„ფასმა ნამდვილად დაიწია, რაც გამოწვეულია იქიდან, რომ დამქირავებელი უფრო ნაკლებია, ხოლო გასაქირავებელი ბინა – უფრო მეტი“

ბინის კიდევ ქირა გაიაფდა. ტენდენცია იმდენად აშკარაა, რომ ახალი სასწავლო წლის დასაწყისშიც, მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, ფასები არ გაზრდილა და შედარებით დაბალ ნიშნულზეა. თუკი შარშან ამ დროს ბინის დაქირავება 800-900 ლარზე ნაკლებად წარმოუდგენელი იყო, წელს 700 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასი 1000 ლარია. ეს ეხება, ძირითადად, დაბალბიუჯეტურ ბინებს, ძვირადღირებულ სეგმენტში საფასო ცვლილება, ფაქტობრივად, არ მომხდარა და ქირის ფასი კვლავინდებურად 2000-3000 ლარის დონეზეა.
მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა გაზრდილია და ეს ფაქტორი კონკრეტულად ახალი სასწავლო წლის მოახლოებას უკავშირდება, შუამავლები ფიქრობენ, რომ არსებული ფასი შენარჩუნდება. რამდენიმე კვირაში ბინებზე მოთხოვნა დაიკლებს და ვითრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდება.
უძრავი ქონების ღირებულება უკვე დიდი ხანია, რაც მოსახლეობისთვის გამოწვევად რჩება. ამიტომ მცირედი კორექტირებაც კი დიდ შეღავათს გაუწევს ადგილობრივებს, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაღალია როგორც გასაყიდი, ასევე გასაქირავებელი ბინების ფასი.
ბაზრის ექსპერტი, სააგენტო „კიბეს” ხელმძღვანელი ნელი გოგუაძეც ადასტურებს, რომ გაქირავების ტარიფების კლება სახეზეა, თუმცა სტუდენტების უმეტესობა ბინებს მაინც ძნელად ქირაობს.
„ისედაც ველოდით, რომ ღირებულება კლებისკენ წავიდოდა და ეს ტენდენცია აშკარაა. ფასმა ნამდვილად დაიწია, რაც გამოწვეულია იქიდან, რომ დამქირავებელი უფრო ნაკლებია, ხოლო გასაქირავებელი ბინა – უფრო მეტი. რაც შეეხება დღევანდელ ტარიფებს, მოთხოვნა გაზრდილია, ძირითადად, დაბალბიუჯეტურ ბინებზე, რომლებსაც სტუდენტები ქირაობენ. ეს ტენდენცია იგრძნობა ივლისიდან მოყოლებული, როცა მეტ-ნაკლებად ირკვევა აბიტურიენტები სად უნდა მოეწყონ მინიმუმ მომავალი 1 წლის განმავლობაში. ყველა ცდილობს ხელსაყრელ ფასად იქირაოს ბინა.
ბოლო დროს ფართის მესაკუთრეები გარკვეულ შეზღუდვებს აწესებენ, მაგალითად, ეს ეროვნებას და ცხოველებს ეხება, რასაც გარკვეულწილად ყურადღება ექცევა. ფასთან დაკავშირებით დავამატებ, რომ ამაზე დაბლა აღარ წამოვა, ეს ალბათ ქვედა ზღვარია.
რაც შეეხება მაღალბიუჯეტურ სეგმენტს, იქ კვლავინდებურად ძვირია და ერთი კონკრეტული ბინის გაქირავების ფასი 2000-3000 ლარის ფარგლებში მერყეობს. მაღალი კლასის აპარტამენტებს თავისი კლიენტი ჰყავს და იქ ფასზე საუბარი არ არის”, – განუცხადა ,,რეზონანსს” ნელი გოგუაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელთან შედარებით, ქირა გაიაფებულია, სტუდენტებისთვის ბინის დაქირავება მაინც გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ დედაქალაქში სტუდენტური საცხოვრებლები ძალიან ცოტაა და რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს ოჯახის მიერ გაწეული ხარჯით უწევთ ცხოვრება.
შესაბამისად, როგორც უძრავი ქონების აგენტი მზია თოლორდავა მიიჩნევს, დღევანდელი გარემოებების გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დედაქალაქში ბინების დაქირავება მძიმე ტვირთია. თუმცა ფასი ამაზე მეტად ვერ დაკორექტირდება.
,,ღირებულება თანდათან ლოგიკურ ჩარჩოში ჩაჯდა. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში სტუდენტების ფაქტორიც ახდენს გავლენას და მოთხოვნა იზრდება, მაგრამ ამას ქირის გაძვირება არ გამოუწვევია, პირიქით, ტარიფმა იკლო. მაინც ჭირს დაქირავება და სტუდენტების მხრიდან პრობლემები წელსაც შეიმჩნევა.
გასულ წლებში სხვა მოცემულობა გვქონდა, სხვა რაიმე დამატებითი გარემოებები არ გვქონია, რომ ასე გაზრდილიყო ფასი. მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებს, რომ დავაკვირდეთ, ბინების დაქირავება თითქმის ყველას უჭირს.
რაც შეეხება გასაყიდი ურავი ქონების ღირებულებას, სავარაუდოდ, არსებულ დონეზე დარჩება. შეიძლება არ გაძვირდეს, მაგრამ არც გაიაფებას ველოდებით “, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას მზია თოლორდავამ.
რაც შეეხება მოქალაქეების პოზიციას, ზუგდიდელი ქეთი გაბედავა წელს სტუდენტი გახდა და უახლოეს რამდენიმე დღეში თბილისში მოუწევს ცხოვრების გაგრძელება. იგი ბინის დაქირავებას მეგობრათან ერთად შეეცდება, რადგან გადასახადს ოჯახი მარტო ვერ გაუმკლავდება.
,,ბინის ქირაობას გარეუბანში ვაპირებ. უკვე შევუთანხმდი მეპატრონეს და სექტემბრის შუა რიცხვებიდან დედაქალაქში გადავალ საცხოვრებლად. ბინას გლდანში ვქირაობ, 800 ლარია გადასახადი, რაც ჩემი ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. ნოემბრიდან მეგობართან ერთად ვეცდები ამ ხარჯის განაწილებას, არ გამოვრიცხავ, სწავლის პარალელურად მუშაობაც შევძლო.
თბილისში სტუდენტური საცხოვრებელი რომ იყოს, ბევრად მშვიდ და სტაბილურ გარემოში მომიწევდა სწავლა და ცხოვრება, მაგრამ ჩვენი თაობა ამის შესაძლებლობას ჯერჯერობით მოკლებულია“, – უთხრა “რეზონანსს” ქეთი გაბედავამ.
დაქირავების ფასმა უძრავ ქონებაზე მკვეთრი ცვლილება გაძვირების მიმართულებით 2021 წლიდან განიცადა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებით და ქვეყანაში მიგრანტების შემოსვლით იყო განპირობებული. ტენდენცია 2023 წლის მაისიდან შეიცვალა, როცა მიგრანტების ეფექტი მოიხსნა და ბაზარი ჩვეულ დინამიკას მეტ-ნაკლებად დაუბრუნდა. ძველ კალაპოტში დაბრუნების პროცესი ნელი ტემპით დღემდე გრძელდება.