„უნდა ვიყოთ ბევრი“ – ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ხვალ საპროტესტო მარშს შეურთდებიან – Netgazeti • მწერლები • საქართველოს პენცენტრი • Netgazeti.ge

ხვალ, 15 თებერვალს, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები შეუერთდებიან საპროტესტო მარშს – „არა რუსულ დიქტატურას!“.
ამის შესახებ მათ დღეს, 14 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
პოეტ პაატა შამუგიას განცხადებით, დღეს ქვეყანაში სერიოზული კრიზისია და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება გაუქმებულია.
„ხვალ არის დიდი შეკრება, ვიკრიბებით ყველა, ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა. უნდა ვიყოთ ბევრი, რადგან სისტემა გადავწვათ, გადავღალოთ, გადავამტვრიოთ… სხვა გზა არ არსებობს. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა. არ უნდა გავჩერდეთ. თუკი ჩვენ გავჩერდებით, ქვეყანა გაჩერდება“, – განაცხადა პაატა შამუგიამ.
მთარგმნელ ხათუნა ცხადაძის თქმით, შეუძლებელია, რომ პენცენტრი იყოს ჩუმად, როცა მათი კოლეგები ციხეში არიან.
„ჩვენ კონკრეტულად ორ ადამიანს დავასახელებთ, მაგრამ ძალიან ბევრნი არიან. პირველ რიგში, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად ვართ შეკრებილი, და აფგან სადიგოვი, ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგა უმძიმეს მდგომარეობაშია და ჩვენი სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი უსაფრთხოება და თავისუფლება უზრუნველყოს. ამ ორი ადამიანის სახელით გვინდა, რომ ყველა იმ ადამიანს გამოვუცხადოთ სოლიდარობა, რომლებიც პროფესიულად არიან შევიწროებული და თავიანთი საქმიანობის გამო არიან თავისუფლებაშეზღუდულები“, – განაცხადა ხათუნა ცხადაძემ.
15 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისში, ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მოეწყობა საპროტესტო მარში – „არა რუსულ დიქტატურას!“ .