“უნდა მივხვდეთ, რომ მხოლოდ “რუსებო” და “ქოცებო”-ს ძახილით სასიკეთო არაფერი გამოდის” – დავით ზურაბიშვილი

პატარა განმარტებასავით.
მათ შორის ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება არის ოთხი კატეგორიის ხალხი. კერძოდ: 1. ისინი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლება არის იმდენად ცუდი, რომ მასზე უარესი უბრალოდ შეუძლებელია მოვიდეს. 2. რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლება ცუდია, მაგრამ ვერ ხედავს მის ალტერნატივას და ცვლილების შემთხვევაში მოსალოდნელი არასტაბილურობა და გაურკვევლობა უფრო აშინებს. 3. რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლება კი ცუდია, მაგრამ ნაცების მობრუნება კიდევ უარესი იქნება. 4. რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლება კარგი არ არის, მაგრამ ვინც მისი ოპოზიციაა, ყველა მასზე უარესია. მეორეს მხრივ გვაქვს მზარდად ავტოკრატიულ-ტოტალიტარული რეჟიმი ძალაუფლების მყარი ვერტიკალით, რომელიც აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს, სასამართლოს, მსხვილ ბიზნესს და ფლობს უზარმაზარ პროპაგანდისტულ რესურსებს, მაგრამ ასევე ეყრდნობა გარკვეულ ელექტორალურ მხარდაჭერასაც, ანუ ჯერ კიდევ ანგარიშს უწევს საკუთარ მომხრეებს. ასეთი ხელისუფლება დამარცხება პრინციპულად შეუძლებელია მისი დემორალიზებისა და შიდა რღვევის გარეშე. ამისთვის კი უნდა არსებობდეს ისეთი ალტერნატივა, რომელიც არსებითად და შინაარსობრივად გააერთიანებს ზემოთ ჩამოთვლილ ოთხივე კატეგორიას. ყველა კატეგორიის უკმაყოფილომ უნდა ჩათვალოს, რომ ცვლილების შედეგად მოსული ხელისუფლება იქნება უფრო უკეთესი, ვიდრე წასული. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ელექტორალურ საყრდენს დაკარგავს, რაც გარდუვალად გამოიწვევს შიდა ბზარებს და რღვევას. დღეს ოპოზიციის და წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მთელი ოპოზიციური ხედვა, რიტორიკა თუ დისკურს-ნარატივები რეჟიმის საპირწონედ მოიაზრებს მხოლოდ პირველი კატეგორიის კონტიგენტს, უგელვებელყოფს და ანგარიშს არ უწევს მეორეს, ხოლო მესამეს და მეოთხეს საერთოდ ქოცებად და ხელისუფლების მომხრეებად მიიჩნევს. მართალია, პირველი კატეგორიის შემადგენლობაც საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მაგრამ არც იმდენად, რომ კრიტიკული მასა შექმნას და ხელისუფლების დემორალიზება გამოიწვიოს. თანაც, თავად ამ კატეგორიაშიც არიან უფრო რადიკალები და უფრო ზომიერები. როგორ უნდა შეიქმნას და ჩამოყალიბდეს ისეთი პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ოთხივე კონტიგენტს დააკმაყოფილებს, ცალკე მსჯელობის თემაა. ოღონდ ჯერ თავად ის ფაქტია გასაცნობიერებელი, რომ ამ სხვადასხვა კატეგორიის უკმაყოფილების შეკრება და სინერგიაა საჭირო და არა იმ ხალხის ლანძღვა და დამუნათება, ვინც პირველ კატეგორიის ყველაზე რადიკალურ ნაწილს არ მიეკუთვნება. ბოლოს და ბოლოს უნდა მივხვდეთ, რომ მხოლოდ “რუსებო” და “ქოცებო”-ს ძახილით სასიკეთო არაფერი გამოდის. უფრო პირიქით.

ასევე დაგაინტერესებთ