საქართველოში ბინის შეძენის მიმართულებით კვლავ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქტიურობენ. ბათუმში, გაყიდული ბინების 71%-ი უცხოელებზე მოდის, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. მათი ასეთი აქტიურობა, ცხადია, უძრავი ქონების ფასს მაღლა წევს და ბინებს ადგილობრივი მოქალაქეებისათვის უფრო ძნელად ხელმისაწვდომს ხდის. ექსპერტთა ნაწილი აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში პრობლემას ვერ ხედავს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის ზომების გატარება, რომ პროცესი შეჩერდეს.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, ბათუმში, უძრავი ქონების პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების 85% საინვესტიციო მიზნით არის შეძენილი, დარჩენილი 15% კი საცხოვრებელი მიზნით შესყიდულ ქონებაზე მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ზღვისპირა ქალაქში, პირველად ბაზარზე, ბინების უდიდესი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ არის შეძენილი. მათი წილი 71%-ს შეადგენს, 26% უჭირავს ქართველ მყიდველებს, დარჩენილი 3% კი ემიგრანტებზე მოდის.
ბიზნესკონსულტანტ ლევან კობერიძის აზრით, როდესაც ამ მასშტაბით ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ბინების შეძენა, საჭიროა შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ, თუ რა მიზანს ემსახურება მათი ასეთი გააქტიურება.
,,პირველ რიგში, დასადგენია უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბინებს რა მიზნით ყიდულობენ. აშკარაა, რომ ადგილობრივ და უცხოურ მოქალაქეებს შორის ძალიან დიდი დისპროპორციაა. ეს უკვე კარგი არ არის. დიდი რისკია ის, რომ მათი ქცევა ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს. საყურადღებოა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები აქტიურობენ. როდესაც ამ დოზით ხდება უძრავი ქონების შეძენა, მათ შემოაქვთ თავიანთი კულტურა, ღირებულებები.
ისეთი პატარა რეგიონში, როგორიც აჭარაა და კონკრეტულად ბათუმი, უცხოელი მოქალაქეების მზარდი კონცენტრაცია დასაფიქრებელია. სასურველია ადგილობრივ ან ცენტრალურ ხელისუფლებას გარკვეული ხედვა ჰქონდეს, თუ როგორ ასიმილდებიან უცხოელები ადგილობრივ მოსახლეობაში ან რას ვაკეთებთ, რომ მათთვის საქართველო არ იყოს დროებითი თავშესაფარი”, – განაცხადა კობერიძემ.
უცხოელ მოქალაქეებზე უკონტროლოდ გაყიდულმა ბინებმა, მომავალში შესაძლოა ბიზნეს რისკებიც გააჩინოს და სამშენებლო სფეროს საფრთხე შეუქმნას.
,,როდესაც პარლამენტმა კანონი მიიღო, რომ საქართველოში ცხოვრების უფლება შეიძლება მიენიჭოს ადამიანს, რომელიც 300 ათას ლარზე ზემოთ ღირებულების უძრავ ქონებას შეძენს, ეს სამშენებლო კომპანიების მხარდასაჭერად გაკეთდა. ერთი შეხედვით, ეკონომმიკისთვის შეიძლება ცუდი არ იყოს, მაგრამ ისეთი პატარა ქალაქისთვის, როგორიც ბათუმია, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა რამდენად ჯდება მის კულტურაში, ცალკე საკითხია. უკვე ფაქტია, რომ მრავალბინიან კორპუსებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები რაოდენობრივად აჭარბებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ვინმე დაფიქრებულა სად მიგვიყვანს ეს ნაბიჯი? უნდა ვიცოდეთ რა საფრთხეები და გამოწვევები შეიძლება არსებობდეს და როგორ ვუპასუხებთ. კერძო სექტორის განვითარება კარგია, მაგრამ თუ ამან ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ საზოგადაოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მატარებელი გახდა, უკვე დასაფიქრებელია.
აგვიხსნას ხელისუფლებამ რამე რისკებს და გამოწვევებს უნდა ველოდოთ თუ მშვიდად ვიყოთ. შესაძლოა მეზობელი ქვეყნებიდან იყვნენ მყიდველთა უმეტესობა, მაგრამ ფაქტია, ყველა ქვეყანას თავისი გეოპოლიტიკური მიზნები გააჩნია. სწორედ ამიტომ მკაფიო პასუხები გვჭირდება”, -ამბობს კობერიძე.
აღნიშნულ საკითხთან თავისი დამოკიდებულება აქვს ურბანისტ ლადო ვარდოსანიძეს. ის ფიქრობს, რომ დიდი დოზით უცხოელების მიერ ბინების შეძენა საბაზრო ურთიერთობებითაა გამოწვეული და თუ კანონმდებლობა არ კრძალავს, ჩვენ ვერაფერს გავხდებით.
,,საბაზრო ურთიერთობაა და კანონმდებლობა თუ არ კრძალავს, ვერაფერსაც ვერ ვიზამთ. მოგეხსენებათ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ბინების შეძენა კანონმდებლობით დაშვებულია. ვერ დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში, როცა უცხოელებს ბინების შეძენა არ შეეძლოთ. რაც შეეხება ფასებს, რადგან მოთხოვნაა, ფასიც მაღალია. მყიდველების დეფიციტი რომ იყოს სხვა რეალობა გვექნებოდა. რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს. ჩვენი მოქალაქეებიც ხომ ყიდულობენ ლონდონში და პარიზში ბინებს? საბაზრო ურთიერთობამ არ იცის დიდი და პატარა ქვეყნები”, – აღნიშნა ვარდოსანიძემ.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში ჭარბი რაოდენობით ბინების შეძენაზე უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ექსპერტ ზვიად ტომარაძეს. მისი აზრით, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მყოფი ქვეყნისთვის, ასეთი დოზით უცხოელების შემოდინებამ მომავალში შეიძლება სერიოზული საფრთხე შექმნას.
,,უცხოელების მიერ ჭარბი რაოდენობით ბინების შეძენას დადებითი მხარე არ აქვს. ფაქტობრივად, მიმდინარეობს პროცესი, საქართველო ქართველების გარეშე. დემოგრაფიულად კატასტროფაში მყოფი ქვეყნიდან გადის მოსახლეობა და პარალელურად უცხო ქვეყნის მოქალაქე და ეთნოსი შემოდის, ამას დადებით არაფერი მოაქვს. სამწუხაროდ, სამშენებლო ბიზნესი ხელისუფლების მხრიდან წახალისებულია, რადგან სწორედ მათი წამომადგენლები არიან პარლამენტში. შესაბამისად, ფინანსური კუთხით უდგებიან და ვერ აცნობიერებენ (ან აცნობიერებენ და მაინც აკეთებენ) თუ რა ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის ეს ყველაფერი.
სხვა ეთნოსს, სხვა კულტურა აქვს. ისტორიულად ასეა. მსგავს ფაქტებს კონფლიქტი მოჰყვება და ხდება ჩანაცვლება უცხო ეთნოსის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის. შესაბამისად, ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. არ შეიძლება ას ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა გქონდეს და მათი მოქალაქეები ასეთი მასშტაბით ყიდულობდნენ ბინებს და მერე აქ ცხოვრების უფლება ჰქონდეთ.
ლიბელრული სავიზო პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს, სახელმწიფო ვართ თუ საგამოფენო დარბაზი? ისეთ ქვეყნებსა აქვთ უვიზო მიმოსვლა ჩვენთან, რომ მოსახლობის დიდ ნაწილს მათი სახელიც კი არ ექნება გაგებული. რაც შეეხება სამშენებლო ბიზნესს, მორატორიუმი უნდა დაწესდეს და შეჩერდეს მაღალსართულიანი ბინების მშენებლობა. ფაქტობრივად, ჩვენს მოსახლეობას ამის შეძენის საშუალება არ გააჩნია და ყიდულობენ უცხოელები, რაც უარყოფითად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე. ეს პირდაპირ კავშირშია გაძვირებასთანაც.
არ შეიძლება სამოცმილიონიან ქვეყანას სამმილიონიანი ქვეყანა შეადარო, რომელსაც დემოგრაფიული კატასტროფის პირასაა. კაპიტალიზმის პირობებშიც შესაძლებელია დაიცვა შენი ქვეყანა და საფრთხე აარიდო. ამიტომაც, უნდა გამკაცრდეს საემიგრაციო პოლიტიკა და საკუთრების შეძენა არ უნდა გახდეს ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ცხოვრებისა საფუძველი”, – ამბობს ტომარაძე.
წყარო: რეზონანსი
