უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვაში, მოქალაქეებს მოუწოდა უფრო მეტი იმუშაონ და იბრძოლონ ქვეყნის გამარჯვებისთვის, რომელიც უკრაინელებმა თავად უნდა მოიპოვონ.
„და ამისთვის დღეს ჩვენ უნდა ვიცხოვროთ წესით: შენ ან იბრძვი, ან შრომობ. ვინაიდან ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ტერორისტული სახელმწიფო. ამიტომ ცხადია, თუ რამდენად უფრო მეტის გაკეთება გვმართებს, რამდენად აქტიურად უნდა ვიღვაწოთ, რამდენად მტკიცე უნდა იყო ჩვენი ბრძოლა და ერთიანობა“, – აღნიშნა საახალწლო მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა უსურვა ყველა მოქალაქეს, რომელიც „ყოყმანობს“, რომ გააკეთოს მტკიცე არჩევანი-დაიცვას თავისი, მშობლიური ქვეყანა და იპოვოს საკუთარი ადგილი საკუთარ სახელმწიფოში. „ვინაიდან ეს არის ერთადერთი ადგილი დედამიწის ზურგზე, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ საკუთარ თავს: ჩვენ შინ ვართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ახალი წლის წინა დღით უკრაინის პრეზიდენტს სამხედრო სარდლობის შემაჯამებელ სხდომაზე სამხედროებმა მას 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინეს.
„წელი შევაჯამეთ. გავაანალიზეთ საბრძოლო მოქმედებების წარმოების შედეგები და გადაწყვეტილებები. რა გავაკეთეთ სწორად და რის გაუმჯობესება შეგვეძლო,“ დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამში. სხვა დეტალები პრეზიდენტს არ უხსენებია.
გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 2024 წელს უკრაინა ემზადება მრეწველობის გასაზრდელად. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მომავალი წელი მრავალი გლობალური გადაწყვეტილების წელი იქნება და კიევს „უნდა შეეძლოს მათზე ზეგავლენის მოხდენა, უნდა შეეძლოს საკუთარი მიზნების მიღწევა“.