ფეხბურთელები სცენიდან მიმართავენ გულშემატკივარს, იქნება გრანდიოზული ფეიერვერკი – მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, “მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართება ღონისძიება, სადაც გულშემატკივარს ექნება საშუალება, მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს”. მისი თქმით, 22:00 საათზე დაიწყება ღონისძიება, ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით.
“მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს ამ უდიდესი დადებითი ემოციებისთვის და შესანიშნავი თამაშისთვის, რომელიც მათ ევროპის ჩემპიონატზე აჩვენეს. დებიუტანტი გუნდისთვის ეს იყო უპრეცედენტოდ დიდი წარმატება, რომელიც ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა.
შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით ვაორგანიზებთ ღონისძიებას, გულშემატკივარს ექნება საშუალება, მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს.
21:00 საათიდან გულშემატკივარს ველოდებით თავისუფლების მოედანზე, ხოლო 21:30 საათიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყებენ გადაადგილებას ფეხბურთელები ჭავჭავაძის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისკენ.
22:00 საათზე დაიწყება უშუალოდ ღონისძიება. ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, მათ ექნებათ საშუალება, მიმართონ გულშემატკივარს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით, რითაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი საამაყო ფეხბურთელების მიმართ” – ამბობს ჟორჟოლიანი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიიდან დღეს, 2 ივლისის დილით დაბრუნდა. მათ აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ, თუმცა, ფეხბურთელების ნახვა ვერ შეძლეს.