„უძრავი ქონების ბაზარზე ჭარბი მიწოდება არ არის – დაწყებული პროექტების უმეტესობა, პრაქტიკულად, სულ გაყიდულია“ – ვლადიმერ რობაქიძე
თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები აპრილში წლიურად 2.6%-ით შემცირდა, ხოლო უძრავი ქონების ბაზრის ზომა 6.6%-ით, 244 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საცხოვრებელ ბინებზე მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა და შესაბამისად, ბანკებმა მისი დაკორექტირება დაიწყეს, რაც მომდევნო ეტაპზე დეველოპერული პორტფელის შემცირებაში აისახა.
დეველოპერები ამბობენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ჭარბი მიწოდების საფრთხე არ არსებობს, რადგან დაწყებული პროექტების უმეტესობა უკვე გაყიდულია. „აპექს დეველოპმენტის“ დირექტორის ვლადიმერ რობაქიძის თქმით, დეველოპერული სესხების გაცემაზე კომერციული ბანკები თავს მხოლოდ იმიტომ იკავებენ, რომ აქამდე მათი კაპიტალის დიდი წილი სწორედ ამ ტიპის სესხებზე მოდიოდა.
„უძრავი ქონების ბაზარზე ჭარბი მიწოდება, არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტები, რომლებიც უკვე დაწყებულია, პრაქტიკულად გაყიდულია. შესაბამისად, არანაირი ჭარბი მიწოდება არ იქნება. ბანკები იპოთეკურ სესხებს უპრობლემოდ გასცემენ, დეველოპერული სესხების გაცემაზე თავს იმიტომ იკავებენ, რომ ჭარბად ჰქონდათ გაცემული და მათ კაპიტალში დიდი წილი დეველოპერული სესხები იყო.
ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით რეგულირებაც მოახდინა და ბანკებს სესხის გაცემის ზედა ზღვარი დაუწესა; აქედან გამომდინარე კომერციული ბანკები დეველოპერულ სესხებს არ გასცემდნენ, თუმცა, ჩემი აზრით, სიტუაცია ამ კუთხითაც გამოსწორებისკენ მიდის“,- აღნიშნა „კომერსანტთან“ „აპექს დეველოპმენტის“ დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ.
