სლოვაკეთის პრემიერმინისტრზე, რობერტ ფიცოზე თავდამსხმელს, მწერალ და აქტივისტ იულაი ცინტულას შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.
ცინტულას, რომელმაც ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ჯერ ესროლა, შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. მუხლი 25 წლიდან სამუდამომდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო სტაბილურ, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას დასავლური მედია ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფრანკლინ რუზველტის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, 59 წლის ფიცო, რომელსაც ქალაქ ჰანდლოვაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, 5-საათიანი ოპერაციის შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.
კლინიკის დირექტორის თქმით, სლოვაკეთის პრემიერის მდგომარეობა “ნამდვილად ძალიან სერიოზულია”.