ფერსტაპენის დომინანტური გამარჯვება და დისკვალიფიცირებული “მაკლარენი” – სეზონის ბოლოს ყველაფერი თავდაყირა დადგა

დღეს, 23 ნოემბრის გამთენიისას, ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპი ამერიკაში, ლას ვეგასში წარიმართა, სადაც გამარჯვება “რედ ბულის” ნიდერლანდელმა პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა არავის დაუთმო. მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონმა კვალიფიკაცია მე-2 ადგილზე დაასრულა, რბოლაში კი სტარტზევე მოიპოვა უპირატესობა და მარტივადაც გაიმარჯვა. მოგვიანებით “მაკებს” დისკვალიფიკაცია მიანიჭეს და ყველაფერი ძალიან დაიძაბა. მივყვეთ დეტალურად.
წვიმიანი კვალიფიკაციის შემდეგ პოულ პოზიციაზე სეზონის ლიდერი, ლანდო ნორისი აღმოჩნდა. “მაკლარენის” პირველმა პილოტმა მეორე ადგილოსანი 0.323-ით ჩამოიტოვა, 1:47:934 დრო დააფიქსირა, მესამე ადგილზე კარლოს საინსი გავიდა.
კვალიფიკაციის შემდეგ მრბოლელები სტარტის ხაზზე შემდეგნაირად დალაგდნენ: ლანდო ნორისი, მაქს ფერსტაპენი, კარლოს საინსი, ჯორჯ რასელი, ოსკარ პიასტრი, ლიამ ლოუსონი, ფერნანდო ალონსო, ისაკ ჰაჯარი, შარლ ლეკლერი, პიერ გასლი, ნიკო ჰულკენბერი, ლენს სტროლი, ესტებან ოკონი, ოლივერ ბერმანი, ფრანკო კოლაპინტო, ალექს ალბონი, კიმი ანტონელი, გაბრიელ ბორტოლეტო, იუკი ცუნოდა და ლუის ჰამილტონი.
სტარტი ცეცხლოვანი აღმოჩნდა, ვინაიდან პირველი მოსახვევი მარცხნივ იყო, ფერსტაპენს მცირე უპირატესობა ჰქონდა, ამიტომაც ნორისმა მარჯვნივ დაიწყო სვლა, თუმცა ზედმეტი მოუვიდა, სამუხრუჭე წერტილს აცდა და ბოლიდზე კონტროლი დაკარგა, ამით ფერსტაპენმა და რასელმა იხეირეს.
სტარტზე შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა ლუის ჰამილტონმა, რომელმაც ბოლოდან მე-13 პოზიციამდე მოახერხა დაწინაურება, თუმცა შემდეგ ტემპი დაკარგა და მე-8 ადგილზე დაასრულა.
რაც შეეხება ნუმერაციას, ხუთეული თავიდან შემდეგნაირად გადანაწილდა: ფერსტაპენი (+25), ნორისი (+18), რასელი (+15), ანტონელი (+12) და პიასტრი (+10). თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ “მაკლარენების” ორივე პილოტი FIA-მ დისკვალიფიკაციით დასაჯა და ორივე პილოტმა მოპოვებული ქულები დაკარგეს, რითაც ყველაფერი ძალიან დაიძაბა. საქმე ბოლიდის დამცავი ფერის სისქეზე დაიწყო და კომპეტენტურმა პირებმა ბრიტანული გუნდი სამაგალითოდ დასაჯეს. ამ მომენტისთვის ჩემპიონობისთვის მებრძოლი სამეული შემდეგნაირად გამოიყურებიან: 1. ლანდო ნორისი – 390 ქულა, 2. ოსკარ პიასტრი – 366 ქულა, 3. მაქს ფერსტაპენი – 366 ქულა.
მოგეხსენებათ, წინ ყატარისა და აბუ დაბის გრან პრია დარჩენილი, გასათამაშებელი მაქსიმუმ 60 ქულა (25 ქულა გრან პრის მოგებისთვის, 8 ქულა სპრინტისთვის და 1 ქულა სწრაფი წრისთვის), რაც იმას ნიშნავს რომ სხვაობა აღმოფხვრადია და 2021 წლის შემდეგ პირველად ცეცხლოვანი დასასრული გველოდება.
ყატარის გრან 28 ნოემბერს დაიწყება, ამავე რიცხვში სპრინტის კვალიფიკაცია იქნება, 29-ში სპრინტი და რბოლის კვალიფიკაცია, ხოლო 30-ში უკვე რბოლა გველოდება.
“ერთმა შეშლილმა კაცმა უდიდესი ჩემპიონი გაანადგურა” – ტოტო ვოლვი ისევ გაბრაზებულია
“მაკლარენმა” კონსტრუქტორთა თასი მოიგო – “მარინა ბეიზე” ჯორჯს რასელს ვერავინ დაეწია
[VIDEO] უმძიმესი ავარიის შემდეგ გროჟანი ფორმულა 1-ს უბრუნდება