აზერბაიჯანში გრანტებთან დაკავშირებით განახლებული გამოძიების ფარგლებში კიდევ ოთხი აქტივისტი დააკავეს – ფიგურანტების რიცხვი ათამდე გაიზარდა – წერს “კავკაზსკი უზელი”.
გამოცემის ცნობით, დაკავებულია ახმედ მამედზადე, ხოლო აიტაჯ აღაზადე დაუსწრებლად დააპატიმრეს. ნარგიზ მუხთაროვა და გალიბ ბაირამოვი კი პოლიციის ზედამხედველობას ექვემდებარებიან. აღაზადეს ედება ბრალად „არარეგისტრირებული გრანტის მიღება“ გერმანიის მარშალის ფონდისგან – 85 ათასი მანათის (დაახლოებით 50,000 დოლარის) ოდენობით.
“ეს ადამიანები საზოგადოებრივ საქმიანობას ახორციელებდნენ კონტრაქტებით, იხდიდნენ გადასახადებს და არ არიან საჯარო მოხელეები – შესაბამისად, მათზე მინდობილი მუხლები (ფულის გათეთრება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ა.შ.) საფუძველს მოკლებულია,“ — აცხადებს ანონიმური უფლებადამცველი.
მისივე თქმით, საქმე შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს, რადგან საგამოძიებო ორგანო „იძახებს ყველას, ვისაც დასავლელ დონორებთან რაიმე სახის თანამშრომლობა ჰქონია – განსაკუთრებით კი USAID-თან“.
9 აპრილს ბაქოში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „ახალი მსოფლიო წესრიგისკენ“, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საჯაროდ განაცხადა „გამოძიება მიმდინარეობს USAID-ის არაკანონიერი საქმიანობის შესახებ. პროკურატურამ უკვე მომაწოდა ინფორმაცია გამოძიების წინასწარი შედეგების შესახებ, რაც ცხადყოფს ორგანიზაციის ანტიაზერბაიჯანულ ქმედებებს და ჩარევის მცდელობებს ჩვენს შიდა საქმეებში.“
ალიევის თქმით, ამ მასალებს გადასცემენ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, რათა იქ, მისი შეფასებით, „სერიოზული ზომები მიიღონ კორუმპირებული USAID-ის წინააღმდეგ“.
