“ფეიკია რაღაცა” – ბაღის დირექტორი შიდა ჩეტების სავარაუდო სქრინებზე

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბაღების სავარაუდო ჩატების სქრინებთან დაკავშირებით 123-ე ბაღის დირექტორი ხათუნა ახობაძე ამბობს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და “ფეიკია რაღაცა”.
“ეგ ხომ მტკნარი სიცრუეა! ჯერ ერთი მე არავისთვის არაფერი დამიწერია. არ გემალებოდით, თქვენ ხომ უსაქმურები ხართ. არ მაინტერესებს მე თქვენს ტელეფონში რა ინფორმაციაა, ფეიკია რაღაცა.
რა ვალდებული ვარ, ადამიანო, მე შენ რამე დაგიმტკიცო? ვინ ხარ შენ, რომ მეჭრები?! არანაირი მორალური უფლება არ გაქვს! თვალები გაქვთ სამი ოთხზე! ჩაიხედეთ სარკეში! ჩემი პასუხია, რომ მე არავის არაფერი დავაძალე, არც ვთხოვე! გაწიე ეგ მიკროფონი, დამამშვიდებლები დალიეთ” – უთხრა ახობაძემ TV პირველს.
103-ე ბაღის დირექტორი მზია კოტიაშვილი ჯერ ამბობს, რომ ჩატი ვიღაცამ გატეხა და შემდეგ – “აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს”.
“ეს ჩატი გატეხა ვიღაცამ, Facebook-ი, რაღაც მოხდა ისეთი. მე არ დამიწერია არაფერი და არც მაინტერსებს. ნამდვილად არ ვწერ მე.
[…]აზრის გამოხატვის უფლება, მემგონი, ყველას აქვს, თქვენი საქმე არ არის” – ეუბნება 103-ე ბაღის დირექტორი TV პირველს.
7 მაისს სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა სქრინები, სადაც სავარაუდოდ ჩანს, როგორ ავალდებულებენ საბავშვო ბაღის მასწავლებლებს კახა კალაძის პოსტის მოწონებას.
როგორც სქრინებიდან იკითხება სამთავრობო გვერდებზე ბაღის თანამშრომლების აქტივობა შემდგომში მოწმდება:
“ყველა ბაღი ცალცალკე ითვლება და გთხოვთ არ დაიზაროთ. ამ ექვსი აღმზრდელის მეტს ვერ ვხედავ”.
“…რომ დაალაიქებთ, ჩაწერეთ, აქ, 9 საათამდე ხათომ რაოდენობა უნდა გასცეს”…