„უჭირს ჯდომა, დგომა, წოლა“ – დაკავებული მასწავლებლის ადვოკატები მოითხოვენ, რომ ის კლინიკაში გადაიყვანონ კვლევებისთვის

მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მასწავლებლისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილის ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში კიდევ უფრო გართულდა და ქალს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ქალაქის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა კვლევებისათვის, რომელშიც მისმა მკურნალმა ექიმებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა.
ამ მოთხოვნით ნინო დათაშვილის ადვოკატებმა პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ორჯერ მიმართეს.
მეორე წერილი პენიტენციურ დაწესებულებაში 15 ივლისს, მას შემდეგ გააგზავნეს, რაც წინა დღეს, საპატიმროში შესულმა ადვოკატებმა ნახეს, რომ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებული იყო და პენიტენციურ დაწესებულებას პირველი მიმართვის შემდეგ, არანაირი რეაგირება არ მოუხდენია:
„პენიტენციურ დაწესებულებას ჯერ კიდევ 8 ივლისს გაგზავნილ წერილში ვწერდით, რომ ნინო დათაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ მას ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კვლავ სჭირდება ქირურგიული ჩარევა და გამოკვლევები.
მოვითხოვეთ, რომ მას დაუყოვნებლივ ესაჭიროება სხვადასხვა პროფილის ექიმის მეთვალყურეობა და სამედიცინო სერვისი. მოთხოვნა იყო, რომ დაუყოვნებლივ ყოფილიყო უზრუნველყოფილი სრული სამედიცინო გამოკვლევა. ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო იყო, რომ მისთვის გამოეყოთ ორთოპედიული ლეიბი, მიეცათ სამედიცინო ე.წ. წელის ქამარი, ასევე ისეთი სიმაღლის მაგიდა, რომელიც აუცილებელია მისი საჭიროებიდან გამომდინარე. საკანში დგას დაბალი მაგიდა და ნინოს უწევს, რომ მაგიდასთან დაჯდეს მოხრილი – იქნება ეს ჭამა თუ წერა.
თუმცა, 14 ივლისს რომ შევედით ნინოს სანახავად, აღმოჩნდა, რომ ჩვენი არცერთი მოთხოვნა არ იყო დაკმაყოფილებული. ამიტომ 15 ივლისს გავგზავნეთ განმეორებითი წერილი და მოვითხოვეთ ნინოს მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა კვლევებისთვის“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ გაბოძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი და ნინო დათაშვილის ადვოკატი.
მისივე ინფორმაციით, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერ კიდევ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას იყო ინფორმირებული როგორც პროკურატურა, ისე სასამართლო.
თამარ გაბოძე ამბობს, რომ დაკავებულ მასწავლებელთან საკანში ორჯერ იყო შესული სახალხო დამცველის წარმომადგენელი და შესაბამისად, აპარატს აქვს სრული ინფორმაცია ნინო დათაშვილის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:
„ასევე სახალხო დამცველს გუშინ (15 ივლისს) გავუგზავნეთ წერილი იმის თაობაზე, რომ უკვე ოთხჯერ მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შემდეგ უკვე პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება მანდატურების მხრიდან ნინო დათაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, თუმცა, არც საგამოძიებო სამსახურიდან და არც პროკურატურიდან რეაგირება, ამ დრომდე, არ ყოფილა. სახალხო დამცველის ოფისმა ამ საკითხის მოკვლევა გუშინვე დაიწყო“, – ამბობს თამარ გაბოძე.
ნინო დათაშვილის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს მისი მეგობარი ნინო კალანდიაც. როგორც ის ამბობს, მას ციხიდან დაურეკა ნინო დათაშვილმა და უთხრა, რომ “ხერხემლის პრობლემის გამო, ცალი ფეხი წართმეული აქვს და უჭირს გადაადგილება. ითხოვს ექიმს”.
ნინო კალანდია ითხოვს სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან შეხვედრას.
სახალხო დამცველის ოფისში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, თუმცა, ამბობენ, რომ “სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია პროცესში”.
სამოქალაქო აქტივისტსა და მასწავლებელს, ნინო დათაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივნისს შეუფარდა.
აქტივისტსა და პედაგოგს ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა იმ დროს, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ანუ, თუკი ნინო დათაშვილს ბრალი დაუმტკიცდა, მას უკეთეს შემთხვევაში დააჯარიმებენ, უარესში კი დააპატიმრებენ 4-დან 7 წლამდე.
საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს.
იმ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებისა და პროევროპული აქციებისას დაკავებული აქტივისტების მორიგი სასამართლო სხდომა იმართებოდა.
ნინო დათაშვილს სწორედ ამ სხდომაზე უნდოდა დასწრება.
პროკურატურის განცხადების თანახმად, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო, დარბაზში ადგილი აღარ იყო და დასწრებას ვეღარ შეძლებდა.
ამ ვიდეოში ჩანს, რა ხდება სასამართლოს დარბაზში: როგორ უწევს ის წინააღმდეგობას მანდატურებს, როდესაც მათ ქალი სასამართლოდან ძალით გაჰყავთ.
ნინო დათაშვილმა სასამართლოს ეზოდანვე დარეკა 112-ში, ოპერატორს ძალადობის შესახებ შეატყობინა და პოლიციის გამოძახება ითხოვა. თუმცა, როგორც ქალის ადვოკატ თამარ გაბოძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მის ზარზე პოლიციას არც იმ დღეს არ ჰქონია რეაგირება და არც მას მერე.
ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციამ გამოძიება მანდატურის სამსახურიდან შესული ზარის შემდეგ დაიწყო.
ნინო დათაშვილის საქმის წინასასამართლო სხდომა 7 აგვისტოსაა დანიშნული.
ფორუმი