ურსულა ფონ დერ ლაიენი – მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკრაინის მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაფინანსების შესახებ გამოსავალი ვიპოვოთ

მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკრაინის მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაფინანსების შესახებ გამოსავალი ვიპოვოთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„დღეს ევროპული საბჭოს შეხვედრა მნიშვნელოვან მომენტში იმართება. დღეს ჩვენი საბოლოო მიზანი უკრაინაში მშვიდობაა. ამისთვის კი უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაფინანსება სჭირდება. საუბარია 137 მილიარდ ევროზე. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რომ დაახლოებით 90 მილიარდს დავფარავთ. მე ორი წინადადება წამოვაყენე: პირველი ევროკავშირის ბიუჯეტზე სესხის აღებაა, ხოლო მეორე რეპარაციული სესხია. ამიტომ, დღეს განვიხილავთ, თუ რომელს ავირჩევთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, „დღეს მიზანი უკრაინის დაფინანსების უზრუნველყოფაა“.
„მე ბელგიის მიერ გამოხატული შეშფოთების მესმის. თუ ჩვენ რეპარაციული სესხის გაცემას გადავწყვეტთ, მაშინ რისკები ყველამ უნდა გაიზიაროს. ეს ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპია. დღეს გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. მოლაპარაკებებს გადაწყვეტის გარეშე არ დავტოვებ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს