უმუშევრობის და სოციალურ დახმარებას ამერიკის მოქალაქეებიც იღებენ, თუმცა, მაქსიმუმ 5 წელი. არ შეიძლება, ეს დახმარება მუდმივი იყოს – ეკონომისტი

უმუშევრობისა და სოციალურ დახმარებას ამერიკის მოქალაქეებიც იღებენ, თუმცა, მაქსიმუმ 5 წელი. არ შეიძლება, ეს დახმარება მუდმივი იყოს, – ასე აფასებს ეკონომისტი ირაკლი მურცხვალაძე გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, 2026 წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების 300 ლარიანი პროგრამა ჩერდება.
როგორც ირაკლი მურცხვალაძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აღნიშნავს, დასაქმების კუთხით ეს პროგრამა კონტრპროდუქტიული იყო, ვინაიდან 300 ლარად ადამიანები რეალურ საქმეს კი არ აკეთებდნენ, არამედ, უბრალოდ გაფორმებულები იყვნენ სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებში და ფაქტობრივად, სოციალური დახმარების დანამატს იღებდნენ.
„აქ უფრო ფართო სურათს უნდა შევხედოთ და გავითვალისწინოთ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში – ჩვენ გვყავს 700 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებს. ეს არ არის პატარა რაოდენობა, როცა ვლაპარაკობთ ქვეყანაზე, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე ნაკლებია. ასევე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 13.5% შეადგენს. ეს რომ ადამიანების რაოდენობაში გადავიყვანოთ, ნიშნავს, რომ 300-350 ათასი ადამიანია უმუშევარი. ამ დროს ბიზნესიდან წამდაუწუმ ისმის, რომ არ ჰყოფნით სამუშაო ძალა, პრობლემაა კვალიფიციური კადრების დაქირავება და სამუშაო ძალის დეფიციტია ბაზარზე. მოკლედ, ქვეყანაში პარადოქსული სურათი იქმნება“, – ამბობს ირაკლი მურცხვალაძე.
ეკონომისტი საუბრობს იმაზეც, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქეები სამუშაოს საძიებლად ქვეყანას ტოვებენ, ჩვენთან იმავე მიზნით უცხოეთის უამრავი მოქალაქე შემოდის, რაც მისი შეფასებით, ასევე პარადოქსულია.
„ასეთი ტიპის დახმარებები მხოლოდ საქართველოში არ გაიცემა. მსგავსი პრაქტიკა აქვთ განვითარებულ ქვეყნებშიც, მათ შორის, ამერიკაშიც. მოდელი არის ასეთი: იქ უმუშევრობის დახმარებაც გაიცემა და სოციალური დახმარებაც, მაგრამ არის დროებითი – ადამიანს არ შეუძლია, ასეთი დახმარებით 5 წელზე მეტხანს ისარგებლოს. ნორმალურ სახელმწიფოებში ამას დროებითი ხასიათი აქვს, საქართველოში კი – მუდმივია“, – აცხადებს ირაკლი მურცხვალაძე.