„ფალსიფიცირებული პროდუქციის გამო ფერმები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, კოტრდებიან“ – „შირაქი“

კომპანია „შირაქის“ დამფუძნებლის ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ფერმერები გაკოტრების რისკის წინაშე არიან. მიზეზი ფალსიფიცირებული პროდუქციაა, რომლის რაოდენობაც იაფი რძის ფხვნილის გამო ბაზარზე გაზრდილია.
სექტორი ხელისუფლებას კონტროლის გამკაცრებას და ერთიანი ბაზის შექმნას სთხოვს.
“დარღვევები მზარდია, რადგან სურსათის უვნებლობა ყოველწლიურად ზრდის შესამოწმებელი ობიექტების არეალს. ვთვლი, რომ მომხმარებელს მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რადგან ქვეყანაში შემოდის დიდი რაოდენობით რძის ფხვნილი, რომელიც ძალიან გაიაფებულია. რამდენიმე ქვეყანას ჭარბი წარმოება აქვს, რაც ზრდის ფალსიფიცირებული პროდუქციის წილს.
ვიცით, რომ ნედლი რძის 70%-იანი დეფიციტი გვაქვს. 30% გვაქვს მხოლოდ და ის 30%-იც კი არ იყიდება. მწარმოებლები ზარალდებიან, რადგან მოთხოვნა არ არის. უნდა იცოდეს მომხმარებელმა რომ რესტორნების, საცხობების 80%-ში არაეტიკეტირებული პროდუქცია შედის და ამის შემდეგი რისკები მოგეხსენებათ.
დარგში მომუშავე ადამიანებმა მივმართეთ სამინისტროს და ვუთხარით, რომ მთავრობას აქვს კარგი პროდუქტი იაფი სესხის სახით, სუბსიდირებული პროცენტის ნაწილში რომ ახალი ფერმები აშენდეს და მოთხოვნით 100% დავფაროთ ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ასეთ რეალობაში წარმოებულ 30%-საც ვერ ვყიდით და ამის გამო, ის ფერმები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, კოტრდებიან. რამდენიმე ფერმა დაიხურა, საფრთხის წინაშეა დანარჩენიც. ამას უნდა კონტროლი და ერთიანი ხედვა რომ არსებული პრობლემები აღმოიფხვრას. უნდა გაკეთდეს ერთიანი ბაზა, რომ გავიგოთ ვინ არის ფერმერი, რამდენს ყიდულობს, რამდენს აწარმოებს, რომ ამოვა ეს ყველაფერი ზედაპირზე, გამოჩნდება სად არის პრობლემა და რას უნდა ვებრძოლოთ. ეს არის სწრაფად გასაკეთებელი. მომდევნო 2-3 დღეში დაგეგმილია მინისტრთან შეხვედრა ამ საკითხებზე,“ – განაცხადა ბენიაიძემ.
მიმდინარე წლის 5 თვეში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა კონტროლისას 508 სამართალდარღვევა გამოვლინდა – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საანგარიშო პერიოდში ჯამურად ინსპექტირება 6 729 რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამმუშავებელ ბიზნესოპერატორებთან განახორციელა, საიდანაც 508 შემთხვევაში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა.