უნგრელმა ევროდეპუტატმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბარში ქალს შეურაცხყოფა მიაყენა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს პარტია „ფიდესიდან“ ევროპარლამენტის წევრმა ბალაჟ გიორფიმ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ყველა საჯარო თანამდებობას ტოვებს, წინა დღით მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბარში ქალს შეურაცხყოფა მიაყენა. შესაბამისი განცხადება პოლიტიკოსმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

როგორც ევროდეპუტატი წერს, 22 აგვისტოს საღამოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქალთან კამათში შევიდა, „რაც, სამწუხაროდ, ძალადობაში გადაიზარდა“.

„საშინლად ვწუხვარ ჩემი საქციელის გამო. მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, არ მახსოვს, რა მოხდა, ის, რაც გავაკეთე, მიუღებელია. მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველას, განსაკუთრებით მონაწილე პირს. მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემს ოჯახს, ჩემს მხარდამჭერებს და ჩემს პოლიტიკურ საზოგადოებას.

იმის შემდეგ, რაც გავაკეთე, ჩემი ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აღარ არის. ამიტომ ვტოვებ ყველა საჯარო თანამდებობას, მათ შორის ევროპარლამენტის წარმომადგენლის მანდატს და სოფლის მეურნეობის ეროვნული პალატის პრეზიდენტის თანამდებობას, ასევე, პარტია „ფიდესს“. ეს ყველაზე ცოტაა, რისი გაკეთებაც ამ სიტუაციაში შემიძლია. ჩემს ქმედებებზე საჯარო პასუხისმგებლობის გარდა, რა თქმა უნდა, მივიღებ ყველა სამართლებრივ შედეგს“, – წერს ევროდეპუტატი.

ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ ბალაჟ გიორფის თანამდებობიდან გადადგომა დაადასტურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის წევრის საქციელს „არ აქვს გამართლება“ და პარტია „არ მოითმენს ძალადობას, განსაკუთრებით ქალების მიმართ!“

მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა ინციდენტის დეტალები საჯაროდ არ დააკონკრეტეს, უნგრული მედია წერს, რომ ბუდაპეშტის ერთ-ერთ ბარში წვეულების დროს ნასვამმა გიორფიმ ქალს უყვირა, რასაც მისი მეგობრები ჩხუბით გამოეხმაურნენ. შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. უნგრეთის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ცნობისთვის, ბალაჟ გიორფი პარტია „ფიდესიდან“ ევროპარლამენტის დეპუტატი ივნისში გახდა, მას შემდეგ, რაც 14 წლის განმავლობაში უნგრეთის პარლამენტში მსახურობდა. იგი სოფლის მეურნეობის ეროვნული პალატის პრეზიდენტის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი: ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე, კორუმპირებული ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს – საქართველოსთვის მთელი დაფინანსება უნდა შევწყვიტოთ, თუ ეს მოხდება