ფინეთის უზენაესმა სასამართლომ ხელისუფლებას აუკრძალა რუსეთის მხარეს მებრძოლი ნაციონალისტური, სადესანტო-მოიერიშე ჯგუფის, „რუსიჩის“ ერთ-ერთი ყოფილი მეთაურის, ვოისლავ ტორდენის (ყოფილი იან პეტროვსკი) კიევში ექსტრადირება. სასამართლომ მიიჩნია, რომ უკრაინაში რუსეთის მოქალაქის ადამიანურ ღირსებას, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. ამის შესახებ გაზეთ Iltalehti-ზე დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური.
გადაწყვეტილებში ხაზგასმულია, რომ უცხოელის დეპორტაცია, ექსტრადირება ან ფინეთიდან უკან დაბრუნება შეუძლებელია, თუ მას სიკვდილით დასჯა, წამება ან სხვა სახის ისეთი მოპყრობა ემუქრება, რაც ღირსებას ლახავს. სასამართლო რუსეთის მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვს.
გაზეთი Helsingin Sanomat-ი განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზია უკრაინის ციხეებში არსებული ცუდი პირობები, მათ შორის მათი გადატვირთულობა. უკრაინამ ექსტრადიციის მოთხოვნაში განაცხადა, რომ იცავს ადამიანის უფლებათა კონვენციის დებულებებს, თუმცა ფინეთის სასამართლომ მიიჩნია, რომ უკრაინაში ტორდენის მიმართ სათანადო მოპყრობა არ იქნება გარანტირებული.
ტორდენი ზაფხულის შუა რიცხვებში დააკავეს. ის ფინეთში ჩავიდა მეუღლესთან ერთად, რომელმაც მიიღო სასწავლო ვიზა. უკრაინაში ის იძებნებოდა ტერორისტულ საქმიანობაში სავარაუდო მონაწილეობის ბრალდებით, 2014-2015 წლებში ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებში დროს. ნაციონალისტური დაჯგუფება “რუსიჩის” ყოფილი მეთაური შედის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და კიევის მხარდამჭერი სხვა ქვეყნების სანქციების სიებში.
ექსტრადიციის თაობაზე გამართულ სასამართლო პროცესზე ტორდენმა განაცხადა, რომ ფინეთში თავშესაფრის მიღება სურს. 2016 წელს იგი გააძევეს ნორვეგიიდან, რადგან ეროვნული ინტერესების საფრთხედ მიიჩნიეს.
· 2016 წლის ოქტომბერში იან პეტროვსკი (ვოისლავ ტორდენი) ნორვეგიაში დააკავეს. იქ ის ცხოვრობდა და მუშაობდა ერთ ნორვეგიელთან ერთად, რომელიც მემარჯვენე დაჯგუფება „ოდინის ჯარისკაცებთან“ იყო დაკავშირებული. ის იმავე თვეში იქნა დეპორტირებული.
· ჯგუფი „რუსიჩი“ ოფიციალურად 2014 წელს შეიქმნა სანქტ-პეტერბურგში, როგორც „დივერსიულ-საიერიშო სადაზვერვო ჯგუფი რუსიჩი“.
· „რუსიჩი“ აქტიურად იბრძოდა უკრაინაში – რუსეთის რეგულარულ ძალებთან ან სეპარატისტულ შენაერთებთან ერთად. მის მხარდამხარ იყვნენ „რუსეთის იმპერიული მოძრაობის“ წევრებიც. ეს ჯგუფი თეთრი რასის უპირატესობას ქადაგებს. შეერთებულმა შტატებმა ორი წლის წინ აკრძალა ის, როგორც „გლობალური ტერორისტული“ ორგანიზაცია.