ფაშინიანმა განაცხადა, რომ სანამ ლუკაშენკა ხელისუფლებაშია, მინსკში არ ჩავა

სომხეთმა ბელარუსიდან კონსულტაციებისთვის გამოიძახა თავისი ელჩი რაზმიკ ხუმარიანი. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილების შესახებ დამატებით ჯერჯერობით არაფერს განმარტავს.
დღეს, 13 ივნისს სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის და სხვა ოფიციალური პირები ბელარუსში არ ჩავლენ, სანამ ამ ქვეყანას ლუკაშენკა მართავს.
ფაშინიანის თქმით, როცა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყანა(ბელარუსი) აცხადებს, რომ ყარაბაღში ომს ხელს უწყობდა და აზერბაიჯანის გამარჯვება სურდა, ბელარუსის პრეზიდენტთან განსახილველი არაფერი აქვს.
ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკამ, რომელიც მაისში აზერბაიჯანს სტუმრობდა, განაცხადა, რომ იცოდა ყარაბაღში პრეზიდენტ ალიევის გეგმების შესახებ და იზიარებდა პრობლემის სამხედრო გზით მოგვარების გადაწყვეტილებას.
2002 წელს შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ/CSTO) წევრები არიან: , ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, და ტაჯიკეთი.
ბოლო ხანს, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეს ორგანიზაცია არაერთხელ დაადანაშაულა სომხეთის მიმართ ვალდებულებების შეუსრულებლობაში. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ