გლდანის ოლქის მე-60 უბანზე ფიზიკური დაპირისპირება იყო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნებასთან” დაკავშირებული პირი, შაკო კუჭაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად დამკვირვებლებს დაუპირისპირდა.
შაკო კუჭაშვილს თან ახლდნენ ადამიანები, რომელთა ნაწილსაც დამკვირვებლების ბეიჯები ეკეთა. მედიის ცნობით, ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წარმომადგენელი, ირაკლი ეძგვერაძე მოვიდა.
“მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ 2020 წლიდან ეს ტიტუშკა მომაგრებულია ამ უბანზე, რადგან იციან, რომ გლდანი ყოველთვის იგებს არჩევნებს. შაკო კუჭაშვილი მოდის და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ადამიანებს, რაზეც კომისიის წევრებს რეაგირება არ აქვთ”, – ამბობს ირაკლი ეძგვერაძე ჟურნალისტებთან.
დაპირისპირება 10 წუთზე მეტხანს მიმდინარეობდა, რა დროსაც უბანზე ხმის მიცემა, ფაქტობრივად, შეჩერებული იყო. პოლიცია შემთხვევის ადგილას მოგვიანებით მივიდა.
