საქართველოს IT ასოციაციის თავმჯდომარის თორნიკე თოხაძის ინფორმაციით, უცხოელი IT სპეციალისტების მინიმუმ 50% საქართველოდან წავიდა.
“აღსანიშნავია, რომ უცხოელი [რუსი და ბელარუსი] IT სპეციალისტების გასვლის პროცესი გრძელდება“, – თქვა მან “წერტილში“.
როგორც თორნიკე თოხაძემ განაცხადა, ჯამურად, უცხოელი IT პროფესიონალების რიცხვი 40 000-მდე იყო.
რეგიონის ქვეყნებს შორის არსებული კონკურენცია და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება – ეს ის ორი ძირითადი ფაქტორია, რამაც საქართველოს IT ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, უცხოელების საქართველოდან გასვლა განაპირობა.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს IT ასოციაციის თავმჯდომარემ უცხოელი, ძირითადად, რუსი და ბელარუსი IT სპეციალისტების შემოსვლის მიზეზებიც გაიხსენა.
– ჯერ იყო “ვირტუალური ზონის პირების“ სტატუსი [რომლის მოპოვებითაც საქართველოში მოღვაწე საინფორმაციო და ტექნოლოგიური სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს დღგ-ისა და მოგების გადასახადების 0%-მდე შემცირება შეუძლიათ], შემდეგ ამოქმედდა „საერთაშორისო საწარმოს სტატუსი” [საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%] 2020 წლიდან, მაგრამ ამ სტატუსის შემოღებამდე, 2019 წელს საქართველოში უკვე მუშაობდა საკმაოდ ბევრი IT კომპანია, რომელიც რელოკაციის სერვისებს ახორციელებდა ანუ საქართველოს IT ბაზრის მოსინჯვა-დამუშავება დაწყებული იყო. ეს უკავშირდებოდა რუსეთსა და ბელარუსში მიმდინარე პროცესებს – ვგულისხმობ, ძირითადად, სანქციებს, რადგან საერთაშორისო კომპანიებს, ვინც მათი მომხმარებელი იყო, სჭირდებოდათ უკეთესი საკანონმდებლო სივრცე და გარემო თავიანთი თანამშრომლებისთვის. ამდენად, აქედან დაიწყო [უცხოელების შემოსვლა საქართველოში], რასაც დაემატა ჯერ – covid-პანდემიის ეფექტი, შემდეგ – რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტი და მივიღეთ უცხოელი IT სპეციალისტების შემოსვლის ბუმი…
– რატომ დაიწყო უცხოელი IT სპეციალისტების გადინება – რა ვერ შევთავაზეთ?
– სხვადასხვა ფაქტორია და მათ შორისაა რეგიონის ქვეყნებს შორის კონკურენცია – უზუბეკეთი, სომხეთი, თურქეთი იყო აქტიური, როცა უცხოელი სპეციალისტები რელოკაციიდან რელოკაციას აკეთებდნენ… ამ ფაქტორს ბოლოს საქართველოში განვითარებული მოვლენები დაემატა [იგულისხმება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება] და ეს იყო პიკის მილევის ბოლო წერტილი, საიდანაც უკვე ზრდა აღარ მიმდინარეობს.
– საქსტატის მონაცემებით, I კვარტალში, IT სექტორში ხელფასებს გადაასწრო საფინანსო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებამ. შეიძლება, ეს უკავშირდებოდეს უცხოელი სპეციალისტების გადინების პროცესს?
– ჩვეულებრივი მოთხოვნა-მიწოდების საკითხია, რადგან ეს ზრდაც ბუნებრივი არ იყო. რეალურად ეს იყო ანომალიური ზრდა დროის მოკლე მონაკვეთში. ჩვენ ფაქტობრივად გავაორმაგეთ სექტორში დასაქმებული ხალხის რაოდენობა. შესაბამისად, როცა იზრდებოდა ვაკანსიების რაოდენობა, იზრდებოდა ხელფასებიც.
“წერტილთან“ ინტერვიუში საქართველოს IT ასოციაციის თავმჯდომარემ IT სექტორის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიაც შეაფასა და თქვა, რომ „სტრატეგია იყო გარკვეულ იმპულსებზე აგებული, რომელმაც მოიტანა შედეგი, მაგრამ დღეს ეს შედეგი უკან მიდის“.
„ახლაც ვხედავთ, დაახლოებით, ანალოგიური ტიპის სტრატეგიას 20025-2030 წლებისთვის“, – აღნიშნა თორნიკე თოხაძემ და მაგალითად მოიყვანა საკანონმდებლო ინიციატივები 3-წლიანი ბინადრობის უფლების მინიჭებაზე უცხოელი IT პროფესიონალებისთვის, ინოვაციური სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღება და ა.შ.
