“ფასის მატება შეინიშნება, რაც დამაიმედებელია და ექსპორტის ზრდას გამოიწვევს”- ფეროშენადნობთა ასოციაცია

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის 7.7%-ით გაიზარდა, წლის პირველ 2 თვეში საშუალო ზრდა 9.4%-ია. თებერვალში კლება ორ ძირითად სექტორში დაფიქსირდა, მათ შორისაა დამმუშავებელი მრეწველობა, ღვინის წარმოება და მშენებლობა.
საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლების და შესაბამისად მეტალურგიულ სფეროში კრიზისის დაწყების შემდეგ მოლოდინი ადგილობრივ ბიზნესს თებერვალში კლების მაჩვენებლების მიუხედავად გაუმჯობესებული აქვთ. დარგობრივ ასოციაციაში ამბობენ, რომ გლობალურად ფასები ზრდის ტენდენციაა, რაც ფოლადზე მოთხოვნას გაზრდის, კომპანიებს შეჩერებული მუშაობის აღდგენისკენ უბიძგებს და ექსპორტი გაიზრდება.
“ბაზარზე რადიკალურად ფასის მატება არ შეინიშნება. მცირე ფასის მატება არის, რაც არის დამაიმედებელი და ექსპორტის ზრდას გამოიწვევს და შესაბამისად, შეიცვლება სტატისტიკაც. “ჯორჯიან მანგანეზმა” განაახლა მუშაობა, ჩართო ღუმელები და თითქმის მთელი დატვირთვით მუშაობს, შესაბამისად, აპრილი მაისის თვიდან სტატისტიკა შეიცვლება, ექსპორტზე მეტი ფეროშენადნობი გავა.
ერთი რაღაც მინდა დავამატო, ფასის მატების ნაწილში რადიკალურს რაიმეს ვერ ვხედავთ, მაგრამ იმედი გვაქვს რომ გარკვეული გაუმჯობესება გვექნება, იქიდან გამომდინარე რომ სამშენებლო სეზონი მოდის და მეტალზე და მეტალის პროდუქციაზე მოთხოვნა გაზრდილი იქნება მთელ მსოფლიოში და შესაბამისად, ქართულ ფეროშენადნობებზეც.
ასევე მნიშვნელოვანია რომ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ფეროშენადნობებზე ფასი დაბლა ჩამოდის, შესაბამისად, თვითღირებულება საგრძნობლად უნდა გაუმჯობესდეს, რაც იმედს გვაძლევს რომ გარკვეული საწარმოები ჩაერთვებიან და დანარჩენები ვინც მუშაობს, დატვირთვას გაზრდის,”-ამბობს ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი.