აქტივისტი ბექა პაპაშვილი პოლიციელებმა ნარკოტიკულ თრობაზე გადამოწმების მიზნით განყოფილებაში გადაიყვანეს. ის პოლიციელებს საკუთარი ნებით გაჰყვა. პოლიციის მანქანაში ჩაჯდომამდე კამერების წინ ამოიტრიალა შარვლის ჯიბეები, რათა დაედასტურებინა, რომ ჯიბეში უკანონო არაფერი უდევს.
“[ჩვენი] ინფორმაციის თანახმად, თქვენ უნდა იმყოფებოდეთ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ამასთან დაკავშირებით, გადამოწმების მიზნით, ჩვენი მხრიდან რეაგირება რომ მოხდეს, უნდა შეგამოწმოთ ნარკოტიკულ თრობაზე” ,- ასე მიმართა ერთ-ერთმა პოლიციელმა პაპაშვილს. “სრულიად სუფთა გახლავართ და ეს სისუფთავე დამტკიცდება კიდევაც. მე მოგყვებით”, – უთხრა პაპაშვილმა მათ.
პოლიციელებმა მას შეყვარებულის, ქეთი ხომერიკის სახლთან მიაკითხეს. სწორედ ხომერიკმა გადაიღო პაპაშვილის გადაყვანა. ფეიბუქ-ლაივში ის ამბობს, რომ ცოტა ხნით ადრე უცნობი ნომრიდან დაურეკეს, უთხრეს, რომ ფოსტიდან იყვნენ და მისამართი ჰკითხეს. რამდენიმე წუთში სახლთან პოლიციელები მივიდნენ. ისინი უარყოფენ, რომ ხომერიკს სახლის მისამართი მოტყუებით ათქმევინეს.
პაპაშვილმა პოლიციელებს უთხრა, რომ პირადი მანქანით გაჰყვებოდა. თუმცა პოლიციელებმა უარი უთხრეს.
“მე ნარკოლოგიურში გადავყავარ ახლა. ნარკოლოგიურიდან გამოვალ რუსთაველზე და რუსთაველზე შევხვდებით ჩვენ ყველანი. რუსული რეჟიმი დამარცხდება და ასეთი ტერორი – სახლთან დახვედრები და ა.შ. დამთავრდება”, – თქვა აქტივისტმა იქამდე, სანამ პოლიციის მანქანაში ჩაჯდებოდა.
