“მოამბე” N4, აპრილი, 1894
უცხოეთის მიმოხილვა
ავსტრიის მფლობელებს, რასაკვირველია, თავიანთი ტვირთის თუ შრომის გასაადვილებლად ის ერჩიათ, რომ მთელ სახელმწიფოში მარტო ერთი სჯული, ერთი ენა და ერთი მმართველობა ჰქონოდათ. ეს იყო მათი უმთავრესი სურველი და ცდა. მაგრამ რადგან ავსტრიის მონარხია შემდგარია ბევრ სხვა-და-სხვა სამეფოთაგან, რომლებშიაც სხვა-და-სხვა სჯულის და მოდგმის ხალხი ცხოვრობს, იმას ყველა ხმხრით სადავო და დასაცავი ინტერესები აქვს. აღმოსავლეთით იმას რუსეთი უდგას, რომელიც თანაგრძნობით შესცქერის ავსტრიის ხელქვეით მყოფს თავის მონათესავე ხალხებს: რუსინებს და სხვა სლავებს, ჩრდილოეთითა და დასავლეთით იმას გერმანია აკრავს, რომლისკენაც გულით მიიზიდვის ყველა ავსტრიის სამფლობელოში მცხოვრები გერმანელი, ესეიგი თითქმის მესამედი მთელი ავსტრიისა, სამხრეთით იტალია და ოსმალეთი საზღვარს. ამ მდგომარეობაში იმას ხან ერთი მეზობელი სწეწავს და ჰგლეჯს, ხან მეორე, ხან მესამე.
უნგრეთს, რასაკვირველია, ამის მიხედვით, ხშირად ეწეოდა შემთხვევა ავსტრიის სისუსტით, თუ გასაჭირით, ესარგებლა. ავსტრიისთვის საჭირო და სასარგებლო, შესამჩნევად სასარგებლო გამხდარიყო. მართლაც, ყოველთვის, როცა ავსტრიას გარეშე მტრები საქმეს უჭირვებდნენ, ჰაბსბურგები მაშინვე უნგრეთში შველას თუარა დახმარებას და ერთგულებას ეძებდნენ. აქ იბრუნებდნენ ისინი სულს, აქ იძენდნენ ხელ-ახლად ახალ ამაღლების ძალას. ყველამ იცის, რომ შვიდწლიან ომში დამარცხებულმა მარია-ტერეზიამ უნგრებს მიაშურა და თავისი ჩჩვილი შვილი იოსები მიაბარა: თქვენა ხართ ჩვენი იმედი და საძირკველიო – მაგრამ, ამასთანავე, იმ განზრახვით, რომ უნგრებს ნამეტნად არ ესარგებლათ ამ მდგომარეობით და ერთობ ამაყად არ აეშვირათ ცხვირი, ჰაბსბურგები ცდილობდნენ უნგრებისთვის კვანტი გამოედოთ, ხანდისხან მაინც. როგორც უნგრეთმა იცოდა ავსტრიის სისუსტე და გაჭირვება სად ან რაში მდგომარეობდა, ისე ავსტრიასაც ჩინებულად მიგნეული ჰქონდა უნგრეთის ნაკლი რაში იყო. ამ ქვეყანაში უნგართ მოდგმა ან საკუთრივ მადიარები მესამედსაც არ შეადგენენ მთელი უნგრეთის ხალხისას. დანარჩენი ორი მესამედი გერმანული, რუმინულ და უფრო მეტად სლავურ მოდგმას ეკუთვნის. ყოველთვის, როცა უნგრეთის კრებულები (სეიმები) ცდილობდნენ ავსტრიის გაჭირვებულ მდგომარეობით ესარგებლათ და თვით-არსებობის დამყარებას თხოულობდნენ, საკუთარ პარლამენტს, საკუთარი სამინისტროთი, საკუთარი ჯარით და წყობილებით, ჰაბსბურგები ცდილობდნენ თვით უნგრეთში კრებულების წინააღმდეგ შფოთი აეტეხნათ, იმ ხალხში, რომელიც მადიარებისგან დაჯაბნებული იყო და რომლსაც კრებულში წარმომადგენელი როდი ჰყავდა.
აი, ამგვარი პოლიტიკური ბრძოლა წარმოებდა მთელი ასი წლის განმავლობაში უნგრეთსა და ჰაბსბურგებს შუა. თანდათან, რაც ხალხში შეძლება და სწავლა ვრცელდებოდა, ეს ბრძოლა უფრო და უფრო შესამჩნევი და სასტიკი ხდებოდა. განსაკუთრებით გამწვავდა ის 1830 წლის აქედ, როცა საფრანგეთში გამარჯვებულმა რევოლუციამ მთელ ევროპას მოსდო ახალი და გონებრივი პოლიტიკური მოძრაობა.
უნგრეთში ამ მოძრაობა წინ წამოაყენა მთელი რიგი გუნდი წარჩინებული ტალანტებისა. მათ მოთავედ და წინამძღვრად, 1832 წლის კენჭის-ყრის შემდეგ ფერენჩ დეაკი გახდა. ამ მაგნატს სწავლა დამთავრებული ჰქონდა რააბის უნივერსიტეტში, იურიდიულ განყოფილებაზე და მეტის-მეტი ვცელი გონება, ნიჭი და ცოდნა ჰქონდა. დეაკმა თავიდანვე მოინდომა ჯერ თანასწორობის და მერე თვით-არსებობის დამყარება თავის სამშობლოში. მოწინავე პარტიას, რომლის წინამძღოლად ის იყო, იმან დაუნიშნა აზნაურობის უპირატესობის მოსპობა, გადასახადების განაწილება ყველა წოდებათა შორის, საერთო კანონები ყველასთვის და სხვა. თუმც მისი პროგრამა ბევრად უფრო ვრცელი და მაღალი იყო სხვებისაზე, მაგრამ დეაკმა ისე რბილად და გონიერად იცოდა თავისი აზრების გამოთქმა და დამტკიცება, რომ თვით ჰაბსბურგების მხრითაც მომხრეს და თანაგრძნობას შოულობდა ხოლმე. მის თაოსნობით კრებულმა მოითხოვა, და იმპერატორმაც ნება დართო, არჩეულიყო ცალკე კომისია, კერძო კანონ-მდებლობის შესადგენად უნგრეთისთვის სისხლის სამართლის ნაწილზე: ამ კომისიაში დეაკს უმთავრესი შრომა ერგო, და მისგან შედგენილი სამართლის წიგნი ახლაც მეცნიერებაში სამაგალითოდ ითვლება. 1843 წელს დეაკი და მისი მომხრეები დაამარცხა არისტოკრატულმა პარტიამ, რომელსაც ეზიზღებოდა აზნაურობის უპირატესობის მოსპობა და განსაკუთრებით გადასახადის თანასწორობა. შემდეგ არჩვნებში მომწინავე, ხალხის მოყვარე რაზმმა გაიმარჯვა. როცა ახალი კრებული შეიკრიბა, 1848 წლის დამდეგს, და გამხნევდა პარიჟში და ვენაში მომხდარი არეულობის გამარჯვებით, მოწინავე დასმა გადაწყვიტა იმპერატორთან ცალკე დეპუტაცია გაეგზავნა კერძო სამინისტროს სათხოვნელად უნგრეთისთვის. იმ დროს ავსტრიის იმპერატორს ყველა მხიდან აჯანყების ალი ერტყა. მისი იტალიის პროვინციები, ლომბარდია და ვენეცია არეულობის ხელში იყვნენ. ვენაში და გერმანულ ნაწილებში ხალხი ატეხილი იყო და კონსტიტუციას თხოულობდა. გალიცია – ცმაცურობდა. ამასთანავე ნათლად ჩნდა, რომ გარე მტერი საომრად ემზადებოდა და ავსტრიას რამდენიმე მხით თავზე დასხმის ლოდინი უნდა ჰქონოდა. ამ მდგომარეობაში უნგრეთის მომადლიანება სჯობდა მომდურებას. სეიმის მოთხოვნა და სურვილი შეწყნარებულ იქნა. უნგრეთს მიეცა ცალკე სამინისტრო, რომლის თავჯდომარედ გრაფი ბატიანი დაინიშნა. თუმც ამ სამინისტროს ბატიანის სახელი ერქვა, მის ძალას და შვენებას თავმჯდომარე კი არ შეადგენდა: ორ მის მინისტრზე იყო დამყარებული ქვეყნის იმედი და ყურადღება: სიმართლის მინისტრზე ფერენჩ დეაკზე, და ფინანსების – ლაიოშ კოშუთსზე: ეს ორი კაცი, ორი სხვა-და-სხვა დასის მოთავე, ნიჭით და ენერგიით სავსე, უნგრეთის პატრიოტიზმის ორი წინააღმდეგი მიმართულების წარმომადგენლები იყვნენ.
ამ ორ მოთავეს და მათ პარტიებს შუა განსხვავება და განხეთქილება მარტო იმაში მდგომარეობდა, თუ როგორ უნდა ეჭიროს თავი უნგრეთს ავსტრიასთან. თორემ თითქმის ყველა სხვა კითხვებზე და საქმეებზე ეს ორი დასი ერთი და იმავე შეხედულებისა იყვნენ. ორივეს გულმხურვალედ ჰსურდათ მამულის სიკეთე და ბედნიერება, ორივეს უნდოდა უნგრეთში დაეარსებინა თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა. ორივე ერის ინტერესს თაყვანს-სცემდა და ემსახურებოდა. განსხვავება და წინააღმდეგობა მათ შორის ის იყო, რომ დეაკი და მისი პარტია მტკიცედ იცავდა უნგრეთის ერთობას ჰაბსბურგებთან და ჰქადაგებდა მუდამ ერთგულნი უნდა ვიქნეთ ჩვენი ძველი კავშირისაო. ადრე თუ გვიან ჩვენი სიმართლე გასჭრის, ჰაბსბურგები ჭკუაში ჩავარდებიან და ჩვენ ჩვენსას მოგვანიჭებენო. ჩვენი სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს ენაზე სამართლი და მმართველობა წარმოებდესო. ჩვენ საკუთარი ჯარი და ფინანსები გვქონდეს, ჩვენი არჩეული კანონმდებლობა, პარლამენტი და სამინისტრო. ჩვენი მეფე ჩვენს სატახტო ქალაქში, პეშტში, უნდა გვირგვინობდეს წმინდა სტეფანეს გვირგვინითო. ამას ყველაფერი ადრე თუ გვიან უსათუოდ ვეღირსებით, თუ კი ჩვენს სიმართლეს არ გადავუდგებით და კანონიერი გზით, მარტო კანონიერი საშვალებებით ვეძიებთ ჩვენის უფლების აღდგინებასო. და როცა ჩვენ ჩვენსას ვეღირსებით, მაშინ მარტო ჩვენ საკუთარი ძალა და ბრწყინვალება კი არ გვექნება, ჩვენი უნგრეთი გახდება მოზიარედ და თითქმის მოთავედ მთელი ავსტრიის ძალისა და გავლენისაო. ეს მდგომარეობა, პირველობა, თაოსნობა ავსტრიის ხალხებს შუა, დეაკის აზრით, უფრო ძვირფასი და სანატრელი იყო, ვინემ უნგრეთის სრული განთავისუფლება ჰაბსბურგებისგან.
ამ მიმართულების წინააღმდეგ კოშუთი და მისი პარტია ამტკიცებდა, რომ ჰაბსბურგები უნგრეთს არასდროს არ დაინდობენო. უნგრეთისთვის ბევრად სჯობია სრულად მოშორდეს ჰაბსბურგებს და თავის-თავად იცხოვროს, რესპუბლიკური წესითო. მარტო ამ წესს, მარტო სრულს და საბოლოო მოშორებას ჰაბსბურგებისგან შეუძლიან მიანიჭოს უნგრეთს ნამდვილი თვითარსებობა, ნამდვილი საშუალება სამართლიანობის და წესიერების დაარსებისა ამ ქვეყანაშიო.
რამდენიმე სიტყვით ამ ორი მოდავე და მოპირისპირე დასის უთანხმოება სხვა ფრივ არ გამოიხატება.
ამის მოპირისპირეებს შუა ბრძოლა, რასაკვირველია, ერს, კენჭს უნდა გადაეწყვიტა. და ერის აზრი თუ სიმპატია, ამ გვარ კითხვებში, ყოველთვის დამოკიდებულია მებრძოლე პარტიების საბუთზე და სიმტკიცეზე კი არა, მარტო მართებლობის საქციელზე. რომ ავსტრიის მთავრობას 1848-ში გულწრფელობა გამოეჩინა და მართლა მტკიცედ შესდგომოდა დეაკის პლანის აღსრულებას, ისე, როგორც ოცი წლის შემდეგ შეუდგა, უეჭვოა, რომ უნგრეთის ერი პირველობას და გამარჯვებას დეაკს და მის პარტიას მიანიჭებდა. მაგრამ იმ დროს ავსტრიის იმპერატორი ფერდინანდი უნგრეთს თან სწყალობდა და თან მახეს უგებდა. თან თვით-მმართველობას აძლევდა და თან სლავებს რაზმავდა და კაზმავდა უნგრეთის წინააღმდეგ. თავდაპირველად მთელი უნგრეთი დეაკის აზრისა იყო და კრებულის დეპუტაციის გაგზავნა ვენაში უმჯობესი საბუთია ამისი. მაშინ ეს მოძრაობა ჰაბსბურგებთან კეთილი განწყობილების გასამართავად, იმოდნად ძლიერი იყო, რომ თვით კოშუთიც კი დაემორჩილა იმას და მონაწილეობა მიიღო როგორც დეპუტაციაში, ისე ბატიანის სამინისტროში. მაგრამ, თანდათან, რაკი ფერდინანდი და მისი პალატინი უფრო და უფრო მეტ წინააღმდეგობას და მტრობას იჩენდნენ, კოშუთმა შეიძინა მეტი და მეტი გავლენა ხალხზე, დეაკი სულ გამოცრუვდა ქვეყნის თვალში – აკი მოგახსენებდითო, ქადაგებდა კოშუთი, რომ ჰაბსბურგები ხეირს არ დაგვაყრიან, ხაფანგს გვიდგამენ, არაფერს გვაღირსებენო! ახლა პირადად როდი გვეწინააღმდეგებიან, ამიტომ რომ გაჭირვებაში არიან, მაგრამ როგორც კი ზურგს გაიმაგრებენ, იმ წამსვე ძველურად დაგვიწყებენ წვალებას და ჯირგლასო. სჯობს ეხლავ, სანამ სუსტნი არიან, ვისარგებლებათ ჩვენი მდგომარეობით, ერთიანად თავი გავითავისუფლოთ მათ მონებიდან და გავშორდეთ სამუდამოდ მათთან კავშირსო. ერი ჰგრძნობდა და ხედავდა, რომ კოშუთის სიტყვა უფრო მართლდებოდა, ვიდრე დეაკისა: ავსტრიის იმპერატორი მართლა-და უფრო და უფრო მტრულად ეპყრობოდა უნგრეთს. დეაკი მაინც თავის ენერგიას და რწმუნებას არ ჰკარგავდა, თავისას მაინც ჰქადაგობდა, თუმცა აშკარად ხედავდა, რომ თითქმის მთელი ერი მისი წინააღმდეგი და კოშუთის მომხრე გამხდარიყო – ჯერ ერთი ისო, ამბობდა დეაკი, რომ ისე ადვილი როდია ჰაბსბურგების მოშორება და გადევნა. უნგრეთს დიდი ომი დასჭიდება ამის მისაღწევად, და ვინ იცის გამარჯვებით თუ დამარცხებით გათავდება ჩვენთვის ეს ბრძოლაო.
მერე ისიც გაიხსენეთ, რომ ჩვენ თავად, მარტო ჩვენ, უნგრები, ერთობ სუსტნი ვართ, ერთსა და იმავე დროს ავსტრიასთან, სლავებთან და, იქნება, რუსეთთან ომისთვის. რაკი ჩვენ ავჯანყდებით, რაკი ჰაბსბურგებს განვაძევებთ, უეჭვოა, რომ ავსტრია თავისი ჯარსაც დაგვასევს და სლავების მოდგმის ხალხებსაც შემოგვასევს. გავუძლებთ ყველას? გინდაც რომ გავუძლოთ, კიდეც გინდა დავაარსოთ ჩვენი ქვეყნის სრული თვითარსებობა, რა შეგვეძლება ჩვენ, ხუთ მილიონ ერს, ყველა მხრიდან მტრებით შემოხვეულს? ნუ თუ ამ მდგომარეობას არ ემჯობინება სრული ავტონომია ჰაბსბურგის ტახტის ჩრდილში? მართალია, დღეს ჰაბსბურგი დაბრმავებულია თავისი ბრაზით, ის დღეს მტრად გვექცევა, უკადრისად მოქმედებს ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ ეს არაფერია. მოვითმინოთ. მოვა დრო და ჩვენი სიმართლე, ჩვენი ერთგულება, ჩვენი უმანკოება გასჭრის და უნგრეთი თავისას გაიტანს, ძალით კი არა, სიმართლით, იმ სიმართლით, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველი ძალა ადრე თუ გვიან უსათუოდ დაილევა ან შეიმუსრება. რაღა თქმა უნდა, ამგვარი სწავლება და ქადაგება, მერე იმ აღელვებულ დროს, აღტაცებულ ხალხში, რომელსაც ყველაფერი შესაძლოდ მიაჩნდა, სრულებით უნაყოფოდ, უგავლენოდ დარჩებოდა. მარტო იშვიათ ბრძენს შეეძლო მისი სიღრმის, მისი შორს-მჭვრეტელობის გაგება და დაფასება. ბრძნები კი ხალხში ყოველთვის უმცირესობას შეიადგენენ.
ბატიანის მინისტრო დაარსდა 17 მარტს, 1848 წელს, ცოტა ხნის შემდეგ, უნგრეთის იმ მაზრაში, საცა სლავური ხალხი, კროატები, ცხოვრობს, მოხდა მოძრაობა უნგრების წინააღმდეგ. “ჩვენც ჩვენი ენა გვინდა, ჩვენც თვით-არსებობა მოგვეცითო!”. წესისამებრ, ამ პროვინციაში მეფე ისე ვერ დანიშნავდა მმართველს, რომ უნგრეთის კრებულის მისი არჩევანი არ ეყაბულებინა. ფერდინანდმა კი კროატებს მმართვლად დაუნიშნა იელაჩიჩი, უნგრების სისხლის მსმელი მტერი, უნგრეთის კრებულის უკითხავად. ბატიანის სამინისტრომ ეს იუცხოვა და იწყინა. მოხდა ამაზე მიწერ-მოწერა და დავა ავსტრიის მთავრობასთან. ამასობაში იელაჩიჩმა აშკარად შეუსია უნგრეთს კროატები და რამდენსამე სოფელში და ქალაქში სისხლის-ღვრა და ძარცვა-გლეჯა მოახდენინა. 10 ივნისს 1848 წლის ავსტრიის მთავრობამ ვითომ დაითხოვა სამსახურისგან იელაჩიჩი, რომელმაც ყურადღებაც არ მიაქცია ამ დათხოვნას და თავისი მართვა და მოქმედება განაგრძო. ალბად ჰგრძნობდა, ან ნაბრძანებიც ჰქონდა, რომ იმპერატორს ამით უფრო აამებდა, ვინემ დამორჩილებით. მაშინ კოშუთმა 11 ივლისს უნგრეთის კრებულს საქმე ისე წარუდგინა, რომ ძალით და ომით თუ არა სხვებრ ჩვენს საქმეს ვერ დავიცავთო, და მოსთხოვა ნებართვა 42 მილიონის დახარჯვისა და 200 ათასი სალდათის დაიარაღებისა. კრებულმა დიდი ენთუზიაზმით მიანიჭა სამინისტროს ეს ნება-რთვა: უმეტეს ნაწილს მართლა ეგონა, რომ ძალა უნდა ვიხმაროთო, და დანარჩენები ფიქრობენ, რომ იქნება ავსტრია მოგვერიდოს და მოგვირიგდესო. დეაკი, რასაკვირველია, ბოლომდინ სასტიკი წინააღმდეგი იყო ავსტრიასთან გაყრის და ომისა. იმან ერთხელ კიდე უკანასკნელი ღონისძიება იხმარა, იქნება შერიგება მოვახდინო და რიგიან-განწყობილება დავდვა ავსტრიისა და უნგრეთის შუაო, იქნება ეს უბედური და უსარგებლო სისხლის ღვრა ავაცილო თავიდან ორივე ქვეყანასო. მაგრამ ორივეს მხით იმას ხელი კი არ გაუწყვეს, ბრაზით ჰკრეს. მაშინ იმან თავი დაანება სამინისტროს, კოშუთს ბურთი და მოედანი დაუტოვა და გზა გულ-წრფელად დაულოცა. სამინისტროს თავმჯდომარეც, გრაფი ბატიანი, რომელიც არისტოკრატიული პარტიის მოთავე იყო, ამავე გზას დაადგა. კოშუტი დარჩა მთავრობის მოთავედ, და კრებულმა იმას დიქტატორის უფლება მიანიჭა.
თვით იმ ომის აწერა, რომელის იმავე ზაფხულის დამლევს გაიმართა უნგრეთსა და ავსტრიას შუა და, რომელსაც შემდეგ გაზაფხულის ბოლოს დაერთო ომი რუსეთთან, ჩვენი მკითხველისთვის კი არაა საყურადღებო, მარტო სამხედრო ისტორიის მოყვარესთვის არის. აქ საკმაოა მოკლედ ვთქვათ, რომ ომის დასაწყისში ბედმა უნგრეთის ჯარს გაუღიმა. ენკენისთვეში უნგრეთის ჯარმა არა თუ დალეწა და განდევნა იელაჩიჩის კროატები, თვით ავსტრიის ჯარიც მრავლჯერ დაამარცხა, და ზოგი უნგრეთიდან გააგდო, ზოგი (მთელი ერთ კორპუსი) ტყვედ დაიჭირა. ამით გაამპარტავნებული უნგრეთის ჯარი, მისი წინამძღოლის გორგეის თაოსნობით, თვით ავსტრიაში შევიდა, ვენისკენ მიემართა, იმ განზრახვით, რომ ეს სატახტო ქალაქი აეღო და შიგ ნაპოლეონივით მოეწერინებინა ავსტრიის იმპერატორისთვის მორიგების პირობა! მაგრამ ავსტრიის მთავრობამ მოახერხა, როგორც იქნა, ყველა თავის ჯარების დროზე მოხმობა ვენისკენ. თვით ამ სატახტო ქალაქის წინკართან, ქ. შვეხატს, გორგეისა და უნგრეთის ჯარს დახვდა შერთებული ძალა იელაჩიჩის, აუერსპერგის და ვინდიშგრეცის არმიებისა. ამ სამ არმიამ, ფიცხელი ბრძოლის შემდეგ, როგორც იქნა, დაამარცხა და დააბრუნა უნგრები. თუმცა ამ ბრძოლის შემდეგ ვინდიშგრეცი თავის ჯარით უნგრეთში შევიდა, მაგრამ მთელი იმ შემოდგომის და ზამთრის განმავლობაში უნგრეთის სხვა-და-სხვა ლაშქრები გამარჯვებული გამოდიოდნენ. კროატებს გარდა, უნგრეთის ჯარმა დაამარცხა და დაიმორჩილა უნგრეთში მცხოვრები სერბები და რუმუნები, აიღო ტრანსილვანია, გააცალკევა და ცალ-ცალკე დაამარცხა ავსტრიის კორპუსები და ხელ-ახლად განდევნა უნგრეთიდან ვინდიშგრეცი, რომელმაც წინად უნგრებს სატახტო ქალაქი პეშტი წაართვა. ამასობაში უნგრეთის კრებულმა 14 აპრილს 1849 წელს გადასწყვიტა და გამოაცხადა, კოშუთის თაოსნობით, რომ უნგრეთი სამუდამოდ თავისუფლდება ავსტრიასთან ყოველიგვარი დამოკიდებულებისგან, ჰაბსბურგებს თავის მეფეებად აღარ ჰსცნობს და რესპუბლიკას აარსებსო. აქა-იქ თვითონ უნგრეთში აჯანყებული კროატები, სერბები და რუმუნები აცხადებდნენ წინააღმდეგობას: რაკი პეშტმა ვენის უღელი აიძროო, ჩვენც პეშტის უღლიდან თავი განვითავისუფლოთო. აქა-იქ, აგრედვე, დარაჯობდა უნგრეთის სამზღვარზე ავსტრიის სულდაცემული და დამშეული რაზმები, თორემ დანარჩენებში კოშუთის მთავრობა და უნგრეთის ჯარი მთელ უნგრეთს ჰფლობდა და ჰმართავდა.
იმავე დროს ავსტრიას დიდი ომი ჰქონდა იტალიაში, სადაც აგრეთვე დამარცხებული შეიქნა. თვითონ გერმანიაშიც დიდი არეულობა შფოთი და ომის ლოდინი იყო. ფრანკფურტში შეიკრიბა “მთელი გერმანიის პარლამენტი”, რომელმაც “გერმანიის იმპერიის აღდგენა” დააწესა და იმპერატორის გვირგვინი პრუსიის კოროლს მიართვა. ავსტრიას მაშ ამ მხრითაც ჯარის გაყვანა სჭირდებოდა. საფრანგეთში რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს პირველი ნაპოლეონის ძმისწული ლუი ნაპოლეონი, რომელიც იტალიის საქმებში გარევას აპირობდა და რომში გასაგზავნ ჯარს ამზადებდა: აქაც ავსტრიის ჯარი ეჭირვებოდა. ერთის სიტყვით, გასაჭირი ყველა მხიდან ჰქონდა. ამ მძიმე მდგომარეობაში იმპერატორმა ფერდინანდმა ტახტიდან გადადგომა არჩია. მის მემკვიდრემ, ფრანცმა იოსებმა, თავისი მინისტრების რჩევით სხვა ვერა მოიფიქრა რა, გარდა იმისა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველის სთხოვა, მიშვალე, უნგრები დამიმორჩილეო.
ნიკოლოზ პირველმა სიამოვნებით მიიღო გაჭირვებული თავის მეზობლის თხოვნა. მისი ბრძანებით პასკევიჩმა კარპატის მთები გადაიარა და შეიყვანა უნგრეთში 130 000 რუსის ჯარი. პასკევიჩი მეტის-მეტ ნიჭის პატრონი სტრატეგი იყო. როგორც სპარსეთის და ოსმალეთის საწინააღმდეგო ომებში, 1827-1829 წლებში, და როგორც პოლონიის დამორჩილების დროს, 1830 წელს, იმან უნგრეთშიც წინადვე შედგენილი პლანით და ჯარის სწრაფი მოძრაობით ხელიდან გამოაცალა უნგრებს მთელი ის ადგილები, საცა კი მათ ან საზრდოს, ან იარაღის შოვნა შეეძლოთ. 15 ივნისს 1849 წელს მისმა ჯარმა უნგრეთში ფეხი შეადგა, და ორი თვის შემდეგ, 15 აგვისტოს 1849 წელს მთელი უნგრეთი მისგან დამორჩილებული შეიქნა. აგვისტოს დამდეგს პასკევიჩმა დაამარცხა უნგრეთის უმთავრესი ჯარი დებრეჩინთან, და ორ კვირის შემდეგ, 13 აგვისტოს ქალაქ არადთან დაატყვევა გერგეი და მისი ჯარი. რუსებმა ტყვედ დაიჭირეს 80 000 სალდათი, 400 ზარბაზნით და 150 ბაირაღით. ამით გათავდა უნგრეთის არეულობა და თვით-არსებობა. ნიკოლოზ პირველმა თავისი ჯარი უკანვე გამოიხმო, რაკი დამშვიდებული უნგრეთი ფრანც-იოსებს, საქორწილო საკვლეველსავით თავზე გადააგდო.
დატყვევებული უნგრეთის წინამძღოლები, რომლებიც პასკვევიჩმა, წესისამებრ, ავსტრიის ღენერლებს გადასცა, ავსტრიის მთავრობამ თითქმის ყველა ჩამოარჩო. ეს დიდი დარღვევაა ომის ჩვეულებისა, და ამგვარმა უპირობამ მეტად აწყენინა ნიკოლოზ ხელმწიფეს. აგრედვე უმოწყალოდ დაარჩვეს ავსტრიელებმა რამდენიმე ასი წარჩინებული პატრიოტი, მწერალი, პოეტი, მხატვარი, თუ სწავლული. ერთი სიტყვით, რაც კი რამ ჰყავდა უნგრეთს ნიჭიერი ან თვალთ-საჩენი, თითქმის ყველა მოკრიბა ავსტრიის მთავრობამ და ჩამოარჩო. გადარჩა მხოლოდ კოშუთი, 4 000 ჯარის და სამსახურის კაცით, მით, რომ ოსმალოს საზღვარში შევიდნენ და დაემალნენ მათ მდევნელს რუსეთის ჯარს. ზოგიერთი სხვა სახელმწიფოში გაიქცა. უნგრეთში დადგა რისხვის და ტანჯვის დრო, რომელმაც ერთიანად გაამწარა ავსტრიელების წინააღმდეგ არა მარტო უნგრები, მთელი განათლებული კაცობრიობაც.
ამით დაბოლოვდა უნგრეთის ორი მოწინავე პარტიის ბრძოლა და ქიშპობა: ორივე დაუძლურებული და მართვისგან განდევნილი შეიქნა. კრებულები მოისპო. უნგრეთში გერმანელი პატრონობა და მარტო გერმანული ენა ისმოდა. დღემდინაც, იქნება მომავალ საუკუნემდინაც ასე იქმნდებოდა, ავსტრიას გარეშე საჭიროება რომ არ დამართოდა, გარეშე მტრისგან რომ არ მოსდგომოდა დამარცხება. სწორედ ისე, როგორც უცხოეთიდან ეშვლება მას 1849-ში, უცხოეთიდანვე მიადგა მას დაღუპვა ათი წლის შემდეგ, 1859 წელს. უწინ რუსეთმა წამოაყენა ფეხზე უნგრეთში, ახლა კი საფრანგეთმა ძირს დასცა იტალიის მინდვრებში.
როცა ნაპოლეონ მესამემ იტალიის სასარგებლოდ ომი დაუწყო ავსტრიას, იმას იმედი როდი ჰქონდა, რომ ისე ადვილად და მალე გაიმარჯვებდა. ავსტრია მას უფრო ძლიერი ეგონა იტალიაში. მის დასასუსტებლად, მისი ჯარის ერთი ნაწილის მაინც იტალიიდან უნგრეთისკენ გადასაყვანად, ნაპოლეონმა უნგრეთში არეულობის მოხდენა არჩია. ამ განზრახვით იმან კოშუთი მოიწვია, რომელსაც პირობა მისცა, უნგრეთის გათავისუფლებაში დაგეხმარებიო, უსათუოდ გაგათავისუფლებინებ შენს მამულსაო. კოშუთი თანახმა გაუხდა ნაპოლეონს, მაგრამ იტალიის ომი 1859 წელს ისე უცბად გათავდა, რომ კოშუთმა ვერაფერი მოძრაობის მოხდენა ვერ მოახერხა თავის სამშობლოში. შვიდი წლის შემდეგ, 1866 წელს, როცა იტალია და პრუსია ავსტრიას ომს უპირობდნენ, ბისმარკმა იმნაირივე წინადადება მისცა კოშუთს. კოშუთმა მართლა მოინდომა პრუსიელების დახმარება და თავის მემამულეებს ურჩია, არიქა დრის ნუ დავკარგავთ, ვისარგებლოთ ავსტრიის სისუსტით, თავზე დავესხათ და ჟინიც ამოვიყაროთ და მამულიც განვათავისუფლოთო. მაგრამ არც 1859-ში და არც 1866-ში მის რჩევას და პარტიას გავლენა არ ჰქონია უნგრეთის ხალხის მოქმედებაზე. დეაკი და მისი მომხრენი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდნენ ამგვარ რჩევას. – ვერაფერს მოვიგებთო, ჰქადაგობდნენ ისინი, ტყუილად სირცხვილს ვჭამთ;. კიდეც რომ გავიმარჯოთ, კიდეც რომ განვთავისუფლდეთ, ნიადაგ სხვების სათამაშო, სხვების სალუკმა პურო გავხდებითო: როგორც ბურთს ეგრე გაგვიგდებენ ერთმანეთში და ისე გაგვწეწენ ავსტრია, რუსეთი, ოსმალეთი და გერმანია: რომელ ერთს აუვალთო? ბევრად სჯობია, ბევრად გვირჩევნია ერთგული დავრჩეთ ავსტრიის ტახტისო, ადრე თუ გვიან არ შეიძლება, რომ არ მიხვდეს ის, რომ ურჩევნია თვით-მმართველობა მოგვცეს, თუ კი მისგან ნამდვილი თვით-მმართველობა დაგვიმტკიცდა, მასთან კავშირი ჩვენთვის მაშინ საზარალო კი არა, მეტის-მეტად სახეირო იქნება, რადგან მის მორიდებით, მისი შიშით ჩვენს ქვეყანას სხვა ვეღარავინ ახლებს ხელს და ვერ შემოესევაო. ამ ქადაგებას ეხლა, 1859 და 1866, ბევრად უფრო მეტი დამჯერი ჰყვანდა, ვინემ 1848 წელს: ყველას ახსოვდა ავსტრიასთან ბრძოლის სიძნელე, დამარცხების სიმწარე, და უფრო, ისიც, რომ ავსტრიას გარდა სხვებსაც შესძლებია ჩვენი აოხრება და დამონებაო. ისევ შეჩვეული ჭირი სჯობნებია შეუჩვეველსაო.
ამ ქადაგების ძალით, ამ მოსაზრების გამოისობით, კოშუთის პარტიამ ვეღარ მოახერხა, ვერც იტალიის და ვერც პრუსიის ომის დროს, აჯანყება მოეხდინა უნგრეთში. მაშასადამე, ნაპოლეონისა და ბისმარკის თვალში იმის რევოლუციონერობას მაზანდა ჩამოუვარდა. 1866-ის დამარცხების შემდეგ ავსტრიამ მართლა დაინახა, რომ იმას იტალიისა და გერმანიისკენ სრულებით ტყუილად უკავია თვალი: აქეთკენ ჩემთვის აღარაფერია საიმედმოო. ბისმარკის რჩევით, და საჭიროების ძალით, ავსტრიამ მთელი თავის ყურადღება აღმოსავლეთისკენ, ოსმალეთისკენ მიაქცია. ამ მხრით ჩემთვის უნგრეთი ჩინებული ავანგარდი, უმჯობესი დამხმარი და ამხანაგი იქნებაო, მიხვდა. ამ განზრახვით ავსტრიის იმპერატორმა მოიხმო დეაკი, (რომელიც უწინაც ბევრჯერ მიიწვიეს, მაგალითად, 1850 და 1860 წლებში, მაგრამ ვერ დაითანხმეს). დეაკმა ხელ-ახლიდან წარადგინა თავისი უწინდელი პლანი, რომელიც ორჯერ თუ სამჯერ 1848, 1850 და 1861-ში დაწუნებული და უკუგდებული იყო ავსტრიის მთავრობისგან. ეხლა კი მეტი ღონე აღარ იყო, უნდა მიეღოთ. აი, რასში მდგომარეობდა ეს პლანი: უნგრეთს თავისი პარლამენტი, თავისი კანონდებლობა, თავისი ფინანსები ექმნებოდა, თავისი მინისტრები, თავისი ჯარი ეყოლებოდა და მმართველებაც თავის ენაზე ექმნებოდა, და ავსტრიას – თავისი საკუთარი. მაგრამ ამ ორ სახელმწიფოს ზოგიერთი რამ ისეთი აქვს საერთო და საზიარო, რისაც გაყოფა სრულიად შეუძლებელია: დამონჟის შემოსავალი, აქციზი, ძველი ვალები და სხვ. და სხვ. გარეშე დიპლომატიაც აგრეთვე ზიარი უნდა ჰქონოდა ორივე ერს. ამ ნაწილების მართვისთვის, თავ-თავისი სამინსტროსა და პარლამენტს გარდა, მესამე, საერთო, ზიარი პარლამენტი (დელეგაცია) და სამინისტრო ექნებათო, რომლის წევრები ამ ორ პარლამენტისაგან აირჩევიან და რომლის გავლენა მარტო ამ სამ საგანს უნდა დაეტყოს: გარეშე დიპლომატიას, საზიარო ვალების ანგარიშს და საერთო ბაჟის შემოსავალს. ყველა დანარჩენ საკითხების მართვაში ორივე ქვეყნას სულელით თავისებურად, თავისი ნებით და მოსაზრებით მოქმედების უფლება ექნება, და ვერცერთი მათგანი თავის მეკაშირეს საკითხებში ვერც გაერევა, ვერც ხმას ამოიღებსო. ამ თანასწორობის, თვით-არსებობის და ტყუპობის ნიშნად შეერთებულ სახელმწიფოებს უწინდებურად ავსტრიის იმპერიის იმპერია კი აღარ ერქმეოდა, აწი “ავსტრო-უნგრეთი”, “ავსტრო-უნგრეთის მონარქია” ეწოდებოდა. ამის თანახმად ავსტრიის იმპერატორი უნგრეთის სატახტო ქალაქში პეშტში უნდა მოსულიყო და ეკლესიის წესისამებრ უნდა დაგვირგვინებულიყო წმინდა სტეფანეს გვირგვინით. ამ პლანს, რომელიც დეაკმა ათჯერ მაინც წარუდგინა თავის მკითხველებს, ამომრჩევლებს და მეფეებს, დიდი მნიშვნელობა მიეცა განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ავსტრია პრუსსიამ დაამარცხა “სადოვასთან” 1866-ში. ამ დამარცხების შემდეგ დეაკმა დიდი მეცადინეობა იხმარა თავის აზრების გასახორციელებლად, მაგრამ, როგორც 18 წლის წინად, 1848-ში, ახლაც მას გზაზე კოშუთი და მისი პარტია გადაეღობა. პეშტის კრებულში, როცა სჯა ასტყდა დეაკის პლანი და მის წარდგენის შესახებ იმპერატორთან მთელი უნგრეთის მხრით, კოშუთის პარტიამ საშინელი წინააღმდეგობა გაუწია დეაკს და მის პლანს. – რის მორიგებაო, სჯობს ერთიანად მოვშორდეთო, და სხვ. ნამდვილად ვერავინ იტყვის ახლა კაცი, კოშუთის პარტიას იმ დროს რამდენი საკუთარი მომხრე ჰყავდა უნგრეთის პარლამენტში, რადგანაც დეაკის პლანის წინააღმდეგი მარტო კოშუთის თანამოაზრენი კი არა, სხვანიც ბევრმა იყვნენ: სერბები, კროატები, ჩეხები, რუმუნები და უფრო მეტი უნგრები, ისეთები, ვისაც ავსტრიასთან მორიგება კი უნდოდა, მაგრამ რომელსამე სხვა საფუძველზე. დიდი ბრძოლის და დავის შემდეგ, კრებულმა დეაკის პლანი მიიღო, ასიოდე კენჭის უმრავლესობით, მეფეს თავისი სახელით წარუდგინა და კიდეც მიაღებინა. ამ ნაირად დაარსდა ავსტრო-უნგრეთში დუალიზმი. ისტორიაში ამ დათანხმებას თუ მორიგებას “1867 წლის კომპრომისს” ეძახიან.
8 ივნისს 1867 წ., თანახმად ამ ახალი წყობილებისა, ფრანც-იოსებმა პეშტს უნგრეთის კოროლად იკურთხა გვირგვინი. იმავე დროს იმან უნგრეთის სამინისტროს თავმჯდომარეობა შეაძლია დეაკს, როგორც პარლამენტის უმრავლესობის მოთავეს. დეაკმა მინისტრობა არ ისურვა. სიკვდილამდინ ის დარჩა თავისი პარტიის წინამძღოლად, პარლამენტის ბრძოლის მსაჯულად და ერის ზნეობრივ მოთავედ. მინისტრებს ის ირჩევა და წინ-უძღოდა. წლინახევრის შემდეგ მთელ უნგრეთს წარედგინა განსახილველად დეაკისგან მომხდარი მორიგება. 1869 წლის მარტის თვეში ახალი პარლამენტის ამოსარჩევი კენჭისყრა მოხდა უნგრეთში. ამ კენჭის-ყრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან შიგ ქვეყნის აზრი გამოითქმებოდა ავსტრიასთან მორიგებასა და ახალი წყობილების შესახებ. მართლაც, მორიგების წინააღმდეგმა ყველა საშუალება იხმარეს, დეაკის აზრის და პარტიის დასამცირებლად და დასამარცხებლად. უცხოეთიდან ყოველ დღე მოდიოდა უნგრეთში, და იქაურ გაზეთებში და სოფლებში ვრცელდებოდა, ახალი-ახალი აბრიალებული და მხურვალე მანიფესტები კოშუთისა, – ნუ იზამთ, ნუ მიიღებთ ავსტრიასთან მორიგებასო, მოვშორდეთ ერთიანად მაგ ქვეყანას, ჩვენი სრული თვით-არსებობა, “დამოუკიდებლობა” დავაარსოთო. კოშუთმა, ერთი სიტყვით, ცხადად და ნათლად აღნიშნა თავისი და თავის პარტიის შეურიგებლობა ავსტრიასთან.
კენჭის-ყრა მით დაბოლოვდა, რომ ახალ პარლამენტში შევიდა: 270 დეაკის პირდაპირი და სრული მომხრე, 110 წევრი ისეთი, რომელიც დეაკს ზოგ საქმეში უმხრობდა, ზოგში ეწინააღამდენებდა და რომელიც მორიგების გაუმჯობესობას თხოულობდა; და მარტო 60 კოშუთის მომხრე. ეს რიცხვები მშვენივრად გვიხსნის იმ დროინდელ უნგრეთის შინაგან მდგომარეობას.
დეაკის და მისი პარტიის აზრით, 1867-შ გადაწყდა მარტო უმთავრესი მხარე საქმისა, მარტო თავი და თავი კითხვები. სამერმისოდ დარჩა გასარჩევად და გადასაწყვეტად ბევრი შესამჩნევი ცვილილება, სხვათა შორის ის, თუ რა მდგომარეობაში, რა წესში ჩაყენებული უნდა ყოფილიყო უნგრეთის ის ნაწილები, საცა სერბები, ან რუმუნები, ან კროატები ხალხის უმრავლესობას შეადგენდნენ. აგრეთვე დატოვებული იყო სამერმისოდ იმის გადაწყვეტაც, თუ რა განწყობილება უნდა ჰქონოდათ უნგრელებს სლავებთან და სხვათა. საქმეს რომ შეუდგნენ, თავდაპირველად, რასაკვირველია, ფინანსების ნაწილს მიაქციეს ყურადღება, იმ განზრახვით, რომ შიგ წესიერება დაემყარებინათ და ხალხისათვის უსარგებლო ფულის ფლანგვა მოესპოთ. მთელი ათი წელიწადი მოუნდა უნგრეთი ამ მიზნის მიღწევას, სანამ მოახერხა, რომ შემოსავალი გასავალს გასწორებოდა და ფინანსებში სინათლე და წესიერება დამყარებულიყო. ამასთანავე დეაკის პარტია სწავლისა და ხალხის განათლების საკითხს მიაწვა. უწინ რომ თითქმის სულ არ ჰქონდა უნგრეთს “სახალხო”, ხალხისთის გამოსადეგი სასწავლებლები, ახალმა სამინისტრომ რამდენიმე წლის განმავლობაში 2 000 სასოფლო თუ სახალხო სკოლა დაარსა, 75 რეალური სკოლა, 145 გიმნაზია და მრავალი სხვა საშუალო თუ უმაღლესი სპეციალური სასწავლებლები. აგრედვე დიდი მოღვაწეობა გასწია დეაკის პარტიამ და სამინისტრომ რკინის გზების გასამრავლებად ქვეყანაში, რადგანაც უამისოდ ეხლა ერის წარმოების და მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია. ბევრი ამ გვარი პრაქტიკული ცვილილების მეოხებით ათიოდე წლის განმავლობაში უნგრეთს, არა თუ ზნეობრივ, მატერიალურადაც ისეთი წარმატება დაეტყო, თავად მოწინააღმდეგეების მოწმობითაც, როგორიც, ავსტრიის ხელში, ბიუროკრატიული სისტემის ძალით, მთელი ერთი საუკუნის განმავლობაშიც კი არ ღირესებია უნგრეთს. და სანამ დეაკი და მისი პარტია ერს ამგვარი ხელ-მოსაკიდი, რეალური სიკეთის გზას ასწავლიდა, და მის მისაღწევად პრაქტიკულ პროექტებს თუ კანონებს ურდგენდა, კოშუთი და მისი თანამოაზრეები გაზეთებში თუ პარლამენტში ცარიელ ფრაზებს ღაღადებდნენ “დამოუკიდებლობაზე”, სრულს თავისუფლებაზე და სხვ. ერთხელ, სამინისტროს ჟინზე, მინისტრების ჩინებული პროექტის გასაუქმებლად კენჭის-ყრის ძველი კანონების შეცვლის თაობაზე ამ პარტიის წევრებმა პარლამენტში მთელი რვა დღე ილაპარაკეს მარტო კანონის სათაურის თაობაზე, მერე ორი კვირა კიდევ ილაპარაკეს საზოგადოდ კენჭის-ყრის მნიშვნელობაზე, და იქამდინ გააჭიანურეს პროექტის განხილვა, სანამ პარლამენტს კრების ვადა არ გაუვიდა… ამით, რასაკვირველია, უნგრეთის საქმეების მსვლელობა არც ერთ იოტის ოდენად არ შეცვლილა, არც იქაური პარტიების შედარებითი რადენობა: მარტო ერთი წელიწადი უქმად დაიკარგა და ერთხელ კიდევ ქვეყნის არჩევნი, კარგი და გონიერი კანონის მაგიერ, ძველი, ყველასგან დაწუნებული წესით მოხდა. დიდ და შესამჩნევ გავლენას, რასაკვირველია, ძნელად შეიძენს ერში პარტია, რომელიც ამგვარ საშუალებებით იბრძვის რეალური წარმატების მეთაოსნე რაზმის წინააღმდეგ.
თანდათან მატერიალურ და ზნეობრივ ცხოვრებაზე დაეტყო უნგრეთს მორიგების სიკეთე და სარგებლობა. მაგრამ უფრო შესამჩნევი, უფრო საკვირველი ნაყოფი მოუტანა ამ მორიგებამ უნგრეთს გარეშე საქმეების, დიპლომატიის და ევროპაში გავლენის მხრით. უნგრეთი რომ ავსტრიას მოშორებოდა, თუნდ მთელ ევროპას ეცნო და დაემკვიდრეია, თავს-ედვა მისი თვით-არსებობა და ხელშეუხებლობა, რა იქნებოდა მისი ხმა დღეს ევროპაში? თუნდ არც შინ, სლავებთან, ჰქონდეს მას უთანხმოება და შფოთი, თუნდ არც გარეშე მტრისა შინებოდეს და რიდი ჰქონდეს, იმას, სულ ბევრი, ბევრი საბერძნეთის ან რუმინიის ტოლა გავლენა და მნიშვნელობა თუ ექნებოდა ხალხთა შორის რჩევებში და საქმეებში. ახლა კი დეაკის კომპრომისის მადლით, უნგრეთის უთანხმოდ ავსტრია არა თუ ერთ თოფსაც ვერ გაისვრის, ხმასაც ვერ ამოიღებს ქვეყანანში და ავსტრო-უნგრეთის ხმა აქ იმოდენს ნიშნას, რამოდენსაც უპირველესი და უდიდესი სახელმწიფოების ხმა, ინგლისის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის! უნგრეთი შეიქნა “მეექვსე დიდი სახელმწიფო”, ბევრად უფრო ძლიერი, ვინემ იტალია, და ისპანიას კი ვინ გაიხსენებს, მაშინ, როდესაც, სიმდიდრით, ხალხის რიცხვით, ისტორიით და სხვ. და სხვ. სად ესპანია და იტალია, და სად უნგრეთი! რასაკვირველია, ეს დიდი და წარჩინებული მდგომარეობა სრულიად არ შეეფერებება უნგრეთის ნამდვილ ძალას. იმას “შინაგანი მჭამელი” უზის სხეულში, რომელიც, ადრე თუ გვიან, უსათუოდ გაუთხრის სამარეს: სლავების ჩაგვრა, მათთან ქიშპობა. მაგრამ ჯერჯერობით კომპრომისმა უნგრეთს ავსტრია დაუძმობილა, და სანამ ავსტრია ფეხზე დგას, ავსტრიის ძალით და გავლენით იგერიებს უნგრეთი სლავებს. მართალია, ზოგი უნგრეთს იმას ურჩევდა, სლავებს დაუახლოვდი და მათთან ერთად ავსტრია მოიგერეო, მაგრამ, როგორც 1848 წელმა დაამტკიცა, თვითონ სლავები ყოველთვის ავსტრიას უფრო მიეკედლებიან, ვინემ უნგრეთს.
ყოველ შემთხვევაში, რა იქნება შემდეგში, ვინ იცის, ერი კი მარტო უფრო იმას აფასებს და იგებს, რაზეც თვალით ამჩნევს და ხედავს. მისი შეხედულობით, ჩვიდმეტი წლის პრაქტიკამ ერთიანად დაამტკიცა დეაკის კომპრომისის სიკეთე და შეუდარებლობა. თანდათან უნგრეთის პარლამენტში დეაკის აზრების სასარგებლოდ მოხდა მოძრაობა იმ “ზომიერ მარცხენა მხრის” წევრებში, რომელნიც თუმც ერთიანად კი არ უარჰყოფნდნენ, მაინც ბევრში იწუნებდნენ 1867-წლის კომპრომისს. 1874-ს ენკენისთვეში დეაკის პარტიას შეუერთდა მთელი მესამედი “ზომიერი მარცხნისა”, გიჩის თაოსნობით. 1875-ს მარტის თვეში მთელი ამ პარტიის დანარჩენმა ნაწილმაც სამუდამოდ და ერთიანად მიიღო კომპრომისი, ტისსას მეთაურობით. ეს შეერთებაც მალე შეიქნა უნგრეთის ერის მსჯელობის და გადაწყვეტილობის საგნად. იმავე 1875 წლის მკათათვეში პარლამენტის არჩევნები მოხდა. ერს სულ 440 დეპუტატი უნდა აირჩია. ამ რიცხვში სამინისტროს, ან დეაკის პარტიის, მომხრე არჩეული აქნა 380 კაცი. კოშუთის თანამოაზრეთაგანი ამ წელს მარტო 20 დეპუტატი აირჩიეს. დანარჩენი – სერბები, კროატები, რუმუნები, ნემეცები და სხვ. იყნენ. როგორც 1867-ში, ისე დღემდინაც, ამათ უნგრეთის პარლამენტში ის ადგილი უკავიათ, რომელსაც ყოველგან “უკიდურესი მარცხენა” ჰქვიან. 1869 წლის დამარცხების შემდეგ თვითონ კოშუთი თანდათან სულ ნაკლებ და ნაკლებ მონაწილეობას იღებდა უნგრეთის შინაგან საქმეებში. ის იტალიაში დარჩა, ქალაქ ტერინში, მაშინ, როდესაც მისი მომხრენი, მისი სახელით, უნგრეთის პრესაში და პარლამენტში დეაკის გამარჯვებულ პარტიას და სამინისტროს ებრძოდნენ. პრაქტიკული გავლენა და მნიშვნელობა ამ ბრძოლას ბევრი როდი რამ ჰქონდა. რამოდენად შემცირდა, მისი მეოხებით, კოშუთის პირადი რეალური მნიშვნელობა და გავლენა უნგრეთში, გვიჩვენებს შემდეგი გარემოება. 1890 წელს, როცა ტისსა მთავარ-მინისტად იყო, მარცხენა მხარის მოთავემ, დეპუტატმა ირანიიმ, უნგრეთის პარლამენტში დავა ასტეხა იმის თაობაზე: დაუკარგავს კოშუთს უნგრეთის მოქალაქის სახელი და უფლება, თუ არაო? ირანიი ლაპარაკობდა დიდი ენერგიით და ნიჭით, და საქებ პატრიოტის დაცვისთვის ისეთ სიმებს ეხებოდა, რომელიც ყოველი უნგრის გულში ნიადაგ ადვილად მაღალ ხმაზე ჟღარუნობს. თვითონ დეაკის პარტიიდანაც ბევრს ჰსურდა, რომ კოშუთს უნგრეთის მოქალაქეობა შერჩენოდა. მაინც ირანიის წინადადება პარლამენტმა უკუაგდო 218 კენჭით. ირანიისკენ 89 ხმის მეტი არ გამოთქმულა.
თუმც 1867-ში აქედ კოშუთმა თავის სამშობლოში რეალური ძალა და გავლენა თითქის ერთიანად დაკარგა, ამ ქვეყანაში და მთელ განათლებულ კაცობრიობაშიც მას, დამჯერი თუ არა, პატივის-მცემელი ბევრმა შერჩა. როგორც უწინ ყველა აღტაცებაში მოიყვნა მისმა ანჩხლმა, გამწარებულმა, ენერგიულმა, შეურიგებელმა ბრძოლამ ავსტრიის წინააღმდეგ, ისე ეხლა ყველას გულს სწვავს უკიდურესი სიმაღლებე, მარტოობა და უძლურება ამ სასტიკი და მტკიცე მებრძოლისა, რომლის მამულის სიყვარული იქნებ ხანდახან სცდებოდა, მაგრამ ყოველთვის გულწრფელი, ღრმა და თავდაუზოგველი იყო. ვისაც ასე ღრმად, ასე სწორედ, ასე მუდამ უყვარს თავისი ერი, იმას შეცდომა კი არა, ყველაფერი შეენდობა. აი იმის მიზეზი, რომ გადაცვალებულ გმირს, განსვენების და დამარხვის დროს, უნგრეთმა და მთელმა განათლებულმა ქვეყანამ სწორედ რომ მეფური პატივი სცა…
ნიკო ნიკოლაძე
გაზეთი “კვალი”, ივნისი 12, 1894 წ.
“მოამბის” პუბლიცისტიკა პეტრიძისა
რა და რა ამბები არ ხდება ხოლმე ქვეყანაზე? ომი, არეულობა, ძალ-მომრეობა და სხვა ამისთანეებით სავსეა ისტორია. აი, მაგალითად, მას ჟამსა შინა საქართველოს შემოესიენ სელჯუკები და ბატონებად გაუხდენ; დიდხანს ითმინა ერმა და ბოლოს ვეღარ გაუძლო, დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით გარეკა მტერი სამშობლოდან. ერთი ამგვარი დაუპატიჟებელი სტუმარი რუსეთსაც ეწვია, მონგოლებმა ორას წელიწადს ჯიჯგნეს რუსეთი, ბოლოს ხალხი მოთმინებიდან გამოსული შეებრძოლა და განაძევა თავის ქვეყნიდან. აღმოჩდა ახალი ქვეყანა – ამერიკა და ინგლისმა ჩაიგდო ხელში. ამერიკელები ვაშინგტონის მეთაურობით აუჯანყდნენ გაბატონებულ ინგლისს და კიდევაც გაიმარჯვეს. ამ საუკუნეში იტალია განუდგა თავის მფლობელ ავსტრიას. გარიბალდიმ ამოიღო ხმალი და სამშობლო განათავისუფლა, მაგრამ მოხდა ერთი ამბავი, ისტორიას ცალი ფეხი გადაუბრუნდა. კოკამ წყალი ყოველთვის ვერ მოიტანა, უნგრელებმა თქვეს: ჩვენ რაღა ჯაბანი ვართ, რომ თავის თავი ვერ ვმართოთ, რად ჩამოვრჩებით უკან ჩვენ ბატონ ავსტრიას. მაშ ძირს ჩამოვაგდოთ ავსტრიის ბატონობა, გაუმარჯოს თავისუფლებასო და კოშუტის წინამძღოლობით შეებრძოლენ მტერს. კოშუტი ორი სახელმწიფოს მიერ (ავსტრია-რუსეთი) ძლეული იქმნა და უნგრეთიც დააამშვიდეს, მერე რა გამოვიდა აქედან? რას გვასწავლის ეს მოვლენა? რას და თუ კოკამ წყალი ერთხელ ვერ მოიტანა, ვერც ვერასდროს მოიტანსო. შეიძლება ეს დასკვნა გაგიკვირდეთ. მეც-კი მიკვირს, მაგრამ ეს ასე ყოფილა. თუ არ გჯერათ, კითხეთ ბ-ნ ნიკოლაძეს და ის დაგარწმუნებს, თუ აღარც მის სიტყვის ენდობით, მაშინ მისი ნაწერი წაიკითხეთ “მოამბის” მე-IV ნომერში დასტამბული. მაშინაც უფრო აღარ შეისმენთ, საეჭვო, დაუდეგარი კაცის სახელს დაიმსახურებთ და მშვიდობით; ბ-ნ ნიკოლაძე გეტყვის, როგორ კოშუტივით ცხარობ, იყავ ერთგული, უმანკო და ყველაფერი თითონ მოვაო. ჯერ ვიკითხოთ: ვინ არის ეგ, ნიკოლაძის მიერ ასე ათვალ-წუნებული, კოშუტი? ბ-ნ ნიკოლაძის წერილი ასე მოგვითხრობს: კოშუტი ერთი ვიღაც გადარეული კაცი ყოფილა, რომელსაც დაბადებიდან ჩხუბსა და სისხლის ღვრის ქავილი ატეხია, დაუჟინია უთუოდ ავსტრიას ომი აუტეხოთ, ისე არაფერი რეფორმები არ გვინდაო. უნგრეთის ხალხიც გაბრიყვებულა, კოშუტის ფეხის ხმას აყოლია, დაუწყია ომი და წაუგია. მატყუარა კოშუტი გაქცევია სამშობლოს და ბევრი მის მიერ გაბრიყვებული ჩამოურჩვიათ. კოშუტს კი ისე გატეხია ხალხში სახელი, რომ უნგრეთთა გვარის სიიდანაც ამორიცხვა მოუწადინებიათ. აი, ეს არის კოშუტი, რომელის გადაცვალებას სრული კაცობრიობა დატიროდა? ეს არის ის კოშუტი, რომელის სიკვდილმა გლოვით და ძაძით შემოსა მთელი უნგრეთის ერი? ორში ერთი: ან მთელი ქვეყანა გაგიჟებულა, ან ბ-ნ ნიკოლაძის მიერ წარმომადგენელი კოშუტი, კოშუტი არ არის. მაშ გავიცნოთ ნამდვილი კოშუტი. აი, მოკლედ მისი ცხოვრება.
კოშუტი (1806-1894) იყო ჩამომავლობით კროატი, შვილი გაღარიბებული აზნაურის, ხელობით ნაფიცი ვექილისა, პროგრესული აზრებით გამსჭვალული და ნიჭიერი ორატორი. პირველად “საერო კრების გაზეთის” ფურცლებიდან გაისმა ძლიერი ხმა ახალგაზრდა კოშუტსა თავისუფლების და ადამიანური უფლებების შესახებ. “ეს გაზეთი – ამბობს, ერთი ბიოგრაფი – იყო პირველი გამოცემა, რომელიც აგებინებდა საზოგადოებას “საერო კრების” (ანუ სეიმის) ბჭობას და გადაწყვეტილებებს, აგრეთვე შეიქნა მიზეზით გონებრივი მოძრაობისა უნგრეთში”. შეშინებულმა მთავრობამ აკრძალა გაზეთის გამოცემა, კოშუტმა ამას ყურადღებაც არ მიაქცია და განაგრძო გაზეთის ბეჭდვა. მაშინ დააპატიმრეს და ოთხი წლით ციხე გადაუწყვიტეს. ამ ამბავმა ისე ააღელვა ხალხი, რომ იგივე მთავრობა იძულებული შეიქმნა თავის განაჩენი გაეუქმებინა. პროგრესულმა დასმა განთავისებულს კოშუტს ხელის მოსწერით 10 000 ფლორინი შეუგროვა და ისიც (კოშუტი) შეუდგა აგიტაციას წერით, თუ სიტყვით მთელს უნგრეთში. 1847 წ. არჩეულ იქმნა “კრების” დეპუტატად და გამოცა თავისი საპოლიტიკო პროგრამა: გლეხების განთავისუფლება, მწერლობის თავისუფლება, გაუქმება გლეხთა მუქთი მუშაობისა ბატონ თუ სახელმწიფოს სასარგებლოდ. იმავე პროგრამაში ნათქვამია: წევრნი ოპოზიციისა არასოდეს არ დაივიწყებენ ავსტრიას და უნგრეთს შორის მშვიდობიანობას და განწყობილობას თანახმად 1790 წ. კანონისა, მხოლოდ ვერასოდეს ვერ დათანხმდებიან ავსტრიის ინტერესები თავისი სამშობლოს ზევით დააყენონ. არც ერთ შემთხვევას არ უშვებდა, რომ თავისუფლების მქადაგებლად არ გამოსულიყო. 1848 წ. ნაპერწკალი საფრანგეთის რევოლუციისა დავარდა გერმანიის და ავსტრიის ნიადაგზე, სადაც დაუყოვნებლივ აღგზნებული იფეთქა. კოშუტმა გარემოცული რევოლუციური ატმოსფერით, საჩქაროდ მოთხოვა ავსტრიის მთავრობას არა თუ სრული კონსტიტუცია, არამედ უნგრეთის თვით-მართველობაც. მაშინვე შედგა თავისუფალი ეროვნული მილიცია და კოშუტის მეთაურობით შევიდა ვენაში (15 მარტს) (ახალი რეფორმების მოსათხოვად). ხალხი აღტაცებით დაუხვდა კოშუტს და დიდი ოვაციები გაუმართა, როგორც თავისუფლების და ჩაგრულთა მხსნელის წინამორბედს. “გაუმარჯოს კოშუტს, გაუმარჯოს უნგრეთს”, ზარივით ისმოდა ვენის ქუჩებში. ქალები ფანჯრებიდან კოშუტს ყავილებს აყრიდა. ამისთვის მეფეც იძულებული შეიქმნა კოშუტის თხოვნა დაეკმაყოფილებინა. 17 მარტს დაარსდა უნგრეთის საკუთარი სამინისტრო, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა მეთაური არისტოკრატიული დასისა გრაფი ბათიანი. კოშუტმა მიიღო ფინანსთა სამინისტრო, დეაკმა სამართლის. მაგრამ კოშუტი მეთაური დემოკრატიული და ეროვნული დასისა ვერ მოურიგდა არისტოკრატ ბათიანს. ამან თავის ქცევით კროატთა შორის გამოიწვია ამბოხება (უნგართა წინააღმდეგ). მეფემ კროატის მმართველად დანიშნა იელაშიჩ. თუმცა ეს ცნობილი არ იყო უნგრეთის “საერთო კრების” მიერ, მაგრამ მაინც ხმა გაიკმინდეს, შუღლს და უთანხმოებას მოერიდნენ. მხოლოდ კროატელთ მიმართა კოშუტმა: გამოაცხადეთ თქვენი სურვილი და მიზანიო, პასუხად ელაშიჩმა ბრძანება გასცა, რომლითაც კროატელთ უკრძალავდა უნგრელებთან მოლაპარაკების გამართვას. 10 ივნისს ავსტრიის მთავრობამ საიდუმლო წინადადება მიჰსცა ელაშიჩს, უნგრეთს შეუსიე ჯარიო. ითქვა და ასრულდა. უნგრეთის სოფლები მიეცა ხმალს და ცეცხლს. მთავრობა მდუმარებს, შორიდან უცქერის. მაშინ კოშუტმა მიმართა თვით მეფეს, მობრძანდით უნგრეთში და საერო კრება თქვენ გახსენითო, ამის პასუხად გამოცხადდ: მეფე არ ერევა კროატთა და უნგრეთთა შორის მომხდარ ამბებშიო. ამ დროს კოშუტმა დაარსა გაზეთი: “კოშუტის გაზეთი”, რომლის პირველ ნომერში ჰწერდა: უფალო და მეფევ, შენ უნდა განამტკიცო უნგრეთის თავისუფლება; მოდი და დაუმყარე მშვიდობიანობა იმ ერს, რომელიც შენ მოგენდო შვილსავით?!. ცოტა ხანს შემდეგ ავსტრიის მთავრობა ნიღაბ-ახდილი, აშკარად აღელვებდა კროატელებს უნგრეთთა წინააღმდეგ. ახლა კი მიხვდა მთელი ქვეყანა ავსტრიის პოლიტიკას და კოშუტმაც გადაწყვიტა იარაღით დაეცვა კონსტიტუციის და სამშობლოს თვით-მართველობა. 11 ივლისს 1848 წ. კოშუტი ავიდა საერო კრების ტრიბუნაზე და ავსტრიის პოლიტიკის წინააღმდეგ წარმოთქვა ვრცელი სიტყვა, რომელიც ასე დააბოლოვა: “რომ სამინისტრომ იხსნას სამშობლო განსაცდელისგან, საჭიროა მთელი ერის თავის დადება, თელი მისი ძალ-ღონის მოძრაობაში მოყვანა, ამისთვის მე ვითხოვ 200 000 მეომარს და 42 მილიონ ფლორინს”. აქ ორატორი მეტის-მეტად აღელვებული შედგა, სიტყვა ვეღარ განაგრძო, დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა; უცებ სამინისტროს წინააღმდეგი დასის მეთაური დეპუტატი ენიარი წამოდგა და დაიძახა: “თავი დავდებთ, მოგცემთ ყველაფერს!” ეს სიტყვები ერთხმად ამოსქდა ყველა დეპუტატის გულიდან. კოშუტი ჩამოვიდა ტრიბუნიდან, დარბაზი აღელვდა, გრძნობამ სამშობლოს სიყვარულისამ გადმოხეთქა და მორწყო მთელი ქვეყანა.
ამის გამო სამინისტროს თავ-მჯდომარე არისტოკრატი ბათიანი სამსახურიდან გადადგა, მას გაჰყვა დეაკიც. ახალი სამინისტრო მეფემ არ იცნო და ჯარი გაგზავნა იელაშიჩის წინამძღოლობით, რომელიც დამარცხებულ იქმნა ფეშტში. მაშინ კი გამოცხადდა აშკარათ განდგომა (სექტემბერი 1848) და კოშუტიც შეიქმნა მეთაური ეროვნული დაცვისა. “როგორც მეთაური რევოლუციური თავრობისა, ამბობს მეორე ბიოგრაფი, კოშუტმა უკანასკნელ თვეებში გამოიჩინა სამაგალითო მხნეობა და შეუდარებელი ძალიერება. მან მოვლო თავისი სამშობლო კუთხის კუთეხემდე და ერის გულში დაანთორა რევოლუციის ცეცხლი”. შედგა ეროვნული ჯარი. გამოცხადდა ომი. ავსტრიის ჯარი მიადგა უნგრეთის დედაქალაქ ფეშტს, რევოლუციურ მთავრობამ დატვა პეშტი და გადავიდა მეორე ქალაქში. აქ გამოჰცა შესანიშნავი მანიფესტი, რითაც უნგრეთი ცნობილ იქმნა დამოუკიდებელ რესპუბლიკად. კოშუტი დანიშნეს რესპუბლიკის დროებით მმართველად. ავსტრიამ, დამარცხებულმა კოშუტის ჯარის მიერ, მიიმართა რუსეთს შემწეობისთვის. კოშუტმა ენერგიული პროტესტი გამოაცხადა: რუსეთი ნუ ერევა ჩვენს საქმეშიო, მიმართა მთელს ევროპას (განსაკუთრებით ინგლისს და საფრანგეთს) კაცთ-მოყვარეობის და თავისუფლების სახელით, ააღელვა მთელი უნგრეთის ერი რუსეთ-ავსტრიის წინააღმდეგ. პირველად გამარჯვება რჩებოდა კოშუტს, ხოლო ბოლოს ორი სახელმწიფოს ძალამ სრულებით ჰძლია უნგრეთს და კოშუტი იძულებული შეიქმნა გაქცეოდა მტერს. საინტერესოა კოშუტის წერილი ერთ პოლონელ გენერალთან დაწერილი ომის განგრძობის შესახებ: “ჩემთვის ომი, ჰწერს კოშუტი, არის არა მიზანი, არამედ საშუალება სამშობლოს დაფარვისა. თუ ვხედავ, რომ ეს საშუალება აღარ გამოდგება, მაშინვე დავიძახებ: არა, არ გვინდა ომი!!!”
კოშუტი გადავიდა ამერიკაში, სადაც დიდი აგიტაცია გამართა უნგრელთა სასარგებლოდ. დაბრუნდა ევროპაში და მაძინის და ლედრიუნ-როლენთან ერთად დაარსა ინტერნაციონალური დემოკრატიული საზოგადოება, რომლის მიზანი იყო რევოლუციური მოძრაობის გამოწევა მთელს ევროპაში წინააღმდეგ მთავრობის რეაქციისა. შემდეგ მანვე დაარსა ეგრედ წოდებული გენუიას კომიტეტი უნგრეთლა, პოლონელთა და იტალიელთა შესაერთებლად, საერთო ბატონის ავსტრიის წინააღმდეგ. ამით მხოლოდ იტალიამი ისარგებლა, უნგრეთი კი ჩარჩა ავსტრიის ხელ-ქვეშ, კოშუტი ამ ბრძოლაში მოღალულ-მოქანცული, ღარიბი, სამუდამოდ დასახლდა იტალიაში. თუმცა 1868 წ. ფეშტის ხალხმა კოშუტი აღირჩია პარლამენტის დეპუტატად. (ბ-ნ ნიკოლაძის აზრით კი ა1867 წ. აქეთ კოშუტმა თავის სამშობლოში რეალური ძალა და გავლენა თითქმის ერთადერთად დაკარგა), მაგრამ მან არ მიიღო, არ შეურიგდა უნგრეთს, მონარქიულს და დამოკიდებულს.
აი, ვინ იყო კოშუტი, აი, ვის დაჰტიროდა წელს უნგრეთის ერი და მასთან მთელი ქვეყანა. როგორც აქედან ჰჩანს, კოშუტს ომიანობის ჟინი არ ჭირვებია, მისი პოლიტიკური ჰაზრები უცებ არ შემუშავებულა, არამედინ დროის და გარემოებათა მიხედვით თანდათან ვითარდება დართოვება. იგი წინ აღუდგა, როგორც პატიოსანი და მამაცი მამულიშვილი, იმ პოლიტიკას, რომელსაც ჰსურდა უნგრელები მიწასთან გაიწორებინა, მათშ შფოთი და დავიდარება დაეთესა. ის და ბ-ნ ნიკოლაძის მიერ ნაქები დეაკი პირველად ერთად მოქმედებდნენ, ერთად ემსახურებოდნენ სამშობლოს. მხოლოდ მაშინ, როცა ერმა ომი გამოუცხადა ავსტრიას, დეაკიც გაიქცა სამოქმედო ასპარეზიდან; როცა ხალხის სისხლს ღვრიდა, დეაკიც შორიდან გულ ცივად შეჰყურებდა, როცა საუკეთესო მამულის შვილთ გამარჯვებული ავსტრია არჩობდა, დეაკი მაშინ მდუმარებდა და ბოლოს დიდი მოწიწებით მთავრობის მიერ მიპატიჟებული იქმნა ვენაში. (ყველა ამაებს ბ-ნ ნიკოლაძე მოგვითხრობს.) ამისთანა კავს კოშუტზე მაღლა აყენებს ბ-ნ ნიკოლაძე. კოშუტმა ომი წააგოვო!. კოშუტმა გამოიწვია ომი, თუ ავსტრიის პოლიტიკამ? განა იგივე კოშუტი არ თხოვდა მეფეს, მობრძანდით და საქმე გავაწყოთო? როცა ერმა მტერს წინააღმდეგობა გამოუცხადა, ნუ თუ კოშუტი მაშინ თავის ერს უნდა გაქცეოდა, დეაკივით, და ფეხით გაეთელა? ნუ თუ ეს რევოლუცია უნაყოფოდ უნდა ჩავლილიყო? განა ამან არ დაუმტკიცა ავსტრიის მთავრობას, უნგრეთი ძალაა, სრული წლოვანია, თუ ხელ-ახლა თავი წამოყო, საქმე ცუდად წავაო? “ჩემთვის უნგრეთი ჩინებული ავანგარდი, უმჯობესი მომხმარი და ამხანაგი იქნებაო” გაუფიქრია ავსტრიის იმპერატორს, ამისთვის განუზრახავს მასთან მორიგება და კიდევაც მიანიჭა თვით მმართველობა. რამ აფიქრებია ავსტრიას უნგრეთის გვერდში ამოყენება, მისი გაამხანაება? უნგრეთს რომ ლაჩრობა ეჩვენებინა, თავი ჩაექინდა და ხელი გაეშვირა: როგორც გსურთ, ისე მიპატრონეთო, განა ეღირსებოდა გაამხანაგებას? სახელმწიფოებს სუსტს და უძლურს იამხანაგებენ, თუ იმორჩილებენ? ავსტრია დარწმუნდა უნგრელების სიძლიერეში მას შემდეგ, როცა კუშუტმა დავთარი დაუბნია, მისი ჯარები ბუზივით გარეკა და თუ არ რუსეთი სამუდამოდ დამარცხდებოდა. აი, სად გამოიღო ნაყოფი უნგრეთის რევოლუციამ, აი, რისთვის იქმნა მიღებული დეაკის წინადადება. დაამტკიცეთ, ბ-ნო ნიკოლაძე, წინააღმდეგი, დაგვისაბუთეთ, რომ ავსტრიამ კაცთ-მოყვარეობით მიანიჭა უნგრეთს თვით-მართველობა და არა ანგარიშით, თრემ რევოლუციების და მათი გმირების ფეხ-ქვეშ გათელვა ვერაფერი სიბრძნეა. “აშენებულს შეეწიე, წაქცეულს შეესიე” – ვერაფერი სივაჟ-კაცეა.
ეს კიდევ არაფერი ბ-ნ ნიკოლაძეს შესანიშნავი კანონები აღმოუჩენია. დიაღ, კანონი: ამას თითონვე გვეუნება წინდაწინ: კოშუტის ცხოვრებას უნდა დავაკვირდეთ “გონების გასახსნელად, სწავლის და გამოცდილების შესაძენად, ისტორიული კანონის გასაგებად”. აი, ბ-ნი ნიკოლაძის მიერ აღმოჩენილი ისტორიული კანონებიც: “მოვა დრო, და ჩვენი სიმართლე, ჩვენი ერთგულება, ჩვენი უმანკოება გაჭრის და უნგრეთ თავისას გაიტანს ძალით კი არა სიმართლით (კურსივი ავტორის), იმ სიმართლით რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველივე ძალა, ადრე თუ გვიან, უსათუოდ დაილევა ან შეიმუსრება” – გვეუბნება ავტორი დეაკის სახელით და დასძენს: ამის დაფასება მარტო ბრძენს და შორს-მჭვრეტელს შეუძლიაო – პირველი კანონი. ამისთვის ყოველივე თავისუფლების, ან თვითმმართველობის მოპოვება შესაძლებელია არა სივაჟკაცით, არამედ ფარატინა ქაღალდით, პირობის წერილებით – მეორე კანონი. თუ კოკამ წყალი ერთხელ ვერ მოიტანა, ვერასდროს ვერ მოიტანს – მესამე კანონი. უკანასკნელის უსაფუძვლობა აშკარაა. ხოლო მეორე დასკვნა პირველის არის. ამიტომ ვნახოთ, რას წარმოადგენს პირველი “კანონი”. ეტყობა ავტორს არა აქვს გარკვეული სიმართლის და ძალის ურთიერთ შორის დამოკიდებულება. ჩვენ გავარკვევთ. ავიღოთ მაგალითები. საქართველოში გაბატონდა სელჩუკები, მათ შემოიტანეს თავისი “სიმართლე”, განაწესეს ახალი უფლებები, ახალი კანონები, გამოცეს ახალი ბრძანებები. ეს შედეგი იყო იმათი სიძლიერის და საქართველოს სისუსტის. ცოტა ხანს შემდეგ ქართველობამ ფეხი მოიმაგრა, მტერს შეებრძოლნენ და განდევნეს. მაშინ შემოიღეს თავისი, ქართული “სიმართლე”, ქართლი წესები. მაშასადამე ძალა შეიქმნა მიზეზად ახალი სიმართლისა.
როცა რუსეთს მონგოლები ფლობდენ, სამართალიც მონგოლური იყო, ხოლო როცა რუსეთმა ძალით განდევნა მტერი, სამართალიც რუსული დაარსდა. ავსტრიის კანონ-მდებლობა იყო სავალდებულო იტალიელთათვის, სანამ იტალია მის ხელ-ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო როცა გარიბალდიმ ხმლით გაათავისუფლა სამშობლო, სამართალიც იტალიელი შეოიღეს. საფრანგეთში 1789 წლამდის თავად-აზნაურული წყობილება არსებობდა, სამართალიც და კანონიც ფეოდალური იყო. ხოლო 1789 წ. სისხლის ღვრა მოდა, ამბოხება ატყდა, ძველი წყობილების წინააღმდეგ. მას შემდეგ კი ყველაფერი ძირეულად შეიცვალა: სიმართლეც, კანონ-მდებლობაც, უფლებები და სხ. უნგრეთის თვით მართველობაც შედეგი, თუმცა არა პირდაპირი, იყო უნგართა რევოლუციისა, სისხლის დანთხევისა, როგორც მოვიხსენიეთ ზევით. ერთი სიტყვით სიმართლეს ძალა მიუძღვის წინ. ამას გვიმტკიცებს მთელი წარსული ისტორია. როცა ბ-ნი ნიკოლაძე დაგვიარსებს ისეთ წყობილებას, სადაც სიმართლე თავის თავად გამეფდება, მაშინ ვირწმუნებთ და აღვიარებთ: სიმართლის აღსადგენად ძალა აღარ არის საჭირო-მეთქი. მანამდის კი ბ-ნ ნიკოლაძემ ჩვენ გვერწმუნოს.
მეოთხე კანონიც: ხუთ მილიონ ერს დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლიაო. ჩვენ თუმცა მომხრე ვართ ხალხთა შეერთების და კონფედერაციული ცხოვრების, მაგრამ როცა ეს ცხოვრება უმცრ-უფროსობაზე შენდება, მაშინ კი ბ-ნ ნიკოლაძისთვის დაგვითმია მისი მომხრეობა. მანამდის კი ვკითხავთ: ნეტავი თუ ყოფილა, ან არის ახლა იმისთანა ერი, რომელიც რიცხვით ხუთი მილიონი და კიდევ ნაკლებია, ხოლო პოლიტიკური ცხოვრებით დამოუკიდებელი?
აი, სწორედ ამ გვარი წერილები განავითარებს ეს გონებრივად და ზნეობრივ ძალას აუღორძინებს, აი!… იფ, დაუშვენდა თათქარიძეს აზრები და კალამი.
ნოე ჟორდანია