ფასანაურში Holiday Inn Resort-ის მართვის ქვეშ 5*-იანი სასტუმროს გახსნა წელს იგეგმება – პროცესს გზის არარსებობა აფერხებს

ფასანაურში, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა 2024 წლის ბოლოს – დეკემბერში იგეგმება. მის მართვაში კი საერთაშორისო ბრენდი Holiday Inn შედის. თუმცა როგორც პროექტის ინვესტორი კომპანია „არაგვი რეზორტის“ დამფუძნებელი გიორგი როსტიაშვილის BM.GE-სთან აცხადებს, სასტუმროს დათქმულ ვადაში, შესაძლოა, ვერ გაიხსნას. მიზეზი სასტუმრომდე მისასვლელი გზის არ არსებობაა. საერთაშორისო ბრენდისთვის კი მართვაში შესვლის ერთ-ერთი წინაპირობა კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურაა.
გიორგი როსტიაშვილი BM.GE-ის უყვება, რომ გზის პროექტზე საუბარი მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. მისი ინფორმაციით, 2024 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტმა არსებული გზის პროექტი შეისყიდა, რომელიც სასტუმრომდე და მიმდებარე სოფლამდე გზის კეთილმოწყობას მოიცავს, მაგრამ შესასრულებლად საკმარისი ფინანსები არ გააჩნია. პროექტის განხორციელებისთვის ზემდგომი უწყებების დახმარებაა საჭირო, რისთვისაც გუბერნიას მიმართეს, მაგრამ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში, გაუგებარი მიზეზების გამო, შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
„სასტუმროს გახსნა 2024 წლის დეკემბერში საერთაშორისო ბრენდ Holiday Inn-თან პარტნიორობით ვგეგმავთ, თუმცა მმართველ კომპანიაში გვეუბნებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ სასტუმრომდე გზა კეთილმოწყობილი არ იქნება, სასტუმრო ვერ გაიხსნება. რეალურად გზის პროექტზე ადგილობრივ მთავრობასთან დიდი ხანია ვმუშაობ. მუნიციპალიტეტმა შეისყიდა გზის პროექტი – რა სიგრძის და სიფართოვის გზა უნდა ყოფილიყო. თუმცა ახლა ფაქტის წინაშე რომ მივედით და სასტუმროს გახსნა რომ დავაპირეთ ადგილობრივ მთავრობაში მეუბნებიან, რომ გზის პროექტის დაფინანსებისთვის ბიუჯეტში რესურსი არ აქვთ და ეს არამხოლოდ მიმდინარე, არამედ მომავალ წელსაც ვერ მოხერხდება. ჩვენს სასტუმრომდე გზის ინფრასტრუქტურის სიგრძე 500 მეტრია, თუმცა ეს გზა ადგილობრივ სოფლამდე უნდა ჩავიდეს და როგორც ვიცი ამ გზის ღირებულება შეიძლება 1 მლნ ლარს არ აღემატებოდეს. ფაქტია, რომ ამ გზის გარეშე ჩვენ სასტუმროს ვერ გავხსნით.
ეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ფაქტობრივად რეგიონში პირველი მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდის მართვის ქვეშ იქნება. ერთ-ერთ ყველზე მაღალი დონის სასტუმროს ვხსნით და ადგილობრივი თვითმმართველობისგან უყურადღებოდ ვართ“, – ამბობს გიორგი როსტიაშვილი BM.GE-სთან და იმასაც აღნიშნავს, რომ საკითხთან დაკავშირებით კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროსაც წერილობით მიმართა და ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.
70-ოთახიანი სასტუმროს ასაშენებლად კომპანიამ 25 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. კომპლექსი მოიცავს რესტორანს, Sky Bar-ს, სპორტულ დარბაზს, ბოულინგსივრცეს, ტენისის კორტებს და აუზს. სასტუმროს გახსნის შემდეგ 70 სამუშაო ადგილი შეიქმნება, დასაქმებულების ნახევარზე მეტი კი ადგილობრივი იქნება.
გიორგი როსტიაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ სასტუმროს გახსნის შემდეგ ფასანაურში ახალი მიზიდულობის ადგილი შეიქმნება, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტს ტურისტულად კიდევ უფრო მეტად გაააქტიურებს და ამისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.