„უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენ კვლევას“ – ექიმი ჩახუნაშვილი გამოკითხვის შემდეგ

BBC-ის რესპონდენტი, ექიმი კოტე ჩახუნაშვილი ინტერვიუს გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს. მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ გამომძიებლებს უნდათ მისი კვლევა და საგამოძიებო მასალა ერთმანეთს დაუკავშირონ.
„დღეს რაც ტრიალებს მედიაში, ძირითადად არის ის, რომ უნდათ თქვან, რომ ჩვენი კვლევა უდევს საფუძვლად იმ დასკვნას, რომ გამოიყენეს კონკრეტული ნივთიერება, რაც ჩვენი კვლევის საგანი არ ყოფილა. კონკრეტული წუთი და წამი დავუსახელე, სადაც BBC კონკრეტულად ამას ამბობს […] რომ ამ კვლევის საფუძველზე ვერ დადგინდა კონკრეტული აგენტი რაც იყო, იმიტომ რომ არ იყო ჩვენი მიზანი ეს რომ შეგვესწავლა…
ჩემი აზრით, მათ უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენ კვლევას, როდესაც ეს თქვა, ამით მოახდინონ BBC-ს დისკრედიტირება და შესაბამისად ისე გამოიყვანონ, თითქოს BBC ჩვენ კვლევაზე დაფუძნებით ამბობს იმას, რასაც ამბობს, რაც რეალობას არ შეესაბამება“, – თქვა გამოკითხვის შემდეგ ექიმმა „TV პირველთან“ საუბრის დროს.
მანვე აღნიშნა, რომ გამომძიებლების მთავარი კითხვები შეეხებოდა მის სამეცნიერო ნაშრომებს.
კოტე ჩახუნაშვილი სუსმა დაიბარა BBC-ის მასალის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, – აცხადებს სამსახური.
გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით:
· „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
· „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.
გამოძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, გუშინ, 1 დეკემბერს, დილას BC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი, აცხადებს, რომ „მოსახლეობა არასოდეს არ უნდა გახდეს ექსპერიმენტების სუბიექტი“ და საკითხი წამებისა და არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა გამოიძიონ.
ამავე გამოძიებაში ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს განუცხადა, რომ ეს მიგნებები „უკიდურესად აბსურდულია“ და პოლიცია „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.
ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“. პარტიამ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას უწოდა „ერთ დროს ავტორიტეტული მედია, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული“.
ფორუმი