“ანდრომ მათხოვა ფრანკლის “ფსიქოლოგი საკონცენტრაციო ბანაკში“ (მე ვათხოვე “ჰომო დეუსი“. პირველი 2 თვე, მე ნერვები ისეთ დღეში მქონდა, თუ წიგნში “ექშენი“ არ იყო, ვერ ვკითხულობდი. მარა თუ ეს “ფსიქოლოგი საკონცენტრაციო ბანაკში“ გაუსწორდა, ე.ი. Homo Deus-ის ნერვიც აქვს, ალბათ).
ხოდა, მანდ ფრანკლი აღწერს – რო ხანდახან ტყვეს – რაღაც კონკრეტული დამცირება ისე ცუდად გრჩება გულში, – როგორც არ გრჩება ბევრი სხვა ფიზიკური ტკივილი ან გასაჭირი.
პარალელურად – ვიღაც წერდა FB-ზე – წარმოიდგინეთ რა ნებისყოფა სჭირდებათ პოლიტპატიმრებს, სასამართლოზე რო შემოჰყავთ და იქეთ უნდა ოჯახის წევრები დააწყნარონო.
ხოდა, კაი ხანია მინდოდა აღმეწერა რა ხდება მაგ დროს სინამდვილეში. და თან ამ ორ რაკურსს გავაერთიანებ.
ზიხარ ციხეში და კვირები “სუდ“-ის დღეს ელოდები, როგორც პირველკლასელი – სკოლის დაწყებას. მეტი შენს ცხოვრებაში არაფერი ხდება. ეს არის ერთადერთი ჰაილაითი რა, მიიზლაზნება დღეები. ზუსტად იცი – “ზემოდან“ ბრძანებაა და ცირკი იქნება და არა სასამართლო, მარა ვერ ერევი თავს.
დადგება დღე.
დილის 8-ზე მოვა ოფიცერი: “სუდი გაქ დღეს, ასე 1 საათში მზად იყავი“
8:10-ზე – მოაქვთ პური.
საჭმელი – 10-კენ არი.
კუჭს იტენი პურით – იმიტო რო ჭამას ვერ მოასწრებ. იცვამ უშნუროკებო ბოტასს და ყველაფერ თბილს.
მოვლენ, გაყავხართ. გზად ოფიცერს უბარებ – “პაიოკი რო მოვა – ჯამი დავტოვე და რამე დამიდოს რა, – მშიერი დავბრუნდები“
მე ხო “ალ-კაპონე“ ვარ, ამიტო ჩემი გამოცდილება შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს ბიჭებისგან.
გავყავართ დერეფნებით – იმ კარამდე, სადაც გარედან მანქანები მოდიან – იქვე არის სპეციალური მოსაცდელი საკნები. აუცილებლად ვიღაც იტყვის “მესამეში შეუშვი“ – “არა, ეს მარტოა“ – “ვახ, კაი, მეორეში მაშინ“. ყველა საკანი, რო გესმოდეთ, ზომაში არი საშუალო სააბაზანო ოთახის ხელა. კედლები და სკამი მთელი კედლის გაყოლებაზე.
20 წუთის მერე – გამოყავხართ. გასვლამდე – რენტგენი.
“გარეთ“ ქვია დახურულ გარაჟს – სადაც მოდიან ეტაპირების მიკროავტობუსები. ცას ვერ ხედავ.
გადებენ ბორკილებს. თუ ბორკილები თქვენთვის არ დაუდიათ – აზრზე არ ხართ რა საშინელი გრძნობაა. გსვამენ ამ ავტობუსში პლასტმასის სკამზე, გიკეტავენ გისოსებს. ერთ-ერთი აუცილებლად იტყვის – “ერთია?“ – “ხო“ – “ კაი, წავედით მაშინ“.
გზაში – 3, 4 ან 5 ბადრაგი – ბაზრობენ ერთმანეთში ყოველდღიურობაზე. მათთვის შენ ხარ … კოკა-კოლას ბოთლი – რომელიც უნდა მისამართზე მიიტანონ, რა. ყველაზე მეტად ამას გავს ეტაპირება – დისტრიბუციას. ადამიანი არ მიჰყავთ, ტვირთი გადააქვთ.
შენ ცდილობ – წინა ფანჯრიდან სამყარო დაინახო, რომელიც თვეებია არ გინახავს. ვიღაც მასტი გვიჭრის საცობში გზას, “ჩაფურთხებული“ ზის ბეემვეში, ტელეფონზე ბაზრობს და ჩიზბურგერს ჭამს – და თან ეტაპირების მანქანას ეჩხუბება, სად ეკვეხებიო. სიტყვები ვერ აღწერს შურის შეგრძნებას. ესაა მისი პრობლემა ცხოვრებაში – გაღიზიანდა, საცობში უპატივცემულოდ მოექცა “დისტრიბუტორების“ მანქანა.
ხვდები რო ძაან მწარეა და აღარ იხედები გარეთ მეტი.
40 წუთის მერე – მიგიყვანენ საქალაქოში.
“გამოვუშვა?“ – “გამოუშვი“ – გაგიღებენ, ჩამოხვალ, ბორკილებიანი – შეყავხართ სარდაფში.
იქ გხვდება 30 პოლიციელი. ზოგი “დერეფანს“ აკეთებს. წესია ეგეთი. ყველა ზიზღით გიყურებს. ზოგი ზურგს უკან ამბობს “ეს ის ნაცია ხო?“ – ან რამე ეგეთს.
“პირველში შეუშვი“
ე.წ. ბოქსის კარებთან – გახსნიან ბორკილებს. მე დილეგს ვეძახი.
“რომელი საათია?“ – “10 ხდება“
თავში ფიქრობ – პროცესი კიდე პირველზე მაქ
ბოქსი არი პატარა, ბინძური ოთახი – ხის სკამით კედლის გასწვრივ. კპზ-ზე ლეიბი მაინც არი და წამოწვები, აქ ეგეც არაა.
ცოტა ხანი – თავს ირთობ კედლებზე 1000 წარწერის კითხვით. ათასი მოკლე შაირია, პროკურორის და მოსამართლის გინებით. არი ლოცვები. არი პროსტა “კირპიჩა – 2021“.
პირველში – ზუსტად მახსოვს რო არი “თავისუფლება ლაზარეს!“ მერე ქვეშ სხვა ასოებით – “სპასიბა ძმა, ლაზარე ვარ“ – მერე ქვეშ, კიდე სხვა ხელით “ლაზარე შენი …“ – მერე ქვეშ ისევ “ლაზარე ვარ, შენიც“ და ქვეშ და ოდნავ გვერდით მიწერილი აქვს ვიღაცას “რას იგინებით ბიჭო, ღმერთი არ გწამთ?“
მგონი მე-4-ში წერია კედელზე “გოგოებო, სამტრედიის ციხეში ვზივარ, სამუდამო მაქ მოსჯილი, მომწერეთ რა (მერე რაღაც მისამართი) – აქ რო მოვა გამომიგზავნიან“
და ასე – 1000 რამე წერია. ძალიან დასანანია რო ისე დაიკარგოს, სურათები არავინ გადაუღოს.
მერე პროსტა წრეზე დადიხარ, ზოოპარკში ცხოველივით. არ იცი – 20 წუთი გავიდა? 1 საათი? – იქნებ 3 წუთი მხოლოდ? – რატო არ შეიძლება კედლის საათი?
ხოდა მივუახლოვდით დამცირებას, რომელიც მე საშინლად მახსოვს.
ამ ბოქსებში, არ არის ტუალეტი!! – კი, საკნებია – საპირფარეშოს გარეშე.
ზიხარ ამ ყუთში, სრულ ვაკუუმში და დროს ხვდები იმით, რამდენად უფრო გეფსია.
ბოლოს აბრახუნებ კარზე.
გარეთ ისმის უამრავი ხმა, საუბარი, აბრახუნებ ისევ. მოდის ვიღაც, აღებს ფორტოჩკას “რა გინდა?“ – “საპირფარეშოში“ – “კაი, მაცადე 20 წუთი და გაგიყვან“ – ხურავს.
იცდი “სავარაუდოდ 20 წუთი“ – რა თქმა უნდა არავის ახსენდები.
აბრახუნებ ისევ. ნაბიჯებით ხვდები რო ვიღაც მოვიდა კართან, ელოდები. სიჩუმეა.
აკაკუნებ კარზე.
უცებ იქედან – გიბრახუნებს კარზე ფეხით და ყვირის “იი! გაჩუმდი ბიჭო! გაგიყვან, ხო, დაიცა დადგნენ!“ – და რამოდენიმე ადამიანის ხარხარი.
ხოდა აი ეგ მახსოვს ყველაზე დიდ დამცირებად. იქედან რო მომიბრახუნა. ადამიანი არ ვარ, ძაღლი ვარ ან რაღაც, მომაკეტინა, შევაწუხე ჩემი “მეფსია გამასეირნე, პატრონო“-თი.
მერე გიღებენ, გადებენ ბორკილს, გიკეთებენ “დერეფანს“ – გიშვებენ საპირფარეშოში და მერე უკან “2 საათში ერთხელზე მეტჯერ არ შეიძლება იცოდე“.
კუჭი გეწვება შიმშილისგან – აჰა, ანუ ბევრი დრო გავიდა, აწი მალეა. მგონი თუ ბევრს იხმაურებ – ბუტერბროდი უნდა მოგცენ. მე არ მომითხოვია არასოდეს, არც გამიგია ვინმეს ეთხოვოს. სად აქვთ, თუ აქვთ – არ ვიცი. რო შეყავხართ – რო მოგცენ 1 წყალი და 1 ნაჭერი რამე – რა მოხდება?
ბოლოს კართან მოვლენ – ჩხაკუნია. “დაიწყო პროცესი“. გადებენ ბორკილებს, ამოგიდგებიან გვერდებში, აყავხართ ზემოთ, რაღაც ვიწრო დერეფნებით.
უცებ იჩითები კეთილმოწყობილ დარბაზში, ყველას ნოუთბუქი უდევს წინ, ტელეფონი, წყალი.
კარგად გამოძინებული პროკურორი – კართან ამთავრებს შაურმის ჭამას, შემოდის დარბაზში. ყავის ჭიქით ხელში.
ადვოკატები მოვლენ შუშის ბოქსთან – და სწრაფ-სწრაფად გიყვებიან რა გაირკვა ბოლო ვიზიტის მერე, რა გეგმა გვაქ – რა თქვა, რა არ თქვა (მანამდე მათ ვერ ნახულობ)
და ამას ქვია – თანაბარ პირობებში ხარ ჩაყენებული.
ჩემს პროცესებზე: მერე, შემოვა მოსამართლე, “სხდომას ვაცხადებ გახსნილად“ და იღებს ტელეფონს, სკროლავს რაღაცას და ამბობს “16-ში გაწყობთ?“ – “კი, ბატონო მოსამართლე“ – პასუხობს პროკურორი. “რა?! დეებთ?!“ თითქმის გაკვირვების გარეშე კითხულობს ჩემი ადვოკატი. “დიახ, 16-ში, სამზე, თქვენც გაწყობთ?“ – “მერამდენედ?!“ – “არ მცალია. 16-ში გაწყობთ მეთქი?“
აირჩევენ დროს და ჩანიშნავენ. 3 კვირის მერე. (მერეც იგივეს იზამენ. და მერეც. თვლა დავკარგე უკვე)
გადებენ ბორკილებს. ჩაყავხართ უკან. შეგაგდებენ ბოქსში.
უცნობი რაოდენობა დროის მერე: გამოყვანა, ბორკილები, “ერთია?“, “მერვეში ხო?“
საცობი. ცალკე ლოდინი ციხის წინ, ასეთივე მარშრუტკების რიგში.
ბოლოს ჩამოსვლა. ბორკილებს გხსნიან. რენტგენი.
და ოფიციალურად გიხარია – ნაცნობი ბადრაგები, ნაცნობი დერეფნები. გენატრება საკანი.
მორიგე ოფიცერი: “წამო, ჩაგკეტო. რაო სუდზე?“ – “გადაიდო“ – “ვახ, მერამდენედ ტო?“ – “მეხუთედ“- “ვახ! საჭმელი დავატოვებიე“ – “აუ, ჯიგარი ხარ.“
გკეტავენ და ლამის ბედნიერი ხარ, რომ ეს დღე დასრულდა.
და ეს მე, 9 თვეა, მივეჩვიე.
თავიდან – სანამ ღირსება და ადამიანობა ჯერ კიდევ შერჩენილი გაქ – უარესია ეს ყველაფერი ახლებისთვის.
უბრალოდ რომ იცოდეთ, რა გზას გადიან ბიჭები, მერე სასამართლოს ბოქსიდან რომ თავისი ახლობლები გაამხნევონ.
როცა გავიმარჯვებთ, ამ პროცესის გაადამიანურებაც არ უნდა დაგვავიწყდეს,” – წერს უჩა აბაშიძე სოციალურ ქსელში.