის ბრალდებით. 2024 წლის მაისში ვინნიკმა აღიარა ბრალეულობა ფულის გათეთრების შეთქმულებაში. მას ჯერ არ აქვს მისჯილი აღკვეთის ღონისძიება, საქმე სასამართლოში განიხილება. ადვოკატის ვარაუდით ვინნიკს ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
მარკ ფოგელი, ამერიკელი ისტორიის მასწავლებელი, რომელიც რუსეთში იმყოფებოდა პატიმრობაში, 11 თებერვალს გაათავისუფლეს. იგი უკვე დაბრუნდა აშშ-ში.
ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა „გაცვლის შესახებ მოილაპარაკეს“ ფოგელის განთავისუფლების უზრუნველსაყოფად. მას არ უთქვამს, რას ითვალისწინებს გარიგება ამერიკის მხრიდან.
ფოგელი 2021 წლის აგვისტოში დააკავეს და ის 14-წლიან პატიმრობას იხდიდა. მისმა ოჯახმა და მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ რუსეთში მოგზაურობისას მას თან ჰქონდა ექიმის მიერ გამოწერილი სამედიცინო მარიხუანა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დეკემბერში ფოგელი არამართლზომიერად დაპატიმრებულად ცნო.
ფოგელის გათავისუფლებას თეთრმა სახლმა უწოდა დიპლომატიური დათბობა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასასრულებლად.