ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ აქტივისტს, ნინო დათაშვილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის განმავლობაში ჩაუტარებენ.
როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, ნინო დათაშვილის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პრობლემა არის ის, რომ ხერხემალზე გაკეთებული ოპერაციის გამო, პროკურატურამ გადაწყვიტა, ნინო დათაშვილს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტაროს.
„პარასკევის მდგომარეობით არ იყო გადაყვანილი, შაბათ-კვირას არ გადაჰყავთ ხოლმე. ხვალ ვაპირებ, რომ მოვინახულო ნინო დათაშვილი და მექნება ინფორმაცია, გადაიყვანენ თუ არა. ყველა ვარიანტში, ამ კვირას უნდა გადაიყვანონ იმიტომ, რომ განჩინების შესაბამისად, სასამართლომ განსაზღვრა 30 დღე და ამ 30 დღეში შედის კვლევის, გადაყვანისა და უკან დაბრუნების დრო. შესაბამისად, ის კვირა არის ის ვადა, რომელიც უნდა გამოიყენონ განჩინების შემსრულებელმა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორშაბათს უკვე შეიძლება გადაიყვანონ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე იმიტომ, რომ მას ხერხემალზე აქვს გაკეთებული ოპერაცია. პრობლემა არის ზუსტად ის, რომ ხერხემალზე გაკეთებული ოპერაციის გამო, პროკურატურამ გადაწყვიტა, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტაროს“,- განაცხადა თამარ გაბოძემ.
ადვოკატის განმარტებით, პროკურატურამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები ნინო დათაშვილის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით.
„მსგავსი ჩანაწერი სამედიცინო დოკუმენტში არ არსებობს. ნინო დათაშვილის თანხმობით, ჩვენ გავასაჯაროვეთ სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც ორგანიზაციის გვერდზე არის, სადაც არანაირი ჩანაწერი არამდგრადობასთან დაკავშირებით არ არის აღნიშნული“,- განაცხადა თამარ გაბოძემ.
როგორც მან განაცხადა საუბარია ფსიქო-ემოციური ლაბილობაზე, რაც ადვოკატის განმარტებით, ხერხემლის დაავადების თანმდევი მდგომარეობა არის, როდესაც ადამიანს აქვს ტკივილები და ამას ემოციებით გამოხატავს.
„[პროკურატურის] განცხადება არასწორ ინფორმაციას შეიცავს. ალბათ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა მიზანი, რადგან არამდგრადი მდგომარეობა სამედიცინო ჩანაწერებში არ იკითხება. ჩვენ ეს მტკიცებულება გავასაჯაროვეთ, რომ იქ მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. გარდა ამისა, ალბათ, მიზანი არის, რომ რომ გაამართლოს პროკურატურამ თავისი უკანონო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება სტანდარტებს, ვალდებულებს და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, როდესაც შესაძლებელია, ადამიანს ექსპერტიზა ჩაუტარდეს. ნინო დათაშვილს ხერხემლის ოპერაციის გამო, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უტარებენ და ეს დადგენილება მიიღო პროკურატურამ. როგორც არ უნდა ცვალონ და ინტერპრეტაცია მისცენ ამ განცხადებას, არსებობს სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც მე წარვადგინე იმიტომ, რომ ნინოსთვის პატიმრობა არ შეეფარდებინათ“,-განაცხადა თამარ გაბოძემ.
გარდა ამის, ადვოკატის ინფორმაციით, ნინო დათაშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ობიექტური ვერასდროს იქნება, რადგან „არცერთი მოწმე, რომელიც სასამართლოს თანამშრომელი არ არის, გამოკითხული არ არის“. ადვოკატის ცნობით, ასევე არ არის გამოკითხული თავად ნინო დათაშვილი, რომელიც არაერთხელ ითხოვდა, რომ გამოეკითხათ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ნინო დათაშვილის უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურამ „სრულიად უსაფუძვლოდ მოითხოვა დათაშვილისთვის სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა“.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ განმარტა, რომ თავად დაცვის მხარემ წარადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა და ექსპერტიზის დანიშვნა მიზანშეწონილად ამიტომ ჩაითვალა.
პროკურატურის განცხადების საპასუხოდ, ნინო დათაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ დათაშვილს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, რაც სიმპტომია და არა დიაგნოზი.
„2019 წელს გაცემულ დოკუმენტში მკაფიოდ მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს მალთაშუა დისკის დაზიანება, რადიკულოპათია, მალთაშუა დისკის თიაქარი. ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებსა და ტკივილის ინტენსივობამ იმატა უკანასკნელი წლების განმავლობაში. აღნიშნული დიაგნოზის და მწვავე ტკივილების თანმხლებად მითითებულია, რომ ნინოს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა.
ემოციური ლაბილობა არ არის დიაგნოზი. ის არის სიმპტომი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის შერაცხადობასთან”,- განაცხადეს დათაშვილის უფლებადამცველ ორგანიზაციაში, – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
