ფინანსურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირს ქვეყნის დატოვება აეკრძალება მანამ, ვიდრე ზიანს არ აანაზღაურებს

რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ მანამ, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ. უქმდება ასეთ აკრძალვასთან დაკავშირებული ზედა ზღვარი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოდან გასვლის 16 წლის ვადით აკრძალვით.
ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ სექტემბრის დასაწყისში მიღებული კანონები კიდევ მეტად მკაცრდება. ცვლილებები “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში, “დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონსა და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შედის.
სექტემბრის თვეში მიღებული და ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ფინანსურ დანაშაულებზე მსჯავრდებულებს საქართველოდან გასვლა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ეკრძალებათ და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მეშვეობით გამოიყენება. პარლამენტში წარდგენილი ახალი კანონის პროექტით კი, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე დაეკისრება.
პარლამენტმა 3 სექტემბერს, მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს საქართველოს დატოვებას უზღუდავს და ქვეყნიდან გასვლას 16 წლით უკრძალავს.
მსჯავრდებულს, რომელსაც ზიანის ანაზღაურება ეკისრება, ელექტრონული სამაჯურის ტარება ევალება, ხოლო მას და მის ოჯახის წევრებს ქონება, შესაძლოა, ჩამოერთვას და დაზარალებულის სასარგებლოდ მიექცეს.
ამავე კანონით, მსჯავრდებულს, სანამ ზარალს არ აანაზღაურებს, საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი თანხის ფლობა ეკრძალება; ასეთი პირისთვის ფულის ან ქონების გადაცემა ცალკე დანაშაულად ჩაითვლება და ისჯება ჯარიმით ან ხუთ წლამდე პატიმრობით.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, , თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.
საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილს, როგორც უცხოელ აქტივს საქართველოში, საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად იყენებენ – ის ამას თავისით არ აკეთებს, უნდა ამოვიკითხოთ გეგმა, რომლითაც საქართველოს ამოყირავებას ცდილობენ