უნგრეთში ორბანის გადადგომას ითხოვენ – კორუფცია და დოკუმენტების შეცვლის მცდელობა – რა ბრალდებებს უყენებენ მას

26 მარტს უნგრეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ქვეყნის პრემიერის სა და მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით მას შემდეგ გამოვიდა, რაც მთავრობის ყოფილმა წევრმა ორბანის უფროსი თანაშემწე კორუფციის საქმეში ჩარევაში დაადანაშაულა.
მანამდე, პიტერ მაგიარმა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ყოფილ ცოლსა და უნგრეთის ყოფილ იუსტიციის მინისტრს, იუდით ვარგას ესაუბრება. ჩანაწერში ვარგა ორბანის შტაბის უფროსის თანაშემწეების მიერ კორუფციის საქმიდან ზოგიერთი ნაწილის ამოშლის მცდელობას აღწერს.
პიტერ მაგიარმა, რომელიც ორბანის დასამარცხებლად ახალი პარტიის შექმნას გეგმავს, ჩანაწერი საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. მასში ვარგა ამბობს, რომ ორბანის კაბინეტის მინისტრმა ანტალ როგანმა პროკურორებს შესთავაზა, თუ რომელი დოკუმენტები უნდა წაშლილიყო ზემოხსენებული კორუფციის საქმიდან.
ჩანაწერის გავრცელების შემდეგ პროკურატურაში განაცხადეს, რომ “პროკურატურის დოკუმენტებში ჩარევა ან მათი განადგურება ფიზიკურად და ლეგალურად შეუძლებელია”.
უნგრეთში მასობრივი გამოსვლები თებერვალშიც დაიწყო, როდესაც გაირკვა, რომ უნგრეთის ყოფილმა პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა შეიწყალა პირი, რომელიც სასჯელს იმიტომ იხდიდა, რომ არასრულწლოვანებს აიძულებდა საჯარო ბავშვთა თავშესაფრის დირექტორის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდება უკან წაეღოთ. იუდით ვარგამ თანამდებობა სწორედ ამ პოლიტიკური სკანდალის ფონზე დატოვა.