“უნდა იყოს რეალურად გადადგმული ნაბიჯები და არა თვალში ნაცრის შეყრა” – ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების პროცესში

ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების პროცესში? მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ისევ “საბოტაჟის” გზას გააგრძელებს და ქვეყნის ევროპულ მომავალზე წინ საკუთარ პარტიულ ინტერესებს დააყენებს.
თანამშრომლობისთვის მზად არის ოპოზიციის ნაწილი. ისინი მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ “ევროკავშირის გზაზე სიარული”, ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე, შეუძლებელია. მეორე ნაწილი კი პროცესში ჩართვას მხოლოდ მაშინ აპირებს, თუ მმართველი გუნდი მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებებს განიხილავს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში, იმ შემთხვევაში, თუ რეალურად გადაიდგმება ნაბიჯები და თუ არ იქნება “თვალში ნაცრის შეყრის” მცდელობა.
“ის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს რეალურად შესრულებას, იმ რეკომენდაციების, რომელიც არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩართულობა იქნება, ოღონდ უნდა იყოს რეალურად გადადგმული ნაბიჯები და არა მოჩვენებითი, ან თვალში ნაცრის შეყრა, როგორიც აქამდე ჰქონდა “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
პარტია “გირჩის” წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს და საზოგადოებას წარუდგინოს ერთიანი ხედვა, რას იზამს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში კოალიციური ოპოზიცია მოვა.
“ვერ ვხედავ ვერანაირ პოტენციალს იმას, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია დაჯდეს და სასამართლოზე რაღაც რეფორმა მოიგონონ. ოპოზიციამ მინიმუმ ერთმანეთში უნდა დაიწყოს საუბარი, რა ალტერნატივას სთავაზობენ ისინი ხალხს “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, ოპოზიციის კოალიციური ხელისუფლება რომ მოვა, ისინი რას სთავაზობენ”, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს