ფინეთმა შეწყვიტა რუსეთთან 2012 წელს გაფორმებული შეთანხმება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ. ფინეთის მთავრობამ გადაწყვეტილება 30 ნოემბერს მიიღო. თანამშრომლობის შეწყვეტის ინიციატორი იყო რუსეთი, რომელმაც შესაბამისი შეტყობინება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოქტომბრის ბოლოს გაუგზავნა.
2012 წელს გაფორმებული შეთანხმება მოქმედებას ოფიციალურად შეწყვეტს 2024 წლის 24 იანვრიდან. დოკუმენტის საფუძველზე ფინეთი და რუსეთი ერთობლივად მუშაობდნენ სასაზღვრო რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.
ნატოს და ევროკავშირის წევრი ფინეთის მთავრობამ ნოემბრის ბოლოს გამოაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებლებისთვის 13 დეკემბრამდე კეტავს რუსეთთან სახმელეთო საზღვარს, სხვებისთვის კი, რვიდან მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი იმუშავებს. ამასთან, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთთან საზღვარს სრულად ჩაკეტავენ.
2023 წლის ნოემბერში რუსეთის ტერიტორიიდან ფინეთში ჩავიდა თავშესაფრის 900-მდე მაძიებელი, მათ შორის სირიის, იემენის, ერაყის და სომალის მოქალაქეები, რომლებიც რუსმა მესაზღვრეებმა შესაბამისი დოკუმენტების გარეშე გაატარეს.
2023 წელს ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ბარიერების მშენებლობა დაიწყო საფრთხის გამო, რომ რუსეთს შესაძლოა, ხელი შეეწყო მესამე ქვეყნებიდან ფინეთში მიგრანტების შეღწევისთვის. მსგავსი მიგრაციული კრიზისი პოლონეთისა და ბელარუსის საზღვართან შეიქმნა 2021 წელს, როცა ათასობით მიგრანტი ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებიდან, ბელარუსის ტერიტორიიდან ცდილობდა პოლონეთის ტერიტორიაზე და იქიდან ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებში შეღწევას.