ფინანსური დანაშაულისთვის მსჯავრდადებულისთვის ფულის/ქონების გადაცემა დანაშაული იქნება

ფინანსური დანაშაულისთვის მსჯავრდადებული პირისთვის ფულის ან ქონების გადაცემა დანაშაული იქნება. დანაშაული იქნება ამ პირის მიერ ქონების მიღებაც.
სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომელიც გულისხმობს მსჯავრდებულთან უკანონო გარიგების დადებას.
ამის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსური დანაშაულისთვის მსჯავრდადებული პირისთვის, რომელსაც არ შეუსრულებია დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, ერთი თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის მიღება იკრძალება.
ახალი კანონით ასეთი მსჯავრდებულის მიერ საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის მიღება დაისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის გადაცემა დაისჯება ჯარიმით ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
თუ მსჯარვდებულს თანხას იმ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხავენ, რომელიც ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებულ ბანკში აქვს, ან საკუთრებაში უძრავ ქონებას გადასცემენ, მას ყადაღა დაედება და აღსრულებაში მიეცემა დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად.
„[მსჯარვდებულისთვის] ყველა სხვა სარგებლის მიღება და სარგებლის გადაცემა ცალკე დანაშაულად იქნება განსაზღვრული, რაც მიზნად ისახავს დაზარალებულების დაკმაყოფილების ვალდებულების უზრუნველყოფას. ისეთი შემთხვევა რომ არ მოხდეს, მსჯავრდებული ტოვებს საპატიმრო დაწესებულებას, გამოდის გარეთ და მასთან დაახლოებული სხვა პირები თუ ახლო ნათესავები აცხოვრებენ და აძლევენ ფუფუნების საშუალებას – რეალურად პირი იღებს სარგებელს, მაგრამ გაურბის ვალდებულებას, რომ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ამ ყველაფრის პრევენცია მოხდება.
ამავდროულად, თუ პირები გადასცემენ სარგებლობაში, მაგალითად, სახლს, ძვირადღირებულ ავტომობილს, ესეც ჩამორთმევას დაექვემდებარება და მოხდება დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მიქცევა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება ახალი წესით მოხდება და მთელი რიგი საკითხები არა სისხლის სამართლის, არამედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განისაზღვრება.
არჩილ გორდულაძის თქმით, კონკრეტული ზიანის ანაზღაურებისთვის კანონი შემდეგ ქონებებზე გავრცელდება:
· მსჯავრდებულის საკუთრებაში არსებული ქონება სრულად;
· ქონება, რომელიც მსჯავრდებულს დანაშაულის ჩადენის შემდეგ უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლები თანხით აქვს გადაცემული სხვა პირებისთვის;
· მსჯავრდებულის ახლო ნათესავების ის ქონება, რომლის მიღებასთან დაკავშირებით ის დამნაშავედაა ცნობილი ფულის გათეთრებისთვის;
· მსჯავრდებულისა და ახლო ნათესავისთვის ან სხვა პირისთვის გადაცემული ქონებები, მათ შორის, წარსულში, რომელთან დაკავშირებითაც ახლო ნათესავი ან სხვა პირი მსჯავრდებული იქნება ფულის გათეთრებისთვის;
· თუ პირები მსჯავრდებულს გადასცემენ სარგებლობაში უძრავ ან მოძრავ ქონებას, რომლის ღირებულებაც საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი იქნება.
ახალი კანონი გავრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როცა მსჯავრდებული დამნაშავედ არის ცნობილი შემდეგ დანაშაულებზე:
· დიდი ოდენობით თაღლითობა;
· დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა;
· დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მითვისება ან გაფლანგვა;
· ქონებრივი დაზიანება მოტყუებით დიდი ოდენობით;
· სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, (თუ ზიანი აღემატება 10 000 ლარს);
· დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით;
· უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
· კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია.
„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ინიციირებული აქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც რიგ დანაშაულებში მსჯავრდადებულ პირს, სასჯელის მოხდის მიუხედავად, შესაძლოა ქვეყნიდან გასვლა შეეზღუდოს.
„ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ კანონპროექტი მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის საქმით არის ინსპირირებული და მიზნად ისახავს დაზარალებულთათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ეფექტიანი მექანიზმის დანერგვას.
ცვლილებები შედის ხუთ კანონში: „სისხლის სამართლის კოდექსში“, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, „სააღსრულებო წარმოებათა“ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების“ შესახებ კანონებში.