„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გავლენები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე – იურისტ გვანცა ჟორჟოლიანის რეკომენდაციები

რადიო „კომერსანტის“ ეთერში სამოქალაქო სამართლის სპეციალისტმა, იურისტმა და ბიზნესმრჩეველმა გვანცა ჟორჟოლიანმა ისაუბრა თემაზე, თუ რა გავლენებს მოახდენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი.
გვანცა ჟორჟოლიანის თქმით, აღნიშნული კანონი შეეხება ყველას და არა მხოლოდ იმ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს, რომლებიც კანონშია მოცემული (არაკომერციული იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედიის საშუალებები).
„კონსტიტუციაზე და ფუნდამენტურ უფლებებზე როცა ვსაუბრობთ, შეუძლებელია თემა არ დავიწყო სიტყვისა და აზრის, გამოხატვის თავისუფლებით და არ შევეხო იმ მოვლენებს, რაც დღეს საქართველოში ხდება.
არ მინდა ჩვენმა მსმენელმა ჩათვალოს, რომ ეს ეხება მხოლოდ იმ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს, რომლებიც კანონშია მოცემული (არაკომერციული იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედიის საშუალებები)… ეს კანონი ეხება აბსოლუტურად ყველა ადამიანს.
უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად, როგორც კანონში წერია (მე-8 მუხლი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს განახორციელოს შესაბამისი სათანადო კვლევა და მონიტორინგი.
მონიტორინგში იგულისხმება ორი ფაქტორი: 1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს აქვს იმის უფლება, რომ ეჭვის საფუძველზე, ნებისმიერ დროს გადაწყვიტოს შეამოწმოს ნებისმიერი ორგანიზაცია; 2) ყველაზე მთავარი, ესაა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ, „უცხოური გავლენის აგენტთან“ დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.
მაგალითად, ნებისმიერი არაკეთილმოსურნე, მეზობელი, ნაცნობი, რომელსაც აქვს გარკვეული განზრახვა კონკრეტული ადამიანის მიმართ, შეუძლია დაწეროს წერილობითი განცხადება, მიმართოს სამინისტროს და სამინისტრო ვალდებულია, დაიწყოს მოკვლევა და მონიტორინგი. (კვლევას, მონიტორინგს და მიმართვას ერთი სიტყვა აქვს და მას დასმენა ჰქვია).
ეს მონიტორინგი და კვლევა აქ არ მთავრდება. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს აქვს იმის უფლება, რომ მოითხოვოს კონკრეტული პირის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია. რა იგულისხმება პერსონალურ ინფორმაციაში? მხოლოდ პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და ტელეფონის ნომერი? რა თქმა უნდა არა. იგულისხმება პირადი მიმოწერები, ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია, რასაც თვლი, რომ არის შენი კერძო საკუთრება. (მიმოწერები, ჩანაწერები, დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება იყოს შენს ტელეფონსა თუ კომპიუტერში)“.
როგორც მან აღნიშნა, თუ ამ კანონის იმპლემენტაცია დავუშვით, ვუშვებთ იმასაც, რომ ხელისუფლებას ვაძლევთ ნებისმიერ საშუალებას, შემდეგ ეს კანონი გამოიყენოს საკუთარი შეხედულებებისა და სურვილისამებრ.
„რა შეიძლება მოხდეს შემდეგ? თუ ამ კანონის იმპლემენტაცია დავუშვით, ვუშვებთ იმასაც, რომ ხელისუფლებას ვაძლევთ ნებისმიერ საშუალებას, შემდეგ ეს კანონი გამოიყენოს საკუთარი შეხედულებებისა და სურვილისამებრ. ისევე, როგორც რუსეთში ხდება. უკვე გაირკვა, რომ ე.წ. უცხოელ აგენტებს არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდებათ.
ხელისუფლების მთავარი მიზანი, ამ კანონის მიღებით, არის ის, რომ მოკლას თავისუფალი აზრი, გამოხატვის თავისუფლება და არ მისცეს სამოქალაქო საზოგადოებას, იყოს კრიტიკული გარკვეული პოზიციის შესაბამისად, რომელიც შეიძლება არ იყოს მისაღები ხელისუფლებისთვის“.
იურისტის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება იქნება კომპლექსური კოლაფსი, რომელიც შეეხება აბსოლუტურად ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს და ექნება განსხვავებული აზრი.
„ამ კანონიდან და ამ პროცესებიდან მიღებული შედეგები არ ეხება მხოლოდ ქალებს, ბავშვებს, ან ეკონომიკურ მდგომარეობას. ეს იქნება კომპლექსური კოლაფსი, რომელიც შეეხება აბსოლუტურად ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს და ექნება განსხვავებული აზრი.
დოლარის და ევროს ცვლილებაზე რამდენიმე საათში…როგორ ფიქრობთ, ეს არ მოახდენს გავლენას ბიზნესზე? მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ვაჭრობს ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ დამოკიდებულია იმპორტზე და ვალდებულია, რომ გადაიხადოს უცხოური ვალუტით, როგორ ფიქრობთ, მათთვის ეს დიდი დარტყმა არ არის?
ჩვენ ვნახეთ, რომ აღნიშნული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, ლონდონის ბირჟაზე სა და ბანკის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა. ვინმეს ჰგონია, რომ ეს არ გვეხება? – ყველას ეხება.
საქართველოს მოსახლეობის 95% დამოკიდებულია ბანკებზე. ეს შეიძლება იყოს კრედიტი, სხვადასხვა ვალდებულებები ბანკში და როგორ ფიქრობთ, როდესაც ბანკი ზარალზეა, ის, როგორც მისი კომერციული მიზნებიდან გამომდინარე, რას განახორციელებს? მას ექნება კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რომ ამოიღოს თავისი კლიენტებისგან. როგორ ფიქრობთ, ეს მოქალაქეებს არ შეეხებათ?“.
სამოქალაქო სამართლის სპეციალისტმა, გვანცა ჟორჟოლიანმა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონსა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონზეც ისაუბრა და განმარტა, თუ რისი უფლებები აქვთ სტუდენტებს.
„საქართველოში გვაქვს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ და ასევე, საქართველოში უმაღლესი განათლების შესახებ კანონი.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონს მე-16 მუხლში წერია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველჰყოფს აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტის აკადემიურ თავისუფლებას. თავისუფალი აზრის გამოხატვასა და დაცვას..
შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონი სტუდენტებს აძლევს იმის უფლებას და თავისუფლებას, რომ ჰქონდეთ დემონსტრაცია, გამოვიდნენ ქუჩაში, დააფიქსირონ თავისი აზრი.
მინდა სტუდენტებს ვურჩიო, რომ სანამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, წერილობით მიმართონ უნივერსიტეტებს, დეკანატს, რომ იყენებენ კონსტიტუციურ უფლებას, დააფიქსირონ თავიანთი აზრი და ისარგებლონ გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლებით.
ასევე, კიდევ ერთი ფაქტი, რაც გასათვალისწინებელია – ნებისმიერ ადგილას გვაქვს შეკრების თავისუფლება და ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ როდესაც იკრიბებიან სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების (პარლამენტი, პროკურატურა, პოლიციის შენობა და ა.შ.) ტერიტორიაზე, უნდა დავიცვათ 20 მეტრიანი რადიუსი. (თუ ამ რადიუსს დავიცავთ, არავის აქვს უფლება, აქციის მონაწილეებზე ზემოქმედება მოახდინონ)“.
გვანცა ჟორჟოლიანმა, რადიო „კომერსანტის“ მსმენელების კითხვებსაც უპასუხა:
სტუდენტი: არ მივდივართ ლექციებზე. „შეგვეტენება“ თუ არა საგნები და აღდგენის უფლება თუ მოგვეცემა?
მე როგორც ვახსენე, უმაღლესი განათლების შესახებ კანონს მე-16 მუხლი შეუძლია ყველა სტუდენტმა გამოიყენოს და მიმართოს დეკანატს, იმ შემთხვევაში, თუ პრობლემები შეექმნებათ საგნის ჩაბარებისას.
ყველა სტუდენტს აქვს იმის უფლება, რომ მოითხოვოს, ხელმეორედ გამოცდის ჩაბარება. სამი რამ უნდა ახსენონ: 1) რომ აქვთ უფლება კონსტიტუციურად, საკუთარი სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება; 2) მათ აქვთ მანიფესტაციის და შეკრების უფლება; 3) გამოიყენონ უმაღლესი განათლების შესახებ კანონს მე-16 მუხლი.
სტუდენტი: უნივერსიტეტს შეუჩერდება თუ არა აკრედიტაცია, მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც ისინი მხარს გვიჭერენ?
რა თქმა უნდა, არ შეუჩერდებათ უნივერსიტეტებს აკრედიტაცია, რადგან ავტორიზაციის შესახებ ჩვენ კიდევ სხვა კანონი გვაქვს, რომელსაც უნდა ექვემდებარებოდეს უნივერსიტეტი. აქა არის ძალიან ბევრი პუნქტი (მაგ: განათლების დონე, უნივერსიტეტის კეთილმოწყობა, რა ტიპის ლექციები მიმდინარეობს, როგორი აკადემიური პერსონალი ჰყავს და ა.შ.). აკრედიტაციის გაუქმება დაკავშირებული არაა იმასთან, სტუდენტები ესწრებიან თუ არა ლექციას. ამიტომ, სტუდენტები უნდა იყვნენ მშვიდად.
ლექტორი ვარ. იმიტომ, რომ აქციებზე დავდივარ, არ გამოვრიცხავ სამსახურიდან გამათავისუფლონ. თუ ამ საკითხის წინაშე დავდგები, როგორ უნდა დავიცვა თავი?
პირველ რიგში, წერილობით უნდა მიმართეთ თქვენს დამსაქმებელს, რომ იყენებთ მსგავსი ტიპის უფლებას. გაფიცვასა და მანიფესტაციას შორის განსხვავება რომ გავაკეთოთ, გაფიცვა ესაა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, თუ დასაქმებული არ ეთანხმება დამსაქმებლის გარკვეულ პირობებს. თუ ჩვენ ვიყენებთ იმ უფლებას, რომ გვინდა საკუთარი აზრის დაფიქსირება და ამისთვის გამოვდივართ ქუჩაში, ამ შემთხვევაში, ამას ვეძახით ან შეკრებას, ან მანიფესტაციას.
თუ ჩვენ გაფიცვაზე ვსაუბრობთ, ლექტორის მხრიდან, თქვენ უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში თქვენი დამსაქმებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ გარკვეულ უზუსტობასთან გვაქვს საქმე, ამიტომ სიტყვა გაფიცვას ვერ გამოვიყენებთ, ვინაიდან თქვენ თქვენს უნივერსიტეტთან არ გაქვთ კონკრეტული პრობლემა და უთანხმოება (თქვენ დამსაქმებელთან არ გაქვს გაფიცვის პრობლემა). თქვენ აფიქსირებთ საკუთარ აზრს და გამოხატავთ პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო.
თუ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წარმოიქმნა უთანხმოება, (ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს პოლიტიკასთან შეუთავსებლობა, ან გარკვეული სხვა საკითხები) ამ შემთხვევაში მიმართავთ და სარგებლობთ გაფიცვის უფლებით. სხვა შემთხვევაშიც, უნივერსიტეტს უნდა მიმართოთ წერილობით და უთხრათ, რომ თქვენ იყენებთ კონსტიტუციურ უფლებას და გსურთ მანიფესტაციაზე ან შეკრებაზე მონაწილეობის მიღება.