მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ფილოლოგს, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარს რუსუდან კობახიძეს. პოლიციამ ის გუშინ საღამოს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით დააკავა.
ადვოკატი გიორგი ტაბატაძე საქმის წარმოების შეწყვეტას მოითხოვდა და მოსამართლეს სხოვდა მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის იმის დასადგენად, არის თუ რა კანონის ჩანაწერი კონსტიტუციური.
მისი სიტყვებით გზის გადაკეტვის გამო პატიმრობა არის მძიმე სანქცია, როცა გზაზე მოძრაობისას შეიძლება დაეჯახო ვინმეს და ჯარიმა გამოგიწერონ.
შსს-ს იურისტი თინათინ კაჭკაჭიშვილი, არ ეთანხმებოდა მოპასუხე მხარეს. აცხადებდა, რომ 28 ნოემბრიდან გზას კეტავენ დემონსტრანტები და ყოველ ჯერზე ითხოვენ სასამართლოს მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.
„დრაკონულ კანონებს უწოდებთ ხოლმე, მაგრამ ამ დრომდე არ მახსოვს, რომელიმე ადვოკატს მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის… ეს ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას“, – თქვა თინათინ კაჭკაჭიშვილმა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავას თქმით, ამ მუხლის საფუძველზე მოსამართლეებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილებები, შესაბამისად ისინი არაკონსტიტუციურობის საფუძველს ვერ ხედავენ.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რუსუდან კობახიძის წინააღმდეგ გამოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარი წაიკითხა – მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. და რუსუდან კობახიძეს ჰკითხა “პატიმრობის გამომირცხავი საგამონაკლისო შემთხვევა ხომ არ გვაქვთო“.
ადვოკატ: არა, თუმცა ცხრა შვილი ჰყავს.
პატიმრობის გამომრიცხავი გარემოებებია: შშმ პირის სტატუსი, ორსულობა, 12 წლამდე შვილი.
ადვოკატმა გიორგი ტაბატაძემ დღევანდელს სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ არ უარყოფენ რუსიკო კობახიძის რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე ყოფნას.
„ეს კანონი შეკრების თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული და არაკონსტიტუციურია… მკაცრი და არაპროპორციულია. პოლიციამ გამოიყენა უმკაცრესი ზომა პატიმრობა, მათ შეეძლოთ ის დაებარებინათ სასამართლოში, წინააღმდეგობა არ გაუწევია, უთხრეს და წაყვა.. კანონმორჩილი მოქალაქეა, პირველი შემთხვევაა, როცა შეხება აქვს სასამართლოსთან…არის ძალიან ღვაწლმოსილი ქალბატონი, რომელიც მთელი ცხოვრებაა მუშაობს.. ის არის მკვლევარი, მეცნიერი, ლექტორი და მისი დაკავებისა და იზოლატორში ჩასმის საჭიროება არ არსებობდა…
თქვენ შეგიძლიათ ამის გამოსწორება, რომ ამგვარი თვითნებული დაკავებები არ დაკანონდეს, მას უნდა ჰქონდეს საფუძველი, ან მიიმალება, რამეს დააზიანებს…
რადგან ვამბობთ იქ იდგა, უნდა გაითვალისწინოთ თქვენც, როგორც ჩვენი მხრიდან კეთილსინდისიერი საქციელი…
სანქცია არის არაპროპორციული… ამგვარი მოპყრობა და მკაცრი სანქციების დაყენება, განმეორებითზე სისხლის სამართლის პასუსხისმგებლობა… არის მკაცრი სანქცია…. სექსუალურ შევიწროებაზე არის ჯარიმა 150 ლარი….მაგალითი მოვიყვანე იქამდე ავტოსაგზაო შემთხვევის, სანქციის ნაწილში არის არაკონსტიტუციური…”.
შსს-ს იურისტმა რუსუდან კობახიძეს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა:
– შეესწარით როგორ დაიწყო გზის გადაკეტვა?
– დიახ
– შეუერთდით თუ მონაწილეობას იღებდით?
– შევუერთდი
-როცა პოლიციამ მოუწოდა სავალ ნაწილზე გადასვლისკენ ამას მოუსმინეთ?
– დიახ… როცა მოწოდება გაისმა მე უკვე იქ ვიდექი
– ანუ პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილეთ
– არა
– რატომ?
– არაკონსტიტუციურია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია.
ასევე სხოდმაზე გაირკვა, რომ რუსუდან კობახიძის მიმართ გამოცემულია 5 000-ლარიანი სამი ჯარიმა. რის შესახებაც მისთვის ცნობილი არ ყოფილა.
ვინ არის რუსუდან კობახიძე
1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით. 1987-1989 წლებში მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებულ „ვეფხისტყაოსნის კომისიაში“, 1989 წელს ჩააბარა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში ქართველოლოგიის განყოფილებაზე. 1998-2000 წლებში მუშაობდა კერძო სკოლა „ფესვებში“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2012 წლიდან 2017 წლამდე სწავლობდა თსუ ბიზანტიური ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე. 2017 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 2014 წლიდან მუშაობს მკვლევრად და რედაქტორად „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში“. 2018 წლიდან მუშაობს თბილისის მწვანე სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2020 წელს კითხულობს აკადემიური წერის კურსს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამის ფარგლებში.
მონაწილეობა მიუღია საერთაშორისო კონფერენციებში: 2013 – საერთაშორისო კონფერენცია – „ბიზანტინოლოგია საქართველოში – 4“, მოხსენება – „ვენახის ბიბლიური სახისმეტყველებისათვის“.
2014 – საერთაშორისო კონფერენცია – „Topical Issues of Ancient Culture and its Heritage”. მოხსენება – „Typological Correlations of the Symbol of Wine in Byzantine Exegesis”.
კონფერენციებში მონაწილეობა:
2018 – თავისუფალი უნივერსიტეტი – აკადემიური კონფერენცია „საქართველოს პირველი რესპუბლიკა: სამართლებრივი და პოლიტიკური რეტროსპექტივა“. მოხსენება – „საკუთრების უფლება და ეკლესია“.
სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია, საბჭოთა კავშირის ისტორია, სიმბოლიკის საკითხები, აკადემიური წერის სტრატეგიები.
რუსუდან კობახიძე წინასწარი დაკავების იზოლატორს დღეს, 6 ნოემბერს 22:10-ზე დატოვებს, ვინაიდან შეფარდებული პატიმრობის ვადა აითვლება დაკავების მომენტიდან.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე.
ფორუმი




