კრეატიული ინდუსტრიის ბევრ პროფესიონალს ერთხელ მაინც შეხვედრია მსგავსი სიტუაცია: კლიენტს წლის ბოლოს დაუხარჯავი ბიუჯეტი დარჩა და სთავაზობს სააგენტოს ან ფრილანსერს თანხის წინასწარ ჩარიცხვას იმ საქმისთვის, რომელიც ჯერ არ შესრულებულა.
მეორე ვერსიაც არსებობს: როცა რეალურად ხდება საქმის დაკვეთა და ავანსის ნაცვლად შემსრულებელი წინასწარ ახდევინებს თანხას.
ეს პრაქტიკა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგისთვის ის ნდობის გამოხატულებაა და ჭკვიანური ბიზნესშესაძლებლობა, სხვებისთვის კი ფინანსური რისკსა და საგადასახადო პრობლემებს ნიშნავს. საერთო დასკვნა მარტივი „კი“ ან „არა“ არ არის – ყველაფერი დამოკიდებულია კონტრაქტზე, კლიენტთან ურთიერთობასა და შეთანხმების სტრუქტურაზე.
რატომ შეიძლება კლიენტმა წინასწარ გადახდა თავად გთხოვოს?
კლიენტების ასეთი მოთხოვნის უკან, როგორც წესი, ორი მიზეზი დგას. ერთ შემთხვევაში, პროექტი ჯერ ადრეულ ეტაპზეა და კლიენტს სურს დიდი ხარჯი ფინანსურ წელს მოასწროს. მეორე შემთხვევაში კი საქმე გვაქვს დიდ ორგანიზაციებთან, სადაც მოქმედებს პრინციპი – „თუ ბიუჯეტს არ დახარჯავ, დაკარგავ“. ასეთ ვითარებაში მენეჯმენტისთვის ხშირად მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ თანხა სწორ სვეტში მოხვდეს, შედეგის მიუხედავად.
ზოგი პროფესიონალი ამას დადებით სიგნალად აღიქვამს, როგორც ნდობის ნიშნად და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობად. წინასწარ გადახდილი თანხა შეიძლება ჩაითვალოს კრედიტად, რომელსაც გამოყენების ვადა აქვს (მაგალითად, 6 ან 12 თვე), და რომელიც უსაფრთხოდ უნდა იყოს დაცული, სანამ რეალურად არ დაიხარჯება.
როდის მუშაობს ეს მიდგომა
წინასწარი გადახდა წარმატებით მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა შეთანხმება მკაფიოდაა გაწერილი. აუცილებელია, რომ არსებობდეს კონკრეტული პროექტის ბრიფი, განსაზღვრული იყოს სამუშაოს მოცულობა, ვადები, მიწოდების გრაფიკი, გაუქმების პირობები და პასუხისმგებლობები.
გამოცდილი პროფესიონალები ორ კრიტიკულ პირობას გამოყოფენ:
· წინასწარ გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, შესრულდება თუ არა სამუშაო;
· თანხას აქვს მკაფიო ვადა, განსაზღვრული პერიოდი, რომლის განმავლობაში პროექტი უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კრედიტი უქმდება.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ თანხა არ დაიხარჯოს მანამ, სანამ რეალურად არ იქნება „გამომუშავებული“. ბევრი გვირჩევს ასეთი თანხის ცალკე, ბიზნეს-საბანკო ანგარიშზე შენახვას, რათა არ შეიქმნას მცდარი შთაბეჭდილება რეალურ შემოსავალზე.
როდის ქმნის ეს პრობლემებს
უარყოფითი გამოცდილება ყველაზე ხშირად მაშინ ჩნდება, როცა შეთანხმება ბუნდოვანია. თუ წინასწარი გადახდა ხდება კონკრეტული შეთანხმებების გარეშე, პროექტები იწელება, სამუშაო მოცულობა იზრდება, ხოლო საბოლოოდ მიღებული თანხა ვერ ფარავს რეალურ შრომას. ამას ხშირად თან ახლავს საგადასახადო სირთულეები და ბალანსის დარღვევა, იქმნება განცდა, რომ კრეატიული მხარე კლიენტს მიჰყვება და არა პირიქით.
ზოგი პროფესიონალი ასეთ პრაქტიკას სრულად უარყოფს, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ის აზიანებს როგორც ფინანსურ სტაბილურობას, ისე პროფესიულ ურთიერთობებს. განსაკუთრებით სარისკოა წინასწარი გადახდა იმ შემთხვევაში, როცა კლიენტს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული, რა სურს.
რაც შეეხება მეორე ვერსიას…
ყველას კრეატიულ სფეროში, და განსაკუთრებით ფრილანსერს, გამოუცდია სიტუაცია, როცა დაასრულა პროექტი კლიენტისთვის, რის შემდეგაც ეს კლიენტი გაქრა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით). ადამიანისთვის, რომელმაც იშრომა და დაასრულა საქმე, პატიოსნად გადაუგზავნა დამკვეთს, რა თქმა უნდა, ემოციურად ძალიან მძიმე შემთხვევაა, ფინანსურ ზარალზე რომ არაფერი ვთქვათ.
ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი დეპოზიტია. ჩაარიცხინეთ ავანსი, რათა თქვენც მშვიდად იყოთ და ისიც. დეპოზიტი საკმარისი იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ კლიენტი სერიოზულად უყურებს სამუშაო ურთიერთობას.
თუმცა, თუ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ტიპი მხოლოდ რამდენიმე საათს მოითხოვს, მაგალითად, მოკლე სტატიის დაწერა, უმჯობესია მოითხოვოთ სრული ანაზღაურება წინასწარ. ან მეორე ვარიანტია, დაწეროთ ე.წ. დრაფტი და აჩვენოთ კლიენტს, ამის შემდეგ ის უკვე დაგირიცხავთ თანხას და თქვენც საბოლოო ფორმას მისცემთ ტექსტს.
საბოლოო დასკვნა
წინასწარი დაბილინგვა სიღრმისეულად პერსონალური გადაწყვეტილებაა. ზოგისთვის ის წარმატებულ თანამშრომლობაში გადაიზარდა, ზოგისთვის — არასასურველ გამოცდილებად. მთავარი კრიტერიუმი არის შესაბამისობა ბიზნესის ღირებულებებთან და მუშაობის პრინციპებთან.
ზოგადი კონსენსუსი ასეთია: წინასწარი დაბილინგვა შეიძლება იყოს გამართლებული და ეფექტიანი, მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს მკაცრი კონტრაქტი, მკაფიო ვადები, განსაზღვრული სამუშაოს მოცულობა და ფინანსური დისციპლინა.
ამ პირობების გარეშე, კრეატიული პროფესიონალი ფაქტობრივად იღებს უპროცენტო სესხს და საკუთარ თავს აყენებს რისკის ქვეშ, როგორც ფინანსურად, ისე რეპუტაციულად. კარგი კლიენტები, როგორც წესი, მზად არიან იმუშაონ მკაფიო შეთანხმებების ფარგლებში. თუ არა – ეს უკვე თავად პასუხია.
www.marketer.ge




