უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების შენელების ტემპზე ბიზნესი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ქვეყანაში პოლიტიკურად არასტაბილური მდგომარეობა დაიწყო.
უძრავი ქონების სააგენტოები და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მომხმარებლები ბინების ყიდვას არ ჩქარობენ, აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს და ჯერ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ.
Reinvest-ის დამფუძნებელი ლევან ბოლქვაძე გვიყვება, რომ საახალწლო პერიოდში არჩევნების შემდეგ გაჩერებული მოთხოვნა მცირედით გააქტიურდა, თუმცა ამას რეალური შედეგი არ ჰქონია. მისი თქმით, პროცესები ბაზარზე ისევ გაჩერებულია და თუ ეს მდგომარეობა 3-6 თვის განმავლობაში გაგრძელდა, სექტორი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
“წარმოიდგინეთ 10 ადამიანში როდესაც იყო მოთხოვნა, მხოლოდ 2-მა მიიღო გადაწყვეტილება ბინის შეძენაზე გადაწყვეტილება. ეს არც თუ ისე დიდი ციფრი არის, ეს არის მინიმალური გაკეთება რაც მნიშვნელოვანი იყო ბაზრისთვის. ესეც რომ არ ყოფილიყო ვიტყოდით, რომ უძრავი ქონების ბაზარი მოკვდა და აღარ არსებობს. ეს რაღაც იმედის ნაპერწკალს აჩენს, თუმცა ბუნებრივია ამას ვერ ვეყრდნობით, ეს არ არის ის რაც უძრავი ქონების ბაზარს სჭირდება.
გაყიდვების დინამიკა კატასტროფულად არის შემცირებული, მაგალითად ბათუმის ბაზარზე, რომელიც არის უცხოური ინვესტიციების ბაზარი და სტატისტიკაც ამას უჩვენებს რომ დაახლოებით 80%-მდე არის უცხოელი მყიდველი როგორც ევროპული ისე აზიური ქვეყნებიდან. დღეს ამ ქვეყნებიდან შემომავალი ზარები და ყველა აზუსტებს როგორი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სიტუაცია იქნება ქვეყანაში,”-აცხადებს Reinvest-ის დამფუძნებელი ლევან ბოლქვაძე.