„უნდა წავიდეთ იქითკენ, რომ გავბედოთ და შემოვიღოთ ჯანდაცვაში რაღაც კატეგორიებისთვის სავალდებულო დაზღვევა“ – დევი ხეჩინაშვილი

,,სადაზღვევო ასოციაციის” ხელმძღვანელი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საჭიროა 2017 წელს ამოქმედებული რეგულაციის გაუქმება, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში ადამიანი სახელმწიფო დაზღვევას კარგავს. დევი ხეჩინაშვილი მიიჩნევს, რომ ამ რეგულაციამ კერძო სექტორს მომხმარებელი დააკარგვინა.
,,რასაკვირველია კერძო სექტორმა დაკარგა მომხმარებელი. მე მეტს გეტყვით. მაგალითად კორპორაციული დაზღვევა. მიდიხარ და თანამშრომლების ნაწილი ამბობს, რომ თანახმა ვარ დავკარგო სახელმწიფო დაზღვევა. მეორე ნაწილი ამბობს, რომ არ ვარ თანახმა. ეს იწვევს იმას, რომ 100%-დან სადღაც ნახევარი შეიძლება არ დაეზღვიოს. ეს თავის თავად სადაზღვევო თვალსაზრისით ცუდია. ეზღვევა ის, ვისაც უკვე ხარჯი აქვს გასაწევი. ანტისელექცია ცუდია დაზღვევისთვის. აძვირებს პროდუქტს და ა.შ. ადამიანების არც ხარისხებად დაყოფა არის კარგი. ვისაც ეკუთვნის სახელმწიფო სიკეთე იმან უნდა მიიღოს. პირიქით, ის რომ მან დაზღვევა იყიდოს და იქიდან იყოს გადახდილი ამბულატორია, წამლები და ა.შ. ბევრად უკეთესია ეფექტიანობისა და ეფექტურობის თვალსაზრისით.”- აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
,,სადაზღვევო ასოციაციის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საკითხი მთავრობასთან არაერთხელ დააყენეს. დევი ხეჩინაშვილის შეფასებით, პირველი ნაბიჯი სწორედ ამ რეგულაციის გაუქმება უნდა იყოს. მისივე განცხადებით, საკითხზე კომუნიკაცია ახლაც მიმდინარეობს. დევი ხეჩინაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა კატეგორიების გამოყოფა, რომლებისთვისაც კერძო დაზღვევით სარგებლობა სავალდებულო იქნება. ამით სახელმწიფო მილიონობით ლარის დაზოგავს შეძლებს.
,,მინიმალურად რაც უნდა მოხდეს, შეიძლება პირველი ნაბიჯი ეს იყოს, რომ შეზღუდვა, რომელიც 2017 წელს შემოვიდა ჩაიხსნას. ფაქტობრივად, ჩვენ ორი ხარისხის მოქალაქე გვყავს საქართველოში. მოქალაქეები რომლებიც კარგავენ სახელმწიფო სიკეთეს, თუ გაბედეს და იზრუნეს თავისი ჯანდაცვის ხარჯების ორგანიზებაზე და იყიდეს დაზღვევა. მეორე არიან მოქალაქეები, რომლებიც არ კარგავენ სახელმწიფო სიკეთეს. ამაზე წლებია ვლაპარაკობთ, ახლაც გვაქვს კომუნიკაცია. ვნახოთ რა იქნება. ათასჯერ არის გაჟღერებული და პარლამენტშიც დაყენებული, რომ საერთოდ წავიდეთ იქითკენ, რომ გავბედოთ და შემოვიღოთ ში რაღაც კატეგორიებისთვის სავალდებულო დაზღვევა, რომელიც მთავრობას მაშინდელი გათვლებით (ვამბობ 6 წლის წინ) 200 მლნ. ლარს დააზოგინებს. ახლა ეს 200 მლნ. გახდა ალბათ 400, რადგან გაძვირდა ყველაფერი.”- აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
,,სადაზღვევო ასოციაციის” ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ დღეს არსებული რეგულაცია კერძო სექტორს გასაქანს არ აძლევს. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული პირების უმეტესობა ისევ სახელმწიფო პროგრამაში დარჩენას ამჯობინებს. კერძო დაზღვევას კი ის პირები მიმართავენ, ვისაც ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ისედაც მაღალი ხარჯის გაწევა უწევს.
,,აქ თემა არის ისეთი, რომ რეგულატორულად საყოველთაო ჯანდაცვასთან მიმართებით ისეა დალაგებული ჩვენი ჯანდაცვის დაფინანსების სისტემა, რომ ის ფაქტობრივად არ აძლევს გასაქანს კერძო სექტორს. იმიტომ, რომ საშუალო ასაკის ადამიანმა, მშრომელმა, გადასახადის გადამხდელმა თუ დააზღვია რამე, ის დაკარგავს საყოველთაო დაზღვევის პროგრამას. ეს არ არის კარგი. ვის აქვს დღეს უფლება, რომ ორივე დაზღვევა ჰქონდეს? ესენი არიან ბავშვები, უმწეოები და პენსიონერები. კიდევ არიან მასწავლებლები. დანარჩენს არ აქვთ ორივე დაზღვევით სარგებლობის უფლება. ის ადამიანი, რომელიც შრომობს, დოვლათს ქმნის, ხელფასი აქვს იმას არ აქვს უფლება. ვიღაც მიდის იმაზე, რომ უარს ამბობს უფასო სიკეთეზე სახელმწიფოს მხრიდან და მარტო კერძო დაზღვევაზე გადადის. ასეთია 700 ათასზე მეტი ადამიანი.”- აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.