ფიზიკური აქტივობა, არა ეკრანდამოკიდებულება და უმოძრაობა, რაც უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე გრიპი, ასევე სწორი კვება – პედიატრი თემურ მიქელაძე ამბობს, რომ ბავშვის იმუნიტეტისთვის მთავარია ცხოვრების ჯანსაღი წესი და არა – სხვადასხვა ვიტამინი, რომლებსაც არაერთი მოზარდი ჭარბად იღებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში პედიატრი ამბობს, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ის უნივერსალური გზა, რომელიც ბავშვებს, სხვა პრობლემებთან ერთად, ვირუსების დაძლევაშიც დაეხმარება. მისივე თქმით, გრიპით დაინფიცირება მშობლის პანიკის მიზეზი არ უნდა იყოს, რადგან, სწორი მართვისა და მარტივი რეკომენდაციების შესრულების პირობებში, გართულების რისკი ძალიან დაბალია.
„პანიკას არ უნდა ავყვეთ. პანიკა ნერვული სისტემის ზედმეტი გადაძაბვა და იმუნობიოლოგიური აქტივობის დაქვეითებაა, რასაც მოსდევს სხვადასხვა პრობლემა, რაც იყო კოვიდპანდემიის დროს. გრიპი ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. გართულება, რაც გრიპის ვირუსს უწერია და რაც ლიტერატურაში გხვდება, არის 1-2%-მდე შემთხვევებში. 98% შემთხვევებში კი უნდა იმართოს ამბულატორიულ და სახლის პირობებში და მშობლები მშვიდად უნდა იყვნენ,“ – ამბობს მიქელაძე და აღნიშნავს, რომ თუკი ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა რთული არ არის და ამინდიც ხელსაყრელია, მის გარეთ გაყვანას არათუ არ უნდა მოვერიდოთ, ეს დღეში მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა გავაკეთოთ. ასევე მნიშვნელოვანია ოთახის ხშირი განიავება და ჰიგიენის მარტივი წესების დაცვა.
მისივე თქმით, თუ ბავშვი იტანს მაღალ ტემპერატურას, სასურველია, 39.5-მდე არ გამოვიყენოთ სიცხის დამწევები, რადგან ცხელება ო ხოლო თუ ყურის, თავის ან სახსრების ტკივილი აქვს, ამ შემთხვევაში მედიკამენტების ჩართვა საჭიროა, თუმცა სასურველია – ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
შეგახსენებთ: იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, სეზონური ვირუსების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, წინა წლებთან შედარებით უფრო ადრე – იანვრის შუა პერიოდში დაფიქსირდება. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ახლა სამი ტიპის ვირუსია გავრცელებული, რომელთაგან ამ ეტაპზე წამყვანი კვლავ ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსია. მას მოსდევს ე.წ. ღორის გრიპი, უფრო იშვიათად კი ბე ტიპის ვირუსი გვხვდება. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კლინიკები გადატვირთული არ არის.




