უფლებადამცველი ორგანიზაციები ევროპის საბჭოს სადიგოვის საქმეზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ – Netgazeti

რვა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს, მოუწოდა რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში იძულებით დაბრუნების საქმეზე.ორგანიზაციების განცხადებით, სადიგოვის დეპორტაცია 2026 წლის 5 აპრილს განხორციელდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სავალდებულო დროებითი ზომის მიუხედავად, რომელიც აზერბაიჯანში მის ექსტრადიციას 2025 წლის შემდეგ კრძალავდა.წერილში ევროპის საბჭოს ოთხი მოთხოვნით მიმართავენ: გამოიკვლიონ საქართველოს ქმედებების შესაბამისობა ევროპულ კონვენციასთან, მოითხოვონ განმარტებები აზერბაიჯანისგან, დანიშნონ სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და წევრ ქვეყნებს სადიგოვის დაცვისთვის დიპლომატიური ზომების გამოყენებისკენ მოუწოდონ.ორგანიზაციების შეფასებით, სადიგოვის საქმე ერთეული შემთხვევა არ არის და იგი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კრიტიკოსთა დევნის კოორდინირებული პრაქტიკის ნაწილია.2026 წლის 4 აპრილს ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოხდა 2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნებული Facebook პოსტის გამო. პოსტის შინაარსი შემდეგნაირია: [იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან, ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.]2026 წლის 5 აპრილს, კვირას, გამთენიისას, დაახლოებით 03:00-04:00 საათზე ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.  სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება თავის წარმოშობის ქვეყანაში (აზერბაიჯანში) და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.