ფინეთი რუსეთთან საზღვარს 14 აპრილამდე არ გახსნის. შესაბამისი განცხადება ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა გააკეთა.
„მიღებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ რუსეთი თავის ჰიბრიდულ ოპერაციას აგრძელებს. არსებობს იმის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს გრძელვადიან ვითარებას წარმოადგენს. რუსეთის სასაზღვრო ზონაში სულ მცირე ასობით და შესაძლოა ათასობით მიგრანტია, რომლებიც ფინეთში მოგზაურობის გაგრძელებას ელოდებიან“, – განაცხადა ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა.
მარი რანტანენმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების არარსებობის შემთხვევაში, აღმოსავლეთ საზღვრის მეშვეობით ფინეთში ჩასული თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 10-დან 20 ათასამდე იქნებოდა.
ცნობისთვის, გასულ კვირას ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, რომ რუსეთთან ფინეთის აღმოსავლეთი საზღვარი დახურული დარჩება, რადგან ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს.