უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟია ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით – სარჯველაძე

„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ გასულ წელს ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს ადამიანების ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი უსაფუძვლოდაა ატეხილი.
მისი თქმით, BBC-მ გადაუმოწმებლად არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და ტყუილია, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერება გამოიყენეს.
როგორც სარჯველაძე აცხადებს, ნივთიერება (კამიტი), რომელსაც BBC ასახელებს წყალში საერთოდ არ ზავდება. BBC-ს თანახმად, სავარაუდოდ, კამიტის სხვა ნივთიერებაში აზავებდნენ და წყლის ჭავლში ისე ურევდნენ.
„მაღალკვალიფიციური ექიმების დასკვნებითაც მარტივად დასტურდება და ელემენტარული ლოგიკაც კმარა იმის სათქმელად, რომ აბსოლუტურად არასწორად, უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟია ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით.
ნივთიერება, რომელზეც ადამიანებს ეუბნებით, რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არც ზავდება. ძალიან გთხოვთ, ვიდრე ადამიანებს ეტყვით, რომ ისინი მოწამლეს კონკრეტული ნივთიერებით, მანამდე მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
სარჯველაძის თქმით, რაიმე საგანგაშო მონაცემი, რომელზეც ვინმეს პანიკა უნდა აეტეხა და ქიმიურ იარაღზე ეჭვი მიეტანა, არც შარშან არსებულა და არც ახლაა.
„მე ვთვლი, რომ ეს იყო კანონსაწინააღმდეგო აქცია. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ყველა ნორმალურ ქვეყანაში საპოლიციო ძალებს აქვს სხვადასხვა საპოლიციო საშუალება, მათ შორის ისეთი საშუალებები, რომლებიც იწვევს რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, ცრემლდენას და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ბოლომდე სიმართლისთვის უნდა ვთქვათ, რომ პიროტექნიკასაც რომ მავნე თვისებები აქვს, ეს ახლავე შეგიძლიათ ნებისმიერ წყაროში გადაამოწმოთ. მაგალითად, იმ დახურულ სივრცეში ამ მასშტაბით იმდენი პიროტექნიკის გამოყენებას რა შეეძლო გამოეწვია ადამიანებისთვის.
ხდება დაშლა კანონსაწინააღმდეგო აქციის, გამოყენებულია კონვენციური საშუალებები და ახლა მეუბნებიან, კონკრეტული ფორმულა უნდა გამოიკვლიო მარტო იმიტომ, რომ ვინმემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა BBC-ს, მან გადაუმოწმებლად, ნებსით თუ უნებლიეთ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ამიტომ თურმე მე უნდა დავჯდე და კონკრეტული ინფორმაციები ვარკვიო, რომელიც აპრიორი ვიცი, რომ აბსოლუტურად მცდარია…
მე მჯერა არა ჩახუნაშვილების მოსაზრების, რომელსაც არასწორად ეყრდნობა BBC, არამედ მაღალკვალიფიციური ტოქსიკოლოგების, რომლებმაც თქვეს, რომ არ არსებობს მიზეზი იმ დასკვნის გაკეთებისთვის, რომ ვინმეს რაიმე უკანონო ჰქონდეს გამოყენებული. კონკრეტული ნივთიერება რა როდის შეისყიდა, როგორია მისი ფორმულა, ამის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია აქვს -ს. მჯერა და მგონია, რომ მოქმედებდა კანონმდებლობის დაცვით, როცა ამ საშუალებებს იყენებდა….
იმ დღეს, როცა აქციები ტარდებოდა, ინტოქსიკაციის შემთხვევები ალკოჰოლითაც იყო, შეიძლება, პიროტექნიკით იყო. არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ამ ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და ვამტკიცებთ, რომ ადამიანებს დაუპირისპირდნენ საშუალებით, რომელიც არის ლეტალური“, – განაცხადა სარჯველაძემ.
პირველ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
„ქართულ ოცნებაში“ BBC-ს ინფორმაციას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებიათ, თუმცა ამ დრომდე არ ასახლებენ, კონკრეტულად რა ნივთიერება გამოიყენეს გასულ წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ.
სუს-მა, რომელსაც „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ხელმძღვანელობს, გამოძიება დაიწყო ორი მუხლით. მათ შორისაა 319-ე მუხლი, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ სუს-მა BBC სამართლებრივადაც გამოაცხადა „უცხოეთის ორგანიზაციად“, ხოლო მის მიერ შექმნილი ჟურნალისტური პროდუქტი – „მტრულ საქმიანობად“.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლითაც, რაც პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასაც ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს პროკურატურა ერთი წელია იკვლევს, თუმცა ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არაა დაკავებული, რომელმაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში უფლებამოსილებას გადაამეტა. პარალელურად სპეცრაზმის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი, ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) ჩათვლით, ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ